სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა დაკარგა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე სხვა ეკლესიის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოიპოვებს ავტოკეფალიას. ამის შესახებ მან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"მინდა სრულიად საქართველოს მოვულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი - ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. თუ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ, დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინელი ერი. ალბათ, მათაც უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე სხვა მართლმადიდებლური ეკლესიისა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს 105 წელი შესრულდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებსაც განაგებს, ამ საკითხს ეწინააღმდეგება. საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.