მათთან ერთად მებრძოლი მოხალისეების ინფორმაციით, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ ირპენთან ბრძოლაში სამხედრო ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორცნების ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.
"ირპენში წინა ფრონტზე იბრძოდა. დედა ესაუბრებოდა ხოლმე ტელეფონით და ამბობდა, რომ აქ იმდენ ბავშვს ხოცავენ და ისე იმეტებენ მშვიდობიან მოსახლეობას, სანამ ჩემს მისიას არ დავასრულებ, არ წამოვალ, არ დავიხევ უკანო. ომის დაწყებიდან ბოლო დღემდე წინა ხაზზე იდგა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა ქურდიანი, უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლის, დავით რატიანის ნათესავი.
ბიძამისი ირპენში ბრძოლისას დაიღუპა. ირპენი, ერთ-ერთი სტრატეგიული უკრაინული ქალაქი, 5 კილომეტრშია კიევიდან. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ამ ქალაქისთვის უკრაინულ და რუსულ არმიებს შორის განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო სწორედ ირპენში მოკლეს.
"ბოლოს 2 დღის წინ ვესაუბრეთ. ყველაფერი კარგად არისო, დაამშვიდა დედა. დათოს ვინც იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ ის ძალიან მეგობრული, ერთგული, კეთილშობილი, უბოროტო, უვაჟკაცესი და პატრიოტი ადამიანი იყო. როგორც კი ომი დაიწყო, მაშინვე წავიდა. მანამდე სპეცრაზმში მსახურობდა", - ამბობს ანა.
დაღუპულ 53 წლის მოხალისეს მეუღლე და 4 შვილი დარჩა, აქედან 2 მცირეწლოვანი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ცხედრის გადმოსვენებაზე ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია. ოჯახი ზარს სახელმწიფო უწყებებისგან ელოდება.
"ხომ იცი, ყველა ბრძოლას აზრი აქვს", - ბოლოს ეს მესიჯი გაუგზავნა უკრაინაში დაღუპულმა გია ბერიაშვილმა მეგობარს, ელენე ჩილინდრიშვილს. გიაც ირპენში დავითთან ერთად გუშინ დაიღუპა.
"ძალიან თბილი ადამიანი და ერთგული მეგობარი იყო. თავდადებული და თავისი სიტყვის პატრონი, პატრიოტი. ძალიან მწყდება გული, რომ გიას სახით ჩვენმა ქვეყანამ ერთი ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა", - ამბობს ელენე ჩილინდრიშვილი.
დაღუპული მოხალისის კიდევ ერთი მეგობარი და თანამებრძოლი შმაგი კოპაძე გვეუბნება, რომ გიას 1994 წლიდან იცნობდა. 28 წლის წინ ისინი მუხროვანის ბრიგადაში მსახურობდნენ. ამის შემდეგ მისი და გიას გზები 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გადაიკვეთა.
"მერე ევროპაში იყო წასული, მაგრამ როგორც კი გაიგო უკრაინის ამბები, გულმა ვერ მოუთმინა და საბრძოლველად წავიდა. ძალიან შეუპოვარი იყო. ზედმეტსახელად ბეროს ვეძახდით. გვიყვარდა ყველას", - გვითხრა შმაგიმ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც უკრაინაში თავადაც მოხალისედ იბრძვის, ირპენში მომხდარ ბრძოლაზე, ცოლის ფეისბუკის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია.
"გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი (ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრი) და გია ბერიაშვილი დაიღუპა.... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს. მშვიდობა და გამარჯვება მალე!"
დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა ფეისბუკპოსტში ისაუბრა. ბობროვნიკოვი ჰყვება, რომ ის დაღუპულ ქართველ მოხალისეებთან ერთად ერთ ოცეულში იმყოფებოდა.
"დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა მე, სიკვდილის შემდეგ, რაზეც დღეს დავწერე, მისი სახელის ხსენების გარეშე. დათომ თან წაიყოლა რამდენიმე ოკუპანტი. ტყვიამფრქვევიდან ისროდა. იცხოვრა გმირულად და გმირულად დაიღუპა: ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი დაზიანებული ჰქონდა, პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. დათო ადგილზე გარდაიცვალა. ის იყო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი.
დათო რატიანი მესტიელი სვანია, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და დაკარგა კიდევ ერთი სამშობლო, ავღანეთის ომის შემდეგ, თავის კიდევ ერთ ომში, აფხაზეთში...
ალბათ დათოზე დავწერ კიდევ, კაცზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა - სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დემარკაციის ხაზიდან მშობლიურ კიევამდე - ჩვენი გაცნობისა და ფრონტზე ერთობლივი გასვლების რამდენიმე თვის განმავლობაში..."
დავით რატიანზე კი ალექსეი ბობროვნიკოვი წერს:
"ამ დღიდან ყოველ წუთს მინდა შენგან გავიგო: "ალექს, ავტომატი გაწმინდე?", "ალექს, სროლისას დაღუპულ ქალზე წერენ, შვიდი შვილის დედაზე, წაიკითხე?", "ალექს, არის რაიმე სიახლე, როდის გავდივართ?"
დათო ბოლოჯერ საბრძოლველად გუშინ, დილის ხუთ საათზე წავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით.
ნაღმმა, რომელმაც ის მოკლა, როცა მტერმა ჩვენი ალყაში მოქცევა სცადა, ჯარისკაცი, რომელიც მას ზურგით გამოჰყავდა, კონტუზიაში ჩააგდო, მე კი ამცდა. როცა დაღუპულები გამოგვყავდა, ნაღმების წვიმა დაგვატეხეს თავს.
ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი იმ ტყიდან გამოვიყვანეთ, სადაც დაიღუპნენ.
მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი. მადლობა, რომ არსებობდი".
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველები უკრაინელების გვერდიგვერდ 2014 წლიდან იბრძვიან.
"ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, რომ დაგვიდექით გვერდში და ჩვენთან ერთად იცავთ ჩვენს სახელმწიფოს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი მეომრები ჩვენ გვერდით ჯერ კიდევ 2014 წლიდან იდგნენ. ჩვენ სულ ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას. მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენს მეგობრებს", - განაცხადა კასიანოვმა თბილისში უკრაინის საელჩოში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეებისთვის გმირის წოდების შესაძლო მინიჭებაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს ასე უპასუხა.
"გმირობაზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ აუცილებელია დეტალების გაცნობა. ვგულისხმობ ვინაობა და ასე შემდეგ. ამ ფონზე, როდესაც არ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ კონკრეტულ პიროვნებებზე, გასაგებია მიზეზები, რის გამოც ამაზე არ ვსაუბრობ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მსჯელობის გაგრძელება უბრალოდ უადგილოა. ეს ადამიანები ვინ არიან, ამაზე ვერ ვსაუბრობთ და ახლა ვისაუბროთ, მივანიჭოთ თუ არ მივანიჭოთ და შევაფასოთ პიროვნება, ხომ არ ივარგებს, არა? პიროვნება უნდა შეფასდეს".
საქართველოს მოქალაქეების ცხედრების სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
"საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები", - გვაცნობეს უწყებიდან.
ქართველი მოხალისეების გარდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ათასობით უცხოელი მოხალისე იბრძვის.
23-ე დღეა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო.
სამხედრო აგრესიას ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.
პუტინმა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.
რუსული ჯარი უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.