უკრაინის იმ ქალაქებიდან, რომლებიც ცეცხლის ქვეშაა, ობოლი ბავშვების ნაწილი მეზობელ ქვეყნებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. რამდენად შესაძლებელია მათი საქართველოში ჩამოყვანა? ობლების შვილად აყვანის სურვილი აქ ასობით ადამიანმა გამოთქვა.
„მე ვიშვილებ, დამიჯერეთ, ამით ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცემა“; „ავიყვან ერთ ბავშვს, ძმასავით მეყოლება“; „სამი შვილი მყავს, მაგრამ მაინც ვიშვილებ“... ასეთ პოსტებს წერდა ხალხი ფეისბუკზე.
უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა ამ მომენტში შეუძლებელია. ომის გამო უკრაინამ გაშვილების პროცესი დროებით შეაჩერა.
ჯერჯერობით არავინ იცის, უკრაინის რამდენი მოქალაქე დაიღუპა ომის პერიოდში და რამდენი ბავშვი დარჩა ობლად. ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ბაზის შექმნა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხერხდება. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ჰყავს თუ არა ბავშვს ნათესავები, რომლებსაც მისი შვილად აყვანის სურვილი ექნებათ. მხოლოდ მთელი რიგი პროცედურების გავლის მერე გადაწყდება, შეიძლება თუ არა კონკრეტული ბავშვის გაშვილება, მით უფრო - საზღვარგარეთ.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლისთვის ქვეყანაში ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების რაოდენობა 69 ათასი იყო. აქედან დიდ უმეტესობას, თითქმის 64 ათას პატარას ხელი მიუწვდებოდა ოჯახური ტიპის გარემოზე; 4 ათასი ინტერნატებში იყო გადანაწილებული, ათასზე მეტი კი - პროფესიულ დაწესებულებებში, სადაც სწავლობენ კიდეც.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს საიტზე ახლაც დევს გასაშვილებელი ბავშვების პროფაილები, მათ შორის მათიც, რომელთა შვილად აყვანა უკრაინის საზღვრებს მიღმა შეიძლება. მათი უმრავლეოსობა შშმ პირია.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბავშვთა სახლებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია დაიწყეს. 28 თებერვალს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა, რომ ბავშვები უკრაინიდან ჯგუფებად უნდა გავიდნენ. მინიმუმ ერთი თანმხლები 15 ბავშვზე, ხოლო თუ ბავშვები განსაკუთრებული საჭიროებების მქონეები არიან - ერთი თანხმლები ოთხ ბავშვზე.
ბი-ბი-სი წერს, რომ მხოლოდ ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით უკრაინის ბავშვთა სახლებიდან პოლონეთში 2 ათასი ბავშვი გაიყვანეს. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ობლებს ბავშვთა სახლებში ანაწილებენ.
„ომი არ არის მუდმივი. ბავშვის ინტერესებშია, არ მოშორდეს შეჩვეულ გარემოს, უკრაინის საზოგადოებას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს. საერთაშორისო გაშვილებაზე ფიქრს მხოლოდ მაშინ იწყებენ, თუ ეს ვერ ხერხდება, ისიც ჩვენი კანონმდებლობით. უკრაინული კანონებით როგორაა, ეს არ ვიცით. ის ოჯახები, რომლებიც ახლა ბავშვის აყვანის სურვილს გამოხატავენ, შესაძლებელია სულაც არ იყვნენ ამისთვის გამოსადეგი. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ბავშვი ერთ უბედურებას მოშორდეს და მეორეს გადაეყაროს“, - ამბობს ანა აბაშიძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.
ანა განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოების თანამშრომლობაა აუცილებელი. უკრაინას ბავშვებთან დაკავშირებით დახმარება თუ დასჭირდება, ის სავარაუდოდ საქართველოს ზრუნვის ორგანოებს მიმართავს და ამ დახმარებას ოფიციალურად ითხოვს.
„ჩემი ინფორმაციით, ეს ჯერ არ მომხდარა“, - ამბობს ანა აბაშიძე.
უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანას ისიც ართულებს, რომ უკრაინას ხელი არა აქვს მოწერილი კონვენციაზე „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბავშვები კი არ გააშვილოს, არამედ დაინტერესებულ ოჯახებს მინდობით აღზრდის უფლება მისცეს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბავშვის მოვლა-პატრონობის ხარჯს საკუთარ თავზე ოჯახი აიღებს, ამასთან, სახელმწიფო შეინარჩუნებს მონიტორინგის ფუნქციას. ეს შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც უკრაინა ობლად დარჩენილი და გასაშვილებელი ბავშვების ბაზას შექმნის. თავის მხრივ, საქართველოშიც უნდა არსებობდეს ბაზა იმ ოჯახებისა, რომლებსაც ასეთი ბავშვების მიღება შეუძლიათ.
„მიმღები ოჯახები უნდა ითვალისწინებდნენ… [რომ მათ დაეკისრებათ] სრულად უზრუნველყონ ბავშვის საცხოვრისი, კვება, განათლება, კულტურული ინტეგრაცია. ის, რაც აუცილებელი და საჭიროა ბავშვის სტაბილური განვითარებისათვის“, - ამბობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ლიზა ზუხბაია.
აღსანიშნავია, რომ ისეთი ოჯახები, სადაც მინდობით აღზრდაში ბავშვის მიცემა შეიძლება, საქართველოში დეფიციტია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ სერვისისთვის ოჯახს ყოველთვიურ გასამრჯელოს უხდის.
„საქართველოში მინდობით აღზრდის პროგრამა მუშაობს, მაგრამ ის არ არის პოპულარული. ოჯახებს ძირითადად მაინც უნდათ, რომ ბავშვი იშვილონ. [უკრაინელი ბავშვების] შვილად აყვანის - კი, მაგრამ მინდობით აღზრდის მსურველი არა მგონია, ბევრი გამოჩნდეს. უკრაინელი მოქალაქეების შეფარებაზეც თავიდან ბევრი გამოთქვამდა სურვილს, მაგრამ ომი რომ გაჭიანურდა, ენთუზიაზმმაც იკლო“, - ამბობს „ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ წამომადგენელი მაია მგელიაშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელსაც მზრუნველობისა და მეურვეობის სამმართველო ექვემდებარება, ამ თემაზე რადიო თავისუფლებას კომენტარი არ მისცეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 24 თებერვლიდან, უკრაინას ყოველდღიურად 75 000 ბავშვი ტოვებს. მათი ნაწილი მშობლებსა თუ ახლობელებს პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში მიჰყავთ. ასევე სხვა ქვეყნებში მიჰყავთ ობოლი ბავშვები ბავშვთა სახლებიდან, მაგრამ არა გაშვილების, არამედ დროებითი თავშესაფრის მიღების მიზნით. ასეთი თავშესაფრის ლტოლვილებისთვის შეთავაზება საქართველოსაც შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით ხელისუფლება არც ამაზე ამბობს რამეს.
„ახლა მთავარია, ბავშვები არ იყვნენ იქ, სადაც ბომბები ცვივა. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ჩვენც უნდა გავაკეთოთ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, გაშვილება ბავშვზე ზრუნვის ერთადერთი საშუალება სულაც არ არის“, - ამბობს ანა აბაშიძე.