“Z” - ცარიელი ადგილი ხელმოწერისთვის

“Z”(საფრანგეთი, ალჟირი, რეჟისორი კოსტა-გავრასი, 1969)

„ეგ ცარიელი ადგილია ხელმოწერისთვის. ყველას შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი კვალი და ასე მაინც გამოვხატოთ პროტესტი“, - აღნიშნა ბერძნული წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა კოსტა-გავრასმა თავისი შედევრის, „ზეტას“ ამერიკული პრემიერის წინ, როცა ჟურნალისტები ჩააცივდნენ კითხვით, კონკრეტულად ვის გულისხმობდა „ბატონ Z“-ში და არის თუ არა მართლაც საბერძნეთი ის „ქვეყანა Z“, სადაც ხდება ფილმის მოქმედება. რამდენიმე დღეში ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ ახალი ლაურეატები გამოაცხადა. ყველასათვის მოულოდნელად უცხოენოვან ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა, რომელიც „ოსკარზე“ ალჟირმა წარადგინა - კოსტა-გავრასის „ზეტამ“. მხოლოდ იმიტომ, რომ სურათის დიდი ნაწილი ალჟირშია გადაღებული, მოქმედება კი გამოგონილ ქვეყანაში ხდება, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ქვეყანა არა ალჟირი, არამედ კოსტა-გავრასის ისტორიული სამშობლო, საბერძნეთია და ისიც, რომ ფილმში საბერძნეთის ისტორიის ის ნაწყვეტი თამაშდება, როცა ქვეყანაში მზადდება ნიადაგი „შავი პოლკოვნიკების“ ხუნტის ხელისუფლებაში მოსასვლელად.

დღეს ეს ასო Z ლამის უკვე გაფორმდა როგორც პუტინის ფაშიზმის გამომხატველი სიმბოლო. თუმცა კოსტა-გავრასის პოლიტიკური ტრილერი სხვა ასოციაციებს ბადებს დღევანდელ რუსეთთან - თუნდაც ნემცოვის მკვლელობას გაგახსენებთ. მაგრამ რუსეთი იქით იყოს, პოლიტიკური კინოს ამ შედევრმა შეიძლება ჩვენი ქვეყანაც გაგახსენოთ, განსაკუთრებით, 5 ივლისის ამბები.

საბჭოთა რუსეთში „ზეტა“ ჯერ კიდევ გადაღებამდე აკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსტა-გავრასი მემარცხენე იყო და, თუ არ ვცდები, ერთხანს საფრანგეთის კომპარტიაშიც კი გაერთიანდა, იმის მიუხედავადაც, რომ მისი ადრეული ფილმი „ერთი კაცი ზედმეტია“ არა მარტო გამოუშვეს საბჭოთა კინოთეატრებში, არამედ წარმოგვიდგინეს, როგორც „პროგრესული ფრანგი რეჟისორის ანტიიმპერიალისტური შედევრი“, 1969 წელს, როცა კოსტა-გავრასმა „ზეტას“ გადაღება დაიწყო, სურათის ნახვა აქ შეუძლებელი იქნებოდა; საქმე ისაა, რომ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ივ მონტანი ასრულებს, ერთხანს „საბჭოთა ხალხის მეგობარი“, რომელმაც ღიად გააპროტესტა მოსკოვის ტანკების შესვლა პრაღაში, 1968 წელს. მას შემდეგ აქ ყველა ფილმი აიკრძალა ივ მონტანის მონაწილეობით.

„ზეტაში“ მონტანს ვიხილავთ მებრძოლი ლიბერალის როლში. რომელსაც ერთ-ერთი აქცია-შეკრების დროს კონტრაქციის ორგანიზატორი - მემარჯვენეები პროვოკაციას უწყობენ და ძალადობენ. პოლიცია კი უმოქმედოა. პოლიციას ეშინია და, როგორც შემდეგ ირკვევა, ფაქტობრივად „შეკრულია“ ამ ხალხთან. მერე იწყება გამოძიება და ფილმში მეორე მთავარი გმირი ჩნდება ჟან-ლუი ტრენტინიანის შესრულებით. შესაბამისად, იბადება პატარა იმედი, იმის განცდა, რომ წესიერი გამომძიებელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და დამნაშავეები დაისჯებიან. მაგრამ სასამართლო, როგორც დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონიც, სიყალბე აღმოჩნდება. მერე უკვე მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც აკრძალავს მოკლე კაბებს, გრძელ თმებს... დახურავს ოპოზიციურ მედიას და საპროტესტო აქციებსაც უკანონოდ გამოაცხადებს. ჰო, ესეც ნაცნობია - ლიბერალიზმსა და ლიბერალებს ქვეყნის მთავარ საშიშროებად გამოაცხადებს.

„ზეტა“ დღეს საერთოდ არ მოძველებულა. პირიქით, დრომ, ყველაფერმა იმან, რაც განვიცადეთ, რასაც განვიცდით და შესაძლოა იმანაც, რაც ჯერ კიდევ წინ გვაქვს, გააცოცხლა და გააღრმავა კოსტა-გავრასის პოლიტიკური სატირა და ფილმის შესანიშნავ ფინალს თუ გავიაზრებთ - თავისუფლებისა და სოლიდარობის ჰიმნი დაგვიტოვა. არც კოსტა-გავრასის რეჟისურა მოძველებულა - მისი ფილმის წყვეტილი მონტაჟი, რიტმის მუდმივი ცვლა, ფლეშბეკები (დიდი კომპოზიტორის, მიკის თეოდორაკისის საუნდტრეკით - დოლის ხმებით შექმნილი მუსიკალური „სასპენსით“). ამ რეჟისორისთვის დამახასიათებელი რაღაცნაირი „ჯიუტი“ მანიქეიზმი (კარგი ბიჭები „მარცხნივ“ და ცუდები „მარჯვნივ) ბევრს აღიზიანებს. თუმცა კოსტა-გავრასი ყველა ფილმში ხაზს უსვამს, რომ რადიკალი მემარცხენეები და რადიკალი მემარჯვენეები - ორივე ერთნაირად საშიშია საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის. „ზეტას“ მხატვრული ღირსება სწორედ განზოგადების ძალაა - საბოლოოდ აქ ის ხდება მთავარი, თუ როგორ უპირისპირდება პიროვნება სისტემას და როგორ შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს თავისი მოქალაქეების მანიპულაციას, თანაც ყველაზე ვულგარული, პრიმიტიული ხერხებით. ჟურნალისტი, რომელიც სიმართლეს იძიებდა, ცხადდება დამნაშავედ „სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლეობისთვის“. რაღაცას ხომ არ გაგონებთ? კოსტა-გავრასი იკვლევს ზოგადად ძალაუფლების და ტერორის მექანიზმებს. მერე რა, რომ რეჟისორი თავისი ისტორიული სამშობლოს ბედითაა შთაგონებული? (მისი მშობლები თავის დროზე დიქტატურას გამოექცნენ და თავი საფრანგეთს შეაფარეს). როცა ტერორი და დაშინება მართვის იარაღი ხდება, ქვეყანა უკვე ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცევა.

ჩვენთვის „ზეტას“ ისტორია დღეს განსხვავებულად იკითხება, ვიდრე 60-იანი წლების ბოლოს, როცა კოსტა-გავრასის ფილმის პრემიერა გაიმართა. მე პირადად 5 ივლისის ამბები და ლექსო ლაშქარავას მკვლელობა გამახსენდა და ისიც, როგორ ცდილობდა ხელისუფლება ლექსოს სიკვდილის ინტერპრეტაციას, ამ დანაშაულისგან გამიჯვნას. ტოტალიტარიზმის ფორმა, უფრო სწორად, ტოტალიტარიზმის „კონსტრუქცია“ ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. შეიძლება მოძალადეთა როლები იცვლებოდეს, შეიძლება ერთ ქვეყანაში ძალადობდნენ კომუნისტები, მეორეში კი - ანტიკომუნისტები, მაგრამ ძალადობის კონსტრუქციას ეს არ ცვლის. ისევე, როგორც ეს „Z“, ამდენი ინტერპრეტაცია რომ აქვს, შეიძლება იყოს უბრალოდ ერთი მშვენიერი ასო ლათინურ თუ ბერძნულ ანბანში (არა რუსულში), მაგრამ შეიძლება ბოროტებისა და ძალადობის სიმბოლოდ იქცეს.