უკრაინაში გამოყენებული იქნა „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსული MiG-31 „კინჟალით“. სირია, 2021.

რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“, - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

18 მარტს რუსეთმა დაბომბა უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვოვი, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნეოდა ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ.

ქალაქი პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს - NATO-ს ზღურბლთან ძალიან ახლოს. თუ აქ თავდასხმები გაძლიერდება, ამას შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო შედეგები.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა „კინჟალის“ გამოყენება დაადასტურა.

„კინჟალი“ ანუ ხანჯალი პრეზიდენტმა პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა, როგორც რუსეთის უახლესი „იდეალური იარაღი“, რომელიც დაფრინავს ხმაზე 10-ჯერ უფრო სწრაფად და შეუძლია გადალახოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.