რუსი მილიარდერები იმაზე გაცილებით მდიდრები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. თანხები კი საიმედოდ აქვთ დამალული.
56 წლის მეან-გინეკოლოგი საოდათ ნარზიევა უზბეკეთში ცხოვრობს. ქალაქ ტაშკენტის მეექვსე სამშობიაროში მთავარი ექიმის მოადგილეა. მის ფეისბუკზე ჩანს, რომ უმოგზაურია ვენეციაში, სარდინიაზე, დუბაიში. აქვს საკუთარი თვითმფრინავი და იახტა.
ეს გასაკვირი არაა, რადგან საოდათ ნარზიევას სახელზე 27 ანგარიშია გახსნილი შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში, Credit Suise-ში. ნაკლებად სავარაუდოა, ქალი იქ გინეკოლოგის ხელფასს რიცხავდეს. ის პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, მილიარდერის ალიშერ უსმანოვის დაა, - ამის შესახებ ვიგებთ OCCRP-ის, „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეპორტინგის პროექტის” ახალი გამოძიებიდან.
ჟურნალისტებმა მოიძიეს ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში მყოფი 11 ოლიგარქის საიდუმლო ქონებაზე, რომლის გაყინვაც დასავლეთმა ვერ მოახერხა.
სიაში მოხვდნენ: რომან აბრამოვიჩი, გენადი ტიმჩენკო, ოლეგ დერიპასკა, იგორ სეჩინი და სხვები.
ისინი ფლობენ: საბანკო ანგარიშებს, თვითმფრინავებს, სასახლეებს, ვილებს, ე.წ. სუპერიახტებს… ნაპოვნი აქტივების მთლიანი ღირებულებაა 17,5 მილიარდი დოლარი. ამ თანხის თითქმის ნახევარი, 8 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი, რომან აბრამოვიჩის მფლობელობაშია.
სულ ესაა? არაფერიც. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ 17 მილიარდი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქონების, რომელსაც ოლიგარქები მოხერხებულად მალავენ.
2020 წელს ორგანიზაცია Atlantic counsil-მა ივარაუდა, რომ „პუტინისა და მისი გარემოცვის შავი ფულის” რაოდენობა 1 ტრილიონ (თორმეტი ნოლი) დოლარზე მეტია, საიდანაც მეოთხედი თავად პუტინის „ანგარიშზეა”.
ფიცი მწამს, ბოლო არ მაკვირვებს
სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონების ახლობლებისთვის „გაზიარება” ნაცადი ხრიკია. Forbes-ის თანახმად, რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა, მილიადერმა ალექსეი მორდაშოვმა ოქროს მომპოვებელი კომპანიის, ნოდგოლდის მთელი წილი - თითქმის 1.1 მილიარდი დოლარი ცოლს გადაურიცხა.
თუმცა OCCRP წერს, რომ ქონების ახლობლების სახელზე გადაფორმება ყველაზე პრიმიტიული გზაა და ბევრი ოლიგარქი საკუთარ აქტივებს გაცილებით მოხერხებულად მალავს. ეს „ნიჭი” მათ ჯერ კიდევ 2014 წლიდან გამოიმუშავეს, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-მ და ევროკავშირმა მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს.
გამოცდილი იურისტებისა და ფინანსისტების მთელი ჯარი მალავს თანხებს საბანკო ანგარიშებსა და სპეციალურად შექმნილ შვილობილ კომპანიებში. შემდეგ მათთვისაც ქმნიან შვილობილ კომპანიებს და მათ ოფშორებში არეგისტრირებენ.
„შეიძლება ადვილი შესამჩნევია, რომ რუსი მილიარდერი ფლობს სასახლეს, ან იახტას, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია”, - ამბობს ჯოშ კირხენბაუმი, ჰერმან მარშალის ფონდიდან.
2017 წელს, ამერიკულმა ორგანიზაციამ, „ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ბიურომ” ივარაუდა, რომ რუსული ქონების სულ ცოტა 60% ოფშორებშია დამალული.
„მდიდარი რუსები უცხოეთში - დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, კვიპროსზე და მსგავს ოფშორულ ცენტრებში - იმაზე მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე რუსეთის მთელი მოსახლეობა”, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
“აზრზე არ არიან, რუსეთში საქმეები როგორ გვარდება”
რუსი ოლიგარქების ოფიციალური ქონება შედარებით „მოკრძალებულია”. 2021 წელს, ომის დაწყებამდე, რუსეთის უმდიდრესი ადამიანი. ალექსეი მორდაშოვი მსოფლიოს მილიარდერთა სიაში მხოლოდ 51-ე ადგილზე მოხვდა. მისი ქონება 29.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. (მაშინ, როდესაც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი 199 მილიარდს ფლობს). რუსეთის ყველაზე „შეძლებული” მოქალაქეების პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ: ვლადიმირ პოტანინი - 27 მილიარდი, ვლადიმირ ლისინი - 26.2 მილიარდი, ვაგიტ ალეკპეროვი - 24.9 და ლეონიდ მიხელსონი - 24.9.
მათი უმრავლესობა 90-იანი წლების დასაწყისში გამდიდრდა, სახელმწიფო კომპანიების და, როგორც მკვლევრები აცხადებენ, კორუფციის ხარჯზე. სანამ პუტინი დასავლეთს ლანძღავდა, ოლიგარქები კიდევ უფრო მდიდრებოდნენ, საკუთარ მილიარდებს კი თავიანთი „მარჩენლის” მიერ მოძულებულ ქვეყნებში აბანდებდნენ.
ახლა ოლიგარქები ზარალს ითვლიან. მაგალითად, გარდიანი წერს, რომ სანქციებამდე რომან აბრამოვიჩის ქონება დიდ ბრიტანეთში 1.4 მილიარდ გირვანქას (დაახლოებით, 1.85 მილიარდ დოლარს) შეადგენდა. სანქციების შემდეგ, აბრამოვიჩი 1.4 მილიარდი დოლარით გაღარიბდა.
პუტინის გარემოცვისთვის სანქციები დასავლეთმა იმ იმედითაც დააწესა, რომ უკმაყოფილო ოლიგარქები მას დაარწმუნებდნენ, შეეჩერებინა ომი უკრაინასთან.
„ვერ გადავარწმუნებთ”, - უთხრა ერთი კვირის წინ ალფა-ბანკის მფლობელმა, მილიარდერმა მიხაილ ფრიდმანმა ბლუმბერგის ჟურნალისტს. მისი თქმით, თუკი ევროკავშირში ვინმეს ჰგონია, რომ ოლიგარქებს ზეგავლენა აქვთ პუტინზე, „ისინი აზრზე არ არიან, რუსეთში საქმეები როგორ გვარდება”.
„თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შემიძლია პუტინთან მივიდე და გადავარწმუნო, და ამის იმედი აქვთ, მაგარ შარში ვართ”, - თქვა მიხაილ ფრიდმანმა.