მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვი ამბობს, რომ დაიღუპა 3 ათასზე მეტი ადამიანი. თუმცა, რადგანაც ბევრი ჯერაც ნანგრევებშია მოყოლილი, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი უნდა იყოს.
ნადეჟდა სუხორუკოვა მარიუპოლის ერთ-ერთი მკვიდრია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი ყოფა ერთი ხელის მოსმით შეიცვალა. ახლა უკვე აღარც სჯერა, რომ სადღაც ერთ თვის წინ სულ სხვანაირი ცხოვრება ჰქონდა.
„ვიცი, რომ სიკვდილისთვის ვარ განწირული, ეს დროის ამბავია. ამ ქალაქში ახლა ყველა სიკვდილს ელის. მხოლოდ იმას ვნატრობ, ის ძალიან სასტიკი არ იყოს. სამი დღის წინ ჩემი ძმისშვილის მეგობარი გვეწვია და მოგვიყვა, რომ სახანძრო განყოფილებას ესროლეს. რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმა, ერთ ქალს ხელ-ფეხი და თავი მოსძვრა. ვოცნებობ, ჩემი კიდურები ჩემთან დარჩეს, თუნდაც ბომბის აფეთების შემდეგ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია. თან სანამ ბრძოლაა, ვერავის დავმარხავთ, ასე გვითხრა პოლიციელმა, როდესაც ქუჩაში გამოვიჭირეთ და ვკითხეთ, რა ვუყოთ ჩვენი მეგობრის გარდაცვლილ ბებიასო. გვირჩია, აივანზე გაგვეტანა. ახლა ვფიქრობ, ნეტავ, კიდევ რამდენ აივანზე აწყვია ცხედრები.
მესამე სართულზე ვიღაცის სახეს ვხედავ... მეშინია ცოცხლების.
მთელი დღეა გარეთ ვარ და გარშემო სამარისებული სიჩუმეა. არც მანქანები, არც ხმები, არც ბავშვები, არც ძელსკამებზე ჩამომსხდარი ბებიები. ქარიც კი მკვდარივითაა. რამდენიმე კაცი ჩანს, სახლის გვერდით და მანქანების სადგომზე წვანან, ზედ ტანსაცმელი ახურავთ. არ ვიხედები იქითკენ, მეშინია, ვინმე ნაცნობი არ დავინახო“, - ნადეჟდა სუხორუკოვამ ეს თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, 20 მარტს.
ქალაქი მარიუპოლი ერთ-ერთია უკრაინის დიდი ქალაქებიდან. მისი მოსახლეობა 450 ათას ადამიანს ითვლის, უფრო სწორად, ითვლიდა. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, მარიუპოლის მცხოვრებლები სამშვიდობოს გასვლას ცდილობენ. ქალაქი დონეცკის რაიონში, აზოვის ზღვასთან მდებარეობს. ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობა ჭრელია. აქ ცხოვრობენ როგორც უკრაინელები, ასევე რუსები, ბერძნები, ებრაელები და ბელარუსები.
ომის დაწყების დღიდან მარიუპოლი, ისევე როგორც ხარკოვი, მუდმივად იბომბება. ხალხი სარდაფებსა და სხვა თავშესაფრებშია შეხიზნული, თუმცა, ხშირად ესეც ვერ შველის. მარიუპოლის თეატრს, რომელსაც ათასამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს, რამდენიმე დღის წინ ბომბი ესროლეს.
„ამ კვირაში, ღვთისმშობლის სახელის მატარებელი ქალაქი მარიუპოლი გახდა მოწამებრივი ქალაქი იმ სასტიკ ომში, რომელიც უკრაინას ანგრევს. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რამაც შეიძლება გაამართლოს ბავშვების, უდანაშაულო და უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული მკვლელობები“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს მარიუპოლს უკრაინისთვის? სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ მარიუპოლი რუსეთს ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის მის მიერვე აღიარებული სახელმწიფოების გასაერთიანებლად სჭირდება.
„აზოვის ზღვის სანაპირო ზოლს დაიკავებს. მარიუპოლი ზღვაზე გასასვლელი ქალაქია. ასევე რუსეთს უნდა ხერსონიც. ხერსონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წყლის გამო, ყირიმის ნახევარკუნძულზე წყალი უკრაინიდან შედიოდა და გამანაწილებელი ხერსონთან მდებარეობს. აი, ეს არის პუტინის ჩანაფიქრი, დაიკავოს ეს ტერიტორიები და შემდეგ გაყინოს კონფლიქტი. ახლა მას ლუგანსკსა და დონეცკთან სახმელეთო მისასვლელი არა აქვს“.
აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ მარიუპოლისთვის რუსეთიც გააგრძელებს ბრძოლას და უკრაინაც. მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა კი რუსეთის მხრიდან მცდელობაა, უკრაინელები მორალურად გატეხოს.
„ომის პირველი საათებიდან რუსეთი ჰუმანიტარული კორიდორებიდან იტაცებს მოსახლეობას, მიჰყავს სადღაც რუსეთის სიღრმეში, მათ დაკითხვებს უწყობენ და ზოგადად, როგორც მტრებს ისე ეპყრობიან. უკრაინელებისთვის ახლა ერთადერთი გამოსავალია, მთლიანად გაწმინდონ უკრაინის ტერიტორია რუსული ჯარისგან, სხვა გზა მათ არ დაუტოვეს. უკვე იმდენი სისხლია დაღვრილი, უკრაინელები არც გაჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან. იქ ცნობილი „აზოვის“ ბატალიონი იბრძვის“.
ბატალიონი „აზოვი“ 2014 წელს შეიქმნა და დღეს უკრაინის ეროვნული გვარდიის რიგებში ირიცხება. სპეციალური დანიშნულების ამ დანაყოფს, ბრძოლებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.
სულ ახლახან უკრაინამ უარი თქვა, შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სანაცვლოდ, ქალაქი უკრაინელმა სამხედროებმა უნდა დატოვონ.
„ვერანაირ ჩაბარებასა და იარაღის დაყრაზე საუბარი ვერ იქნება და ეს რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.
პირიქით, უკრაინა მოითხოვს, რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლის მშვიდობიანი მცხოვრებნი ზაპოროჟიეში გადაიყვანონ.
და ისევ ნადეჟდა სუხორუკოვას პოსტი ფეისბუკიდან:
„ხალხი მარიუპოლის სარდაფებში ზის. მათთვის ყოველდღე უფრო და უფრო რთულია გადარჩენა. არა აქვთ წყალი, საჭმელი, სინათლე, გარეთ გამოსვლაც არ შეუძლიათ გაუთავებელი სროლების გამო. მარიუპოლის მოქალაქეებმა უნდა იცოცხლონ. დაეხმარეთ მათ გამოსვლაში. ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ახლაც ხოცავენ“.