კიევი - ჟიტომირი - პოლონეთი - ქუთაისი - თბილისი - 11 წლის ტიმოფეიმ, დედასთან, მარიასთან ერთად გამოიარა ეს გზა, რომ რუსულ ბომბებს გამოჰქცეოდა და თავი უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა. ტიმოფეი და მარია თითქმის ორი კვირაა თბილისში, ნათესავის სახლში ცხოვრობენ.
ახლა ტიმოფეი თბილისის 72-ე საჯარო სკოლის რუსული სექტორის მეექვსე კლასის მოსწავლეა. სკოლაში მისულ ბიჭს მასწავლებლები და ახალი კლასელები ფერადი ბუშტებით, დროშებით და საჩუქრებით დახვდნენ.
ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი, ცრემლებიც კი ვერ შევიკავე, - გვიყვება ტიმოფეის დედა, მარია, რომელმაც უკრაინაში დატოვა ახლობლები, მეგობრები და არ იცის, როდის დაბრუნდება საკუთარ სამშობლოში, სახლში:
„სკოლაში რომ მივედით და ფოიეში ბავშვები, უკრაინის დროშები დავინახე, გული ამიჩუყდა. ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ ჩვენ გვხვდებოდნენ. მეგონა, რაღაც ღონისძიება იყო. არადა, თურმე ეს ყველაფერი ტიმოფეისთვის მოაწყვეს. ტიმოფეიც ძალიან გახარებულია. კლასელებიც მოეწონა და მასწავლებლებიც. ყველანი თბილად მექცევიან და მეფერებიანო. საბედნიეროდ, ტიმოფეიმ ვერ მოასწრო ბოლომდე გაეაზრებინა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. არადა, ჟიტომირიდან, ერთი ფეხით გამოვასწარით რუსულ ბომბებს. იმ დღეს რომ არ გამოვსულიყავით, სავარაუდოდ, იქ ჩავრჩებოდით. წამოსვლამდე, სულ გვესმოდა დაბომბვის ხმები, სახლის თავზე ვერტმფრენები დაფრინავდნენ. აფეთქებების ხმა სულ უფრო და უფრო ხშირი ხდებოდა. ბოლო ღამეს აღარ გვძინებია. ვფიქრობდით, რომ ბომბსაფარში ჩასვლა მოგვიწევდა და გადავწყვიტეთ, რომ სანამ ჯერ კიდევ იყო საშუალება, გავქცეულიყავით. პოლონეთის საზღვრისკენ წავედით. პოლონეთში რამდენიმე დღე დავყავით და შემდეგ უკვე საქართველოში, ჩვენს უკრაინელ ნათესავებთან წამოვედით, რომლებიც აქ უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ“.
ტიმოფეი, სავარაუდოდ, არ იქნება ერთადერთი უკრაინელი მოსწავლე, რომელსაც 72-ე სკოლა მიიღებს. სკოლის დირექტორი, მანანა კიკაჩეიშვილი გვეუბნება, რომ ტიმოფეის გარდა, სკოლაში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კიდევ ორი მოსწავლე ჩაირიცხება. მათ გარდა, 72-ე სკოლას 18 მარტს მიმართეს უკრაინის სხვა მოქალაქეებმაც, თუმცა ისინი შვილებისთვის უკრაინულ სკოლას ეძებდნენ:
„მართალია, დავიტოვეთ მათ შესახებ ინფორმაცია, მაგრამ გვკითხეს, უკრაინული სკოლა თუ არის თბილისში ან უკრაინულად თუ შეიძლება სადმე სწავლა, გვირჩევნია, იქ მივიყვანოთო. ჯერჯერობით თავი შეიკავეს სკოლაში ჩარიცხვისგან, მაგრამ გვითხრეს, რომ თუკი ვერ ნახავენ სკოლას, სადაც ბავშვები უკრაინულად სწავლას შეძლებენ, მაშინ ჩვენთან მოვლენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ უკრაინულად ვასწავლოთ. სკოლაში ორი სექტორი გვაქვს, ქართული და რუსული. 17 ეროვნების ბავშვი სწავლობს ჩვენთან და ისინი ამ ორ სექტორში არიან გადანაწილებულნი“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც 17 მარტს გამოქვეყნდა, უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების დამადასტურებელი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოსწავლეები ჩაირიცხებიან იმ კლასში, რომელშიც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ. ამისათვის მათ მხოლოდ განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. ეს რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ გავრცელდება.
18 მარტის საღამოს 5 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უკრაინიდან ჩამოსული 72 მოსწავლის უფლებამოსილმა პირმა მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლაში ჩარიცხვის განცხადებით. მათგან 38 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აწვდის:
„მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი აქტი უკრაინელი მოსწავლეების სკოლებში ჩარიცხვის გამარტივებული წესის შესახებ 17 მარტს გამოვიდა, მსურველთა რიცხვი უკვე შთამბეჭდავია და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მთავარია, რომ 2086 საჯარო სკოლა და 217 კერძო სკოლა, ანუ საქართველოს ყველა სკოლაა ამ პროცესში ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ძირითადად მიმართავენ ქართულ და რუსულ სექტორებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ენაზე შევთავაზოთ განათლების მიღება უკრაინულენოვან მოსწავლეებს. გარდა ამისა, დარეგისტრირდა ერთი უკრაინულენოვანი მოსწავლე, რომელსაც სურს, რომ განათლება ქართულად მიიღოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მას მოქნილ სასწავლო პროცესს შევთავაზებთ და სკოლას მოუწევს მასთან ინდივიდუალურად მუშაობა და ამისთვის მზად ვართ“.
თამარ მახარაშვილის თქმით, საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად ჩაერთვება ასევე მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქო-სოციალური კონსულტაციის ცენტრიც:
„ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ათობით ზარია უკვე დაფიქსირებული. ცენტრი ამ შემთხვევაში მოქნილი სისტემით იმუშავებს. რისი საჭიროებაც იქნება, იმ საჭიროებაზე გადავეწყობით, სულ რომ სკოლაში, ადგილზე გახდეს საჭირო მისვლა, ამას ყველაფერს გავაკეთებთ“.
ვალენტინა მარჯანიშვილი წლებია საქართველოში ცხოვრობს. ის ახლა მოხალისედ მუშაობს და უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს დაბინავებასა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ ეტაპზე, თავს არიდებს ბავშვების რუსულ სკოლებში შეყვანას, რადგან შიშობენ, რომ გარდა ენობრივი ბარიერისა, იქ მათ შესაძლოა, სხვა ტიპის დისკომფორტიც შეექმნათ.
ვალენტინა იმასაც ამბობს, რომ გარდა ოფიციალურად გამოცემული ბრძანებებისა, კარგი იქნება, თუკი მთავრობა, უფრო ზუსტად კი კონკრეტული უწყებები, მეტად იქნებიან ჩართულნი უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაში, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, ამ ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში უნდა დავეხმაროთ. გუშინ ვნახე ოჯახი, რომლებმაც რამდენიმე დღე გაატარეს ბომბსაფარში. ისინი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში არიან. ამიტომ მათ დამატებითი სტრესი აღარ უნდა შევუქმნათ. იგივე, სკოლებისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებითაც, მხოლოდ ბრძანებების გამოცემა არ შველის საქმეს. გარდა ამისა, მართალია სახელმწიფომ გამოყო გარკვეული ტერიტორიები, სადაც უკრაინიდან ჩამოსული ადამიანები დაბინავდებიან, მაგრამ მხოლოდ დაბინავება არ არის საკმარისი. ეს ადამიანები ჩამოდიან საქართველოში და არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, რა სერვისების მიღება შეუძლიათ, სად მივიდნენ, ვისთან მივიდნენ. იქნებ ბუკლეტებს მაინც ურიგებდნენ იმის შესახებ, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, სად უნდა მივიდნენ, ვის მიმართონ. მათ ამ ინფორმაციას აეროპორტშივე უნდა აწვდიდნენ. რომ არა უკრაინელი და ქართველი მოხალისეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მათ ამის შესახებ არაფერი ეცოდინებოდათ“.
ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან, ანუ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოში უკრაინიდან დაახლოებით 4 ათასიდან 6 ათასამდე ადამიანია ჩამოსული. ვალენტინა ამბობს, რომ მათი დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველები არიან და შესაბამისად, აქვთ საშუალება, რომ ნათესავებს შეაფარონ თავი. თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ხელისუფლებამ კონკრეტული და უფრო მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას მათ დასახმარებლად.
ერთ-ერთ მექანიზმს, რომელსაც ვალენტინა მარჯანიშვილი უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეების დახმარების პროცესში ყველაზე გამართულ მექანიზმად მიიჩნევს, ეს არის თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უკრაინული სათვისტომოსა და მოხალისეების შუამავლობით კონკრეტული საჭიროებებისა თუ პრობლემების მოგვარების პროცესშია ჩართული.
გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალაქის გამგეობები ფლობენ ინფორმაციას ოჯახებში, ინდივიდუალურად დაბინავებული უკრაინის მოქალაქეების შესახებ და მათ საჭიროებებს სწორედ ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოსა და მოხალისეების მედიატორობით ეცნობიან და შემდეგ უკვე პრობლემების გადაჭრას ცდილობენ:
„ჩვენ კარგად ვიყენებთ სწორედ ამ ფორმატს. საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოში, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინის დიასპორაცაა წარმოდგენილი, ვთხოვეთ სათვისტომოს და მათთან კოორდინაციით შევქმენით ეს ფორმატი. მინდა გითხრათ, რომ ამან ძალიან გაამართლა, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად ვიღებთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. სახელმწიფოს მხრიდან, ცენტრალიზებულად, მთავარი სერვისები დალაგებული და გადაწყვეტილია, იქნება ეს უფასო ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, მაგრამ არსებობს ყოველდღიური ტექნიკური პრობლემებიც, ისეთი საჭიროებები, როგორიცაა თუნდაც მაგალითად, ელემენტარულად ინფორმაციის მიწოდება, სად და რა სერვისების მიღება შეუძლიათ მათ და ამ პროცესში უკვე ძალიან ეფექტურად გვეხმარებიან სათვისტომოს წარმომადგენლები, მოხალისეები“.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, ანუ 24 თებერვლიდან დღემდე, ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
გაეროს მონაცემებით, ყველაზე მეტმა ადამიანმა უკრაინა პოლონეთის საზღვრის გავლით დატოვა. უკრაინიდან პოლონეთში გადასული ადამიანების რიცხვი, გაეროს ცნობით, 1.7 მილიონს აღწევს.