ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების მოხსნის გამო, ვითარება იძაბება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, 17 კანდიდატიდან მხოლოდ 5 დაუშვეს. ცხინვალელი ანალიტიკოსები ამას აბსოლუტურ ანტირეკორდს უწოდებენ და ეჭვი არ ეპარებათ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებში.

ოკუპირებული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ესენი არიან: ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი, დე ფაქტო საპარლამენტო ფრაქციის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი გარი მულდაროვი და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პლიევი. მოხსნილი კანდიდატების შესახებ კი დე ფაქტო ცენტრალურმა კომისიამ განაცხადა, რომ მათ დარღვევები ჰქონდათ მხარდამჭერთა სიებში. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატებმა 3500-კაციანი ხელმომწერთა სია წარუდგინეს კომისიას. ცხინვალელი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვითარება ადგილზე იძაბება.

„ნორმალური არ არის, როცა ჩვიდმეტი კანდიდატიდან თორმეტი ამა თუ იმ საბაბით იხსნება არჩევნებიდან. ეს არ არის ნორმალური! ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ გვაქვს არეულობა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით - არ შეიძლება, რომ წარდგენილი ჩვიდმეტი კანდიდატიდან თორმეტი ამოღებული იყოს არჩევნებიდან. ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არავის მოუწოდებია, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს კანდიდატების მოხსნის მიზეზი - პირველ რიგში, დავით სანაკოევი (ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი) და იბრაგიმ გასეევი (ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი ორი კვირის წინ თანამდებობიდან მოხსნა ბიბილოვმა). ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ 3500 ამომრჩევლის ხელმოწერა ვერ შეაგროვეს. ეს სისულელეა. საინტერესოა ასევე, რატომ მოხსნეს კომუნისტური პარტიის კანდიდატი თაიმურაზ ტადტაევი?“

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აზრით, ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი ორი მიზეზის გამო მოხსნეს არჩევნებიდან. პირველი - ის იმავე ამომრჩეველს იმხრობდა და მათზე მუშაობდა, რომელსაც თავად ანატოლი ბიბილოვი და, მეორე - კრემლში და განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო წრეებში გასეევსაც ჰყავდა

მხარდამჭერები, ამიტომ ბიბილოვს ამის შეეშინდა ყველაზე მეტად. ექსპერტების აზრით, გასეევის არჩევნებიდან მოხსნაში პოზიტიური მომენტი ისაა, რომ მანამდე ოპოზიცია მას ბიბილოვის მიერ ვიზამიცემულ ტექნიკურ კანდიდატად განიხილავდა. ახლა კი დარწმუნდნენ, რომ მას კავშირი აღარ აქვს დე ფაქტო პრეზიდენტთან.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო იმასაც ამბობს, რომ დე ფაქტო ექსპრეზიდენტის ედუარდ კოკოითის და იბრაგიმ გასეევის შტაბების წევრებმა ერთობლივ კოორდინირებულ ქმედებებზე მოლაპარაკება დაიწყეს. გასეევი კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის დროსაც ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით სანაკოევის არჩევნებიდან მოხსნას კი, ექსპერტები გარდა პოლიტიკური მოტივებისა, სხვა რაციონალურ ახსნას ვერ უძებნიან. მათი აზრით, ბიბილოვი უბრალოდ ოპოზიციონერი კანდიდატების რაოდენობის შემცირებას ცდილობს, რათა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმების მობილიზებას ხელი შეუძალოს.

„ეს არის პრეზიდენტის პირადი შურისძიება, მისი შურისძიება სანაკოევის მიმართ, რომელიც ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახს პირველსავე დღეებში გვერდში დაუდგა“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი.

თუმცა ე.წ. არჩევნებზე დაშვებული 5 კანდიდატიდან 4 ოპოზიციონერია. პოლიტოლოგი გობოზოვი ფიქრობს, რომ არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატები თავიანთ უფლებებს საპროტესტო აქციებით დაიცავენ. მისი აზრით, ეს არ არის პირადი ამბიციები, ყველა ხვდება, რომ ვითარება შესაცვლელია.

ვითარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კი წუხელვე დაიძაბა, როცა ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატები მივიდნენ. მათ შორის იყო დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. „რაც ახლა აქ ხდება, უკანონობის მეტს ვერაფერს ვუწოდებთ! რა სახის ლეგიტიმურ არჩევნებზე შეიძლება ვისაუბროთ ამის შემდეგ? ყველას მოვუწოდებ სიმშვიდის შენარჩუნებას და მოქმედ პრეზიდენტს ვურჩევ - არ გამოსცადო ხალხის მოთმინება! ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, დაარღვიოს ხალხის კონსტიტუციური უფლება!“ - დაწერა კოკოითიმ Telegram-ის არხზე.

დღეს კი დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დე ფაქტო კაგებე შევიდა. ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს, წუხანდელი ინციდენტის შემდეგ, კომისიის წევრმა იგორ კოჩიევმა მიმართა და ერთ-ერთი კანდიდატის საბუთების დაკარგვის შესახებ აცნობა. კანდიდატის ვინაობა არ სახელდება.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მათ დაიწყეს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება, მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერთა სიას რამდენიმე ფურცელი აკლია.

„16 მარტს კომისიას დაუკავშირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც გვაცნობა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერთა სიიდან ფურცლების გაქრობის შესახებ. ამ განცხადების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-მ დაიწყო წინასაგამოძიებო შემოწმება, რომლის დროსაც ცესკოს ოფიციალური დოკუმენტაციის ნაწილის ამოღება მოხდა“, - აცხადებენ კაგებეში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის დანიშნული. ადგილობრივმა ცესკომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა არჩევნებიდან მოხსნილი ე.წ. კანდიდატები ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, თუ სამართალს სასამართლოში ვერ ნახავენ, მაშინ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.