ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა ჰიპერბგერითი რაკეტები, რომელთა მოგერიება თითქმის შეუძლებელია.
21 მარტს, პრეზიდენტი ბაიდენი საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ელაპარაკა უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე. CNN-ის და Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ ელოდებოდა მის წინააღმდეგ ასეთ მასშტაბურ და ძლიერ ერთობას და კედელთან სულ უფრო მიმწყვდეულმა შესაძლოა, კიდევ უფრო სასტიკი ტაქტიკა აირჩიოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს და ამ ოპერაციას „ყალბი დროშით“ ჩაატარებს.
ასევე ნახეთ აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასრუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.
უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს.