ზელენსკი ნატოს: შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი ტანკების და თვითმფრინავების 1%

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს საგანგებო სხდომის მონაწილეებს მიმართა. კიევიდან დისტანციურად, ვიდეოზარის ფორმატით ჩართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ აქვს განცდა, რომ უკრაინა "რუხ ზონაში" იმყოფება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.

„დიახ, ეს მართალია, რომ ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში, არცერთ იმ 30 ქვეყანას შორის, რომლებიც საერთო დაცვის ქოლგის, მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშაა [ნატოს განაწესით კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ერთ ქვეყანაზე თავდასხმა, ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილება], ისეთი გრძნობაა, თითქოს ჩვენ რუხ ზონაში ვართ - დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას თქვენთან ერთად.“

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ უკრაინის თავზე ცის არასაფრენ ზონად გამოცხადების თხოვნით მიმართა ნატოს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ჩვენი ცის დახურვაში - ნებისმიერ ფორმატში დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ნათელი პასუხი არ მოგვისმენია. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, გაცილებით მცირეა მისი ავიაცია რუსეთთან შედარებით, ამიტომ მათი უპირატესობა ცაში, ეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, ნატოში ესმით რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და მეტად შორს წავა ნატოს აღმოსავლეთ წევრების მიმართულებით - ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მიმართულებით.

თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, 1%. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“.

ამასთან, ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა, აღარასოდეს გაუმეორონ, რომ უკრაინის არმია ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება.

გთხოვთ, არასდროს, არასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, ვაჩვენეთ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის მიცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

ზელენსკის არაფერი უთქვამს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით. ბოლოს მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ესმით, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მისწრაფებაა. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გაცხადებული არგუმენტი.

ნატოს სამიტის გარდა, დღეს ბრიუსელი ასევე უმასპინძლებს ევროკავშირის სამიტს, ასევე "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერების შეხვედრას. ზელენსკის თქმით, ეს სამიტები აჩვენებს, "ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და ვინ გაგვყიდა და გვიღალატა". უკრაინის ოფიციალური პირებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ნატოსა და ევროკავშირის წვერი ქვეყნები, მათ შორის გერმანია და უნგრეთი, მათი ძალიან ზომიერი პოზიციების გამო.