აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, ჰუმანიტარული დახმარების სახით, აშშ უკრაინას 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ 1 მილიარდ დოლარზე მეტით დავაფინანსოთ ახალი ჰუმანიტარული დახმარება მათთვის, ვინც უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად დაზარალდა. ბევრი უკრაინელი ლტოლვილი მოისურვებს დარჩეს ევროპაში, საკუთარ სახლთან ახლოს. მაგრამ ჩვენ მივესალმებით აშშ-ში 100 000 უკრაინელს, განსაკუთრებული ყურადღება ოჯახების გაერთიანებას დაეთმობა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს სამიტის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ, უკრაინისადმი დახმარების პარალელურად, აშშ და მისი მოკავშირეები უფრო აძლიერებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით.
სანქციების სიაში შედიან რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, როგორც ინსტიტუტი და ასევე 328 დეპუტატი.
სიაში, სხვათა შორის, ასევე არიან ბანკ „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, ასევე რუსეთის თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელები და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული კომპანია.