22 მარტს საქართველოში ჩამოვიდა COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტის, „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია. კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ აბებს აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია გასული წლის 22 დეკემბერს მიანიჭა. მედიკამენტი ასევე აღიარებულია ევროპის წამლის სააგენტოს(EMA) მიერ და ის უკვე გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც მსოფლიოში პირველი, COVID19-ის სამკურნალო აბები მიიღო.
ვისთვის არის განკუთვნილი აბები? როგორ მიიღებენ მას კოვიდ-პაციენტები? როდიდან იქნება მედიკამენტი ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის? ეს და კიდევ სხვა კითხვები თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს დავუსვით.
რამდენიმე დეტალი „პაქსლოვიდის“ შესახებ
„ფაიზერის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორებს მიეკუთვნება. ანუ გამოიყენება იმ ფერმენტის დასათრგუნად, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. როგორც პრეპარატის შემქმნელები აცხადებენ, ამ ტიპის მედიკამენტები, როგორც წესი, ჩართულია აივ/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობის პროცესში.
კომპანია „ფაიზერის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, პაციენტებში, რომლებიც „პაქსლოვიდით“ მკურნალობდნენ, 89%-ით შემცირდა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. გარდა ამისა, პაციენტებს შორის, რომლებმაც „პაქსლოვიდით“ იმკურნალეს, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა. პლაცებოს ჯგუფში გარდაიცვალა 12 პაციენტი.
კვლევების პროცესში, ანტივირუსული აბებით უმკურნალეს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის 1200-მდე კოვიდ-პაციენტს, რომლებსაც ვირუსის დამძიმების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი მაინც ჰქონდა - მათ შორის, ასაკი და ჭარბი წონა.
უკანასკნელი მონაცემებით, მედიკამენტი ამავე ეფექტურობით მუშაობს „ომიკრონის“ წინააღმდეგაც.
„ეს გასაოცარი შედეგია“, - თქვა „ფაიზერის“ უფროსმა მეცნიერ მუშაკმა, მიქაელ დოლსტენმა მედიასთან საუბრისას. „ლაპარაკია, უამრავ გადარჩენილ სიცოცხლესა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციაზე. და რა თქმა უნდა, თუკი მედიკამენტს ინფიცირებიდან მალევე მიიღებს ადამიანი, მნიშვნელოვნად მცირდება ვირუსის გადადების რისკიც“, - ამბობს დოლსტენი.
„პაქსლოვიდი“ არ არის იაფი მედიკამენტი. კომპანია „ფაიზერის“ თანახმად, ერთი კურსის, ანუ, ერთი ადამიანის მკურნალობა დაახლოებით 530 დოლარი ჯდება. კომპანიის თანახმადვე, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებები აქვს 100-მდე ქვეყანას. მათივე განცხადებით, კომპანიას საშუალება აქვს, რომ 2022 წელს, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს მედიკამენტის 120 მილიონი დოზა (კურსი).
რადიო თავისუფლება: ვისთვის არის „პაქსლოვიდი“ განკუთვნილი? რა ტიპის კოვიდ-პაციენტებმა უნდა მიიღონ ის და არის თუ არა უკვე გაწერილი კონკრეტული პროტოკოლი, რომლის თანახმადაც პაციენტებს მედიკამენტი დაენიშნებათ?
თენგიზ ცერვცაძე: „პაქსლოვიდის“ აბები განკუთვნილია ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებისათვის, რომლებსაც ვირუსის გართულების თუნდაც ერთი რისკ-ფაქტორი აქვს. დიახ, პროტოკოლი უკვე მომზადებული გვაქვს და გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, სავარაუდოდ, ხვალ [24 მარტი რ.თ] უნდა დამტკიცდეს. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს და პაციენტებს, რომლებსაც, შესაძლოა დაენიშნოთ „პაქსლოვიდის“ მკურნალობის კურსი, ესენი არიან პაციენტები 65 წელს ზემოთ. გარდა ამისა, პაციენტები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ასევე, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა. ასევე პაციენტები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებათ სამი დღის განმავლობაში და სიცხე არ ექვემდებარება დამწევს.
რადიო თავისუფლება: ვინ განსაზღვრავს მედიკამენტის დანიშვნის საჭიროებას? ვიცით, რომ კოვიდ-პაციენტების მკურნალობა დისტანციურად ხორციელდება ოჯახის ექიმების მიერ. როგორ დაადგენს ექიმი, რომ პაციენტი ნამდვილად რისკ-ჯგუფშია? სავარაუდოდ, არსებობს ალბათობა, რომ პაციენტმა იმის შიშით, რომ ვირუსი არ გაურთულდეს, ექიმს მიაწოდოს მცდარი ინფორმაცია და უთხრას, რომ აქვს მაგალითად რაიმე ქრონიკული დაავადება?
თენგიზ ცერცვაძე: კი, ეს მართებული კითხვაა. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები. მაგრამ რა ვქნათ, იყოს ეს მინიმალური შემთხვევები. უკვე შემუშავებულია კონკრეტული კითხვარი, თუ როგორ უნდა განისაზღვრონ რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტები. 23 და 24 მარტს, ტარდება ოჯახის ექიმების ტრენინგი, რომლებიც თავის მხრივ, დაატრენინგებენ დანარჩენ ოჯახის ექიმებს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მედიკამენტის დანიშვნასთან დაკავშირებული ხარვეზები. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ „პაქსლოვიდი“ ყველას არ სჭირდება. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ვირუსის დამძიმების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის და წამლის ტყუილად დალევა აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის. ოჯახის ექიმებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ უკვე, რომ მიხვდნენ, ვის აქვს რეალურად დამძიმების რისკი და ვის არა.
რადიო თავისუფლება: როდის უნდა დაიწყოს პაციენტმა მედიკამენტის დალევა?
თენგიზ ცერცვაძე: „პაქსლოვიდის“ მიღება თავის მაქსიმალურ ეფექტიანობას აღწევს სიმპტომების დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში. ანუ, როგორც კი პაციენტს გამოუვლინდება სიმპტომები, მან დაუყოვნებლივ უნდა გაიკეთოს კოვიდ-ტესტი და დადასტურების შემთხვევაში, როდესაც მას დაუკავშირდება ოჯახის ექიმი, კონსულტაციისა და რისკ-ფაქტორების შეფასების შემდეგ, გადაწყდება წამლის დანიშვნა.
რადიო თავისუფლება: როგორ მიიღებს პაციენტი „პაქსლოვიდს“?
თენგიზ ცერცვაძე: ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. განიხილება ორი გზა. ერთი, რომ მედიკამენტი განაწილდეს კოვიდ-კლინიკებსა და ოჯახის ექიმებთან და საჭიროების შემთხვევაში, მათი გავლით გადაეცემათ მედიკამენტი პაციენტებს. და მეორე გზა, შესაძლოა, მედიკამენტები დასაწყობდეს აფთიაქებში და მისი გაცემა მოხდეს ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე. ეს საკითხი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ცხადია, მედიკამენტს პაციენტები უსასყიდლოდ მიიღებენ.
რადიო თავისუფლება: დღეში რამდენჯერ უნდა მიიღოს პაციენტმა „პაქსლოვიდი“?
თენგიზ ცერცვაძე: მედიკამენტი მიიღება დღეში ორჯერ, 12-საათიანი ინტერვალით, 5 დღის განმავლობაში და განკუთვნილია 12 წელს ზემოთ (40კგ+) პაციენტებისთვის. პაციენტმა ერთ დალევაზე 3 აბი უნდა დალიოს. ორი ვარდისფერი აბი და ერთიც თეთრი. ამ დეტალებს, ცხადია, თითოეულ პაციენტს ოჯახის ექიმი აუხსნის.
რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა რომ მედიკამენტი მიიღოს ორსულმა ან მედიკამენტი დანიშნული იყოს ძუძუთი კვების პერიოდში?
თენგიზ ცერცვაძე: ვიცით, რომ ორსულები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. თუმცა, „პაქსლოვიდის“ შემთხვევაში, ასეა მსოფლიოში და ჩვენც ასე ჩავწერეთ პროტოკოლში, რომ ვინაიდან, ჯერჯერობით ორსულებთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, არ შეიძლება დაზუსტებით ითქვას, არის თუ არა ეს მედიკამენტი 100 პროცენტით უსაფრთხო ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ამიტომ პროტოკოლში გაკეთდა ჩანაწერი, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა რისკისა და სარგებლის გათვალისწინებით. თუკი პაციენტის მდგომარეობა მძიმდება და ორსულის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, მაშინ, „პაქსლოვიდი“ ინიშნება.
რადიო თავისუფლება: აქვს თუ არა „პაქსლოვიდს“ გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგ ჩვენებები?
თენგიზ ცერცვაძე: რაიმე განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები არ ფიქსირდება. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. რაც შეეხება წინააღმდეგ ჩვენებებს, დიახ, მედიკამენტს აქვს რამდენიმე წინააღმდეგ ჩვენება. ეს არის თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომელიც ძალიან იშვიათია და ასევე დეკომპესირებული ღვიძლის ციროზი, რომელიც ასევე იშვიათობას წარმოადგენს. ასეთ დროს ავადმყოფებს ეს მედიკამენტი არ ენიშნებათ.
რადიო თავისუფლება: როდის იქნება მედიკამენტი ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის?
თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, რამდენიმე დღეში. როგორც უკვე გითხარით, დღეს და ხვალ ჩატარდება ოჯახის ექიმების ტრენინგი, გადაწყდება ლოგისტიკის საკითხი და ვფიქრობ, რომ ორშაბათს ანუ, 28 მარტს არ უნდა გადასცდეს.
რადიო თავისუფლება: რამდენი დოზა (კურსი) „პაქსლოვიდი“ შეიძინა საქართველომ? გვაქვს თუ არა საკმარისი მარაგი?
თენგიზ ცერცვაძე: ამ რიცხვის დასახელება არ შეგვიძლია, რადგან ეს მონაცემი ხელშეკრულების თანახმად ასე ვთქვათ, გასაიდუმლოებულია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ საკმარისი რაოდენობაა იმისათვის, რომ ვისაც სჭირდება, ყველამ მიიღოს. ჯერჯერობით, მედიკამენტის მხოლოდ პირველი პარტიაა შემოსული და ის ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემოტანილი მედიკამენტი უშუალოდ კომპანია „ფაიზერის“ მიერაა წარმოებული. როგორც ვიცით, ინდოეთმა შეიძინა ლიცენზია „პაქსლოვიდის“ ჯენერიკ ვერსიის წარმოებისთვის, თუმცა, საქართველოში შემოტანილი მედიკამენტი კონკრეტულად „ფაიზერის“ მიერაა გამოშვებული.
რადიო თავისუფლება: არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ „პაქსლოვიდთან“ ერთად კოვიდ-პაციენტი ვაქცინირებულიც იყოს? თუ მედიკამენტი ისეთივე ეფექტური იქნება არავაქცინირებული პაციენტებისთვის?
თენგიზ ცერცვაძე: „პაქსლოვიდი“ არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ვაქცინას. ეს მედიკამენტი არ გამოიყენება პრევენციისთვის და შესაბამისად, ის არანაირად არ ანაცვლებს ვაქცინას. არავინ ჩათვალოს, რომ აი, „პაქსლოვიდი“ გამოვიდა, აწი, თუ დამემართება კოვიდი, არაუშავს, დავლევ წამალს და მოვრჩები და ამიტომ ვაქცინა არ მჭირდება. არა! ვაქცინა ისევ რჩება პანდემიის დაძლევის ძირითად საშუალებად, უბრალოდ, „პაქსლოვიდი“ დაეხმარება ვაქცინას, რომ კოვიდ-პანდემია დასრულდეს. ანუ, ძირითადი აქცენტი, ცხადია, უნდა დარჩეს ვაქცინაციაზე. „პაქსლოვიდი“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც ვაქცინის ალტერნატივა. ის უნდა განვიხილოთ, როგორც ვაქცინაციის დამატება.