ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანატოლი ბიბილოვის, ოკუპირებული რეგიონის მოქმედი ლიდერის პრესმდივანს, დინა გასიევას, საქართველოს მოქალაქეობა აქვს.
„შეკითხვა სამხრეთ ოსეთის КГБ-ს: როგორ აქვს КГБ-ს თანამშრომლის ცოლს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანს, გასიევას საქართველოს მოქალაქეობა? ხელში მიჭირავს ეს დოკუმენტი, ამიტომაც ვსაუბრობ თამამად, რომ ის საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადა კოკოითიმ.
Telegram-ის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოწმობს, თითქოს გასიევას საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ის, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან არის მოპოვებული. დოკუმენტი შეიცავს დინა გასიევას პერსონალურ საიდენტიფიკაციო ნომერს და სიტყვას „გაუქმებული“, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მას მოქალაქეობაზე ან პასპორტზე უარი ეთქვა.
ასევე ნახეთ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების მოხსნის გამო, ვითარება იძაბება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიკოკოითის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის ექვს დეპუტატს მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთიდან“, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ თანამშრომელს და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.
კოკოითის ფეისბუკის პირადი გვერდიდან უპასუხა დინა გასიევამ. მისი პასუხის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არასოდეს ჰქონია.
"საქართველოს მოქალაქეობა არასოდეს მიმიღია, არც მაქვს და არც არასდროს მქონია. ვარ ორი ქვეყნის - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე", - დაწერა გასიევამ და დაამატა, რომ "სწორედ ედუარდ ჯაბეევიჩ კოკოითმა მიმიღო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის პრესსამსახურში 2010 წელს".
რადიო თავისუფლება საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად. უწყებაში განაცხადეს, რომ "საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების საკითხი არის პერსონალური ინფორმაცია და სააგენტო, პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ვერ გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ".
ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, თუმცა ის ვერ მოხვდა იმ 5 კანდიდატს შორის, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა. სულ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის სურვილი 17 კანდიდატს ჰქონდა.
კოკოითი ოკუპირებულ რეგიონს 2001 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა, მისი ე.წ. პრეზიდენტობის დროს იყო 2008 წლის ომი. მან თანამდებობა 2011 წლის ზამთარში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დატოვა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის დანიშნული. ადგილობრივმა ცესკომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა არჩევნებიდან მოხსნილი ე.წ. კანდიდატები ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, თუ სამართალს სასამართლოში ვერ ნახავენ, მაშინ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა - როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად მაშინ კრემლმა თავისი მოქალაქეების დაცვაც დაასახელა. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთმა შექმნა სამხედრო ბაზა და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებასთან გააფორმა არაერთი ე.წ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, მათ შორისაა ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება. ოკუპირებული რეგიონიდან 2008 წელს ათობით ათასი ეთნიკურად ქართველი მოქალაქე იქცა დევნილად.