ნატო უკრაინაზე: "ვაწვდით არსებით აღჭურვილობას... შევთანხმდით, გავაკეთოთ მეტი"
24 მარტს ნატოს სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინას ალიანსი დამატებით შეიარაღებას მიაწვდის რუსეთთან ეფექტიანი წინააღმდეგობის გასაწევად. რა შეიარაღებაზეა საუბარი, უცნობია.
უფრო მეტი და უფრო ქმედითი დახმარების თხოვნით გუშინ ნატოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დისტანციურად მიმართა:
„თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, 1%. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - თქვა ზელენსკიმ.
ნატოს ახალ დაპირებებს შორის სიახლეა ქიმიური და რადიაციული საფრთხეებისგან უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფა. რუსეთის აგრესიის ფონზე, მასობრივი განადგურების საფრთხეებისგან თავდაცვის გაძლიერებას აპირებს თავად ნატოც.
ალიანსმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არც ომში ჩაებმებიან და არც უკრაინის ცას ჩაკეტავენ, ისევ ესკალაციის საფრთხიდან გამომდინარე.
ყოველ ჯერზე, როცა ნატოელი მოკავშირეები, ესკალაციაზე აპელირებით, თავს იკავებდნენ უკრაინის ამა თუ იმ მოთხოვნის შესრულებზე, დამოუკიდებელი ექსპერტები თუ მედია აღნიშნავს, რომ ეს „პუტინის ბირთვული შანტაჟის“ შედეგია, რადგან ბირთვული იარაღის სროლის მუქარა უკვე არაერთხელ გაისმა კრემლიდან.
რა დახმარებას მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან? რა სჭირდება ყველაზე მეტად ახლა ამას და როგორ აპირებს ალიანსი საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ვითარება უკრაინაში: რუსეთმა და უკრაინამ პირველად გაცვალეს ტყვეები
ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე უკრაინამ და რუსეთმა პირველად გაცვალეს ტყვეები, სულ 40 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრზე, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მხარეებმა 10-10 სამხედრო გაცვალეს. ასევე მოხდა სამოქალაქო პირების გაცვლა. მათ შორისაა 19 მეზღვაური, რომლებიც რუსებმა კუნძულ ზმეინიზე აიყვანეს ტყვედ.
პარალელურად მარიუპოლის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა სამხედროებმა ძალით გაიყვანეს მარიუპოლის 6 ათასამდე მცხოვრები „საფილტრაციო ბანაკებში“, საიდანაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ანაწილებენ.
გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი „ორსკი“.
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში - განახლებადი ინფორმაცია
რუსეთი გაზის საფასურის გადახდას რუბლით ითხოვს - რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „არამეგობრულ ქვეყნებს“ გაზის საფასურის გადახდას რუბლებში მოსთხოვს. ევროპა ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტს იღებს რუსეთისგან და ამისთვის დღეში 200-დან 800 მილიონ ევრომდე იხდის. ამჟამად ბუნებრივი აირის თითქმის ყველა კონტრაქტი ევროსა და ამერიკულ დოლარშია გაფორმებული.
გუშინ კომპანია „Latvijas gāze"-ის ხელმძღვანელის აიგარს კალვიტისის განცხადებით, ლატვია რუსეთისგან გაზს რუბლით არ შეიძენს. მანაც კონტრაქტი მოიშველია, სადაც ანგარიშსწორება ევროშია მითითებული.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდერ ნიკოლოვმა კი განაცხადა, რომ რუბლებით ტრანზაქციებით უზრუნველყოფა სოფიას ხელეწიფება. „ჩვენ ყველა სახის უჩვეულო ქმედებებისთვის ვართ მზად. ასეთი სცენარი განვიხილეთ და არსებული კონტრაქტების პირობებში გადახდას არაფერი ემუქრება“, - თქვა მან.
თუ რუსეთმა ეს ცვლილება წარმატებით განახორციელა, მაშინ დოლარის როლი გლობალურ ვაჭრობაში შემცირდება და რუბლის - გაიზრდება. ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება აშშ-ის სესხისა და ფინანსირების ღირებულებებზე.
ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩადის
სამდღიანი ევროპული ვიზიტის ფარგლებში დღეს აშშ-ის პრეზიდენტს პოლონეთში ელოდებიან. უკრაინის მეზობელ ქვეყანაში ჯო ბაიდენის აქცენტი ლტოლვილების საკითხზე იქნება. ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდასაც შეხვდება.
გუშინ ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით აშშ უკრაინას 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ 1 მილიარდ დოლარზე მეტით დავაფინანსოთ ახალი ჰუმანიტარული დახმარება მათთვის, ვინც უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად დაზარალდა. ბევრი უკრაინელი ლტოლვილი მოისურვებს დარჩეს ევროპაში, საკუთარ სახლთან ახლოს. მაგრამ ჩვენ მივესალმებით აშშ-ში 100 000 უკრაინელს, განსაკუთრებული ყურადღება ოჯახების გაერთიანებას დაეთმობა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს სამიტის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ჯო ბაიდენი: ჩვენ პასუხს გავცემთ პუტინს, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
- აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო დუმას და მის დეპუტატთა კორპუსს
კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ამის შესახებ საუბარია მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" საჩივარს შეეხებოდა.
კომისიამ მიიჩნია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარს ვერ განიხილავდა, რადგან ეს თვითრეგულირების მექანიზმის სფეროს მიეკუთვნებოდა.
"კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება", - აღნიშნავენ კომისიაში.
Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილთან დავა წააგო და 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს
შვეიცარიის ბანკმა, Credit Suisse-მა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 500 მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლოში წააგო თავის ყოფილ ბანკირთან დაკავშირებული საქმე, - იტყობინება Financial Times-ი.
23 მარტის საღამოს Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან უნდა გადაიხადოს 500 მილიონ დოლარამდე თანხა, როცა ბერმუდის კუნძულების სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ფილიალის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებას მოელიან მომავალი კვირისთვის, მაგრამ საქმეში ჩახედული პირების თანახმად, საქმე ეხება ივანიშვილის საჩივარს და რომ სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ბანკი ადრე აცხადებდა, რომ ამ საქმეში „ყველა საჭირო იურიდიულ ზომებს მიმართავს“.
Financial Times-ის თანახმად, Credit Suisse-მა იანვარში გამოაცხადა, რომ 2021 წელს შექმნა 469 მილიონი დოლარის მოცულობის სარეზერვო ფონდი სასამართლო გარჩევებისთვის. მას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ერთი თვე ყველას ომში
უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შემაძრწუნებელი სიზუსტით შეუძლია გაიმეოროს თავისი საყვარელი ისტორიული პერსონაჟის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის სიტყვები:
„რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს - თავისი არმია და საზღვაო ფლოტი!“
მეტი მოკავშირე, თუ არ ჩავთვლით ლუკაშენკას ბელარუსს, ვლადიმირ პუტინს მართლაც არ ჰყავს. სხვა ამბავია, რომ ამ მოკავშირეების ეფექტიანობაც საეჭვო და სათუოა, რადგან რუსეთის არმიამ და სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ვერაფერი გააწყვეს ბევრად მცირერიცხოვანი უკრაინული არმიის, ტერიტორიული დაცვის რაზმებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.
რუსეთის ჯარი, დიდი დანაკარგების მიუხედავად, ერთი თვეა ვერ აღწევს დასახულ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნებს, თუმცა ომმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა დასუსტებული რუსეთის უკიდურესად საშიში სახე, რადგან თიხის ფეხებზე შემდგარმა გოლიათმა, რომელსაც ფილოსოფოსმა მიხაილ ეპშტეინმა შიზოფაშისტი უწოდა, შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგზე.
ამ ინტერვიუში ბექა კობახიძე გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს უკრაინის მომავლის, დასავლეთის სტრატეგიის, რუსეთის შესაძლო ნაბიჯებისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, ასევე ომის განვითარების სავარაუდო სცენარების შესახებ და აჯამებს უკრაინაში ომის ერთ თვეს. ომისა, რომელიც, მისი აზრით, მალე არ დასრულდება.