მარიუპოლის ხელისუფლების განცხადებით, რუს სამხედროებს ადგილობრივი მცხოვრებლები „საფილტრაციო ბანაკებში“ ძალით გადაჰყავთ

მარიუპოლის ხელისუფლების განცხადებით, რუს სამხედროებს ძალის გამოყენებით გადაჰყავთ ქალაქის ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები რუსეთში არსებულ „საფილტრაციო ბანაკებში“. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, იძულებით გაყვანას ძირითადად ექვემდებარებიან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლევობერეჟნის რაიონის მცხოვრებლები.

“მთლიანობაში უკანონო დეპორტაციას დაექვემდებარა დაახლოებით 15 ათასი მარიუპოლელი. ეს ლევობერეჟნის რაიონში აქამდე არსებული მთელი მოსახლეობის სადღაც ნახევარია“, - ნათქვამია ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში.


ადამიანებს „ულტიმატუმის ფორმით“ აიძულებენ ჩასხდნენ ავტობუსში, ართმევენ პასპორტებს და სხვა უკრაინულ დოკუმენტებს, შემდეგ კი გადაჰყავთ „საფილტრაციო ბანაკში“, საიდანაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ანაწილებენ, - ამტკიცებენ ქალაქ მარიუპოლის ხელისუფლებაში. მთლიანობაში, საქალაქო საბჭოს ცნობით, ასეთი მეთოდით რუსეთში დაახლოებით 6 000 ადამიანი გადაიყვანეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამ კვირაზე მეტია ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა 400 000-ზე მეტი ადამიანი.

მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სანაცვლოდ, ქალაქი უნდა დატოვონ უკრაინელმა სამხედროებმა.