პრემიერი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს უკრაინაში ომის დროს გამართულ აქციებს მისი გადადგომის მოთხოვნით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს იმ მრავალათასიან აქციას თბილისში, რომლის მოთხოვნაც, რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო, საქართველოს პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა იყო. ამ საკითხზე პრემიერმა "ტელეიმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.

"სამწუხარო რეალობაა, მთელ მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლა არის უკრაინაში, არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მით უმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური - ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ჯარი დგას, ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა", - თქვა ღარიბაშვილმა.

"ტელეიმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, "გამოკითხულთა 63,5% გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვას იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომია".

ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მან საჯარო განცხადებაში თქვა, რომ "ეროვნული ინტერესების" გათვალისწინებით, არ დაუწესებდა საქართველო რუსეთს სანქციებს. იმ დღეს, ხალხის სიმრავლის გამო, რამდენიმეათასიანმა აქციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

უკრაინის რადის დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ, ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებების პასუხად უთხრა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.