რა არის „დელტაკრონი“ და რას უნდა ველოდოთ მისგან?

უკანასკნელი დღეებია მეცნიერები ალაპარაკდნენ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ. ეს არის კორონავირუსის შტამების, „ომიკრონისა“ და „დელტას“ ჰიბრიდი, რომელიც უკვე დადასტურდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ამერიკასა და ბრაზილიაში. მას პირობითად უკვე მიენიჭა „დელტაკრონის“ ან „დელტამიკრონის“ სახელიც.

COVID19-ის ახალი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ცნობა დაადასტურა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც. ამ ეტაპზე, ორგანიზაციამ „დელტაკრონს“ COVID19-ის მეთვალყურეობის სამი კატეგორიიდან ყველაზე დაბალი, „ვარიანტი მონიტორინგის ქვეშ“ კატეგორია მიანიჭა.

„დელტაკრონს“ მაშინ შეეცვლება კატეგორია და გადაინაცვლებს „ინტერესის“ კატეგორიაში, თუკი ის გამოავლენს გავრცელების მაღალ მაჩვენებელსა და დაავადების მძიმედ მიმდინარეობის ხასიათს.

ამ დროისათვის, პირველ კატეგორიად, ანუ „შეშფოთების ვარიანტად“ მიჩნეულია COVID19-ის შტამები - „დელტა“ და „ომიკრონი“. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში „დელტა“ ვარიანტი სრულად ჩაანაცვლა „ომიკრონმა“, რომელსაც გავრცელების უსწრაფესი უნარი აქვს, თუმცა, "დელტასგან" განსხვავებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.

9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, WHO-ს წარმომადგენელმა COVID19-ის საკითხებში, მარია ვან კერხოვამ განაცხადა, რომ „დელტაკრონის“ შემთხვევები დაფიქსირდა დანიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა „ძალიან მცირეა“.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „დელტაკრონის“ შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთშიც. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKSHA) ცნობით, ქვეყანაში „დელტაკრონის“ 30-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

16 მარტის მონაცემებით, „დელტაკრონის“ 36 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში, 8 დანიაში, თითო-თითო კი გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში. გენეტიკური სექვენირების კომპანიის Helix-ის ცნობით, ორი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ში. ასევე 16 მარტს, ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „დელტაკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა.

რა არის „დელტაკრონი“?

„დელტაკრონის“ შესახებ ცნობები ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა ლეონდიოს კოსტრიკისმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა აღმოაჩინა COVID19-ის ახალი შტამი, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს მის წინამორბედ ვარიანტებს, დელტასა და ომიკრონს.

მაშინ პროფესორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შტამის 25 შემთხვევა დაფიქსირდა და „დელტაკრონის“ სექვენირებული ნიმუშები ვირუსის ცვლილებათა შემსწავლელ საერთაშორისო ბაზას, GISAID-ს გადაეგზავნა.

იანვრის დასაწყისში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ „დელტაკრონი“ ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც ადამიანები კორონავირუსის ორი შტამით, "დელტა" შტამითა და "ომიკრონით" ერთდროულად ავადდებოდნენ. თუმცა, თებერვალში, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიის მეცნიერმა, სკოტ ნგაიენმა კორონავირუსის გენომის შემსწავლელ საერთაშორისო ბაზაში ატვირთული მონაცემები შეისწავლა, აღმოაჩინა, რომ მეცნიერთა ეს დასკვნა მცდარი იყო. მან აღმოაჩინა, რომ თითოეული ნიმუში კორონავირუსის ორი ვარიანტის გენომის კომბინაციას ატარებდა. მეცნიერები ამას რეკომბინანტებს უწოდებენ.

ორმაგი გადამოწმების შემდეგ, უკვე ფრანგმა ვირუსოლოგმა, პარიზში, პასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეტიენ სიმონ-ლორიერმაც დაადასტურა, რომ საქმე არა კორონავირუსის ერთდროულად ორი შტამით ინფიცირებასთან, არამედ ახალ შტამთან ჰქონდათ.

მას შემდეგ, ფრანგმა ვირუსოლოგებმა რეკომბინანტი ვირუსის კიდევ რამდენიმე ნიმუში აღმოაჩინეს. პასტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რეკომბინანტის პირველი გენომის შესახებ ინფორმაცია 8 მარტს გამოაქვეყნეს ვირუსის ცვლილებათა შემსწავლელ საერთაშორისო პორტალ GISAID-ზე და დაწერეს, რომ საფრანგეთში დადასტურდა AY.4/BA.1 რეკომბინანტის პირველი შემთხვევა. პუბლიკაციის თანახმადვე, რეკომბინანტი ვირუსი საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ცირკულირებს. მათვე ცნობით, ანალოგიური პროფილის გენომი იქნა იდენტიფიცირებული დანიასა და ჰოლანდიაშიც.

საშიშია „დელტაკრონი“?

„დელტაკრონი“ თავის თავში აერთიანებს „ომიკრონის“ სპაიკ პროტეინს, რომელიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევაზეა პასუხისმგებელი და ასევე „დელტას“ გენომს, სტრუქტურას.

ჯერემი კამილი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი და იმუნილოგი, აი ასე აღწერს „დელტაკრონს“: „დელტამ“, ფაქტობრივად მოიპარა „ომიკრონის“ სპაიკ ცილა“.

სპაიკ პროტეინი იმ ანტისხეულების მთავარი სამიზნეა, რომლებიც გადატანილი ვირუსის ან ვაქცინის შედეგად რჩება ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ მეცნიერების ვარაუდით, იმუნიტეტი, რომელიც ადამიანებმა უკვე გამოიმუშავეს ან გადატანილი ინფექციისა და ან ვაქცინაციის შედეგად, იმუშავებს ახალი რეკომბინანტის შემთხვევაშიც: „ვირუსის ზედაპირი ძალიან ჰგავს "ომიკრონს", ასე რომ ის ისევე აღიქვამს მას, როგორც ომიკრონს“, - ამბობს ექიმი სიმონ-ლორიერი.

მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ „დელტაკრონი“, ისევე როგორც "ომიკრონი", ნაკლებად გამოიწვევს მძიმედ მიმდინარე ავადობას.

„ომიკრონის“ შემთხვევაში, მართალია ვირუსი ადვილად აღწევს ცხვირსა და ზედა სასუნთქ გზებში, თუმცა, მას ნაკლები უნარი აქვს ჩააღწიოს ფილტვებამდე, რაც ადამიანის დამძიმებას იწვევს. მეცნიერები თვლიან, რომ ახალი რეკომბინანტიც ასეთი მიმდინარეობით უნდა ხასიათდებოდეს.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე, COVID19-ის რეკომბინანტი უკიდურესად იშვიათი მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ ის იანვრის დასაწყისში უკვე არსებობდა, მან ვერ მოახერხა ფართოდ გავრცელება.

ექიმი სიმონ-ლორიერი ასევე თვლის, რომ რეკომბინანტის გენომი ვერ გახდება პანდემიის ახალი ფაზის დასაწყისი.

გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს:

თენგიზ ცერცვაძე

„რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს როგორც "ომიკრონი", ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება. ეს არის ჰიბრიდი "დელტასი" და "ომიკრონის". კერძოდ, მას აქვს "ომიკრონის" ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად გავრცელების სიჩქარეზე. ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცილები მას აქვს "დელტასგან", ასე რომ ამ სტრუქტურის ვარაუდით, შესაძლოა ამ შტამს ჰქონდეს "ომიკრონის" გავრცელების უნარი, გადამდებლობა და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით კი კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი:

თამარ გაბუნია

„ამ ეტაპზე, მთელი ყურადღება კვლავაც „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციაზეა. ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ბუნებრივია, ჩვენ ამ დროისთვის არ გაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე ან საერთოდ შეიძლება თუ არა გვქონდეს საქმე ახალ შტამთან. ამიტომ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზეა“

იმუშავებს ვაქცინა „დელტაკრონის“ წინააღმდეგ?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, ჯერჯერობით, შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დროისათვის, მსოფლიოს მოსახლეობას როგორც „დელტას“, ისე „ომიკრონის“ წინააღმდეგ საკმარისი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. ამიტომ მიაჩნიათ, რომ „დელტაკრონი“ დღეს არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული ვერ იქნება.

ანუ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვაქცინები ისევე იმუშავებს „დელტაკრონის“ წინააღმდეგ, როგორც მისი წინამორბედების შემთხვევაში.

„ომიკრონმა“ აჩვენა, რომ მას აქვს კარგი უნარი დაუსხლტეს ორჯერ ვაქცინირებული ადამიანების იმუნიტეტს და დააინფიციროს ისინი. თუმცა ამ შემთხვევაში, ვირუსის მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქია, ვიდრე აუცრელ ადამიანებში. კიდევ უფრო მეტ დაცვას გამოიმუშავებენ ისინი, ვისაც ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული - ინფიცირების შემთხვევაში, უკიდურესად მცირდება ვირუსის გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი.

რა ხდება მსოფლიოში „დელტაკრონს“ მიღმა?

COVID19-ის თითქმის ერთთვიანი უკან დახევის შემდეგ, როგორც ჩანს, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება დაიწყო. ამის პირველი ნიშნები ბოლო ერთი კვირაა გამოჩნდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა კვირისგან განსხვავებით, 8%-ითაა გაზრდილი მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 11 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 43 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. იანვრის შემდეგ, ეს არის ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი რიცხვი.

ამ მხრივ, ყველაზე მეტად დაზარალდა სამხრეთ კორეა და ჩინეთი, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები 25%-ითაა გაზრდილი, გარდაცვალების კი 27%-ით.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 12%-ითაა გაზრდილია აფრიკის კონტინენტზეც. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, წინა კვირებთან შედარებით ის აფრიკაში 14%-ითაა მომატებული. WHO-ს მონაცემებით, ახალი შემთხვევების რიცხვი 2%-ით გაიზარდა ევროპაშიც. თუმცა, ამ ეტაპზე, არ შეინიშნება კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვის მატება.

ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა, ევროპას კორონავირუსის ახალმა ტალღამ გადაუაროს, რაკიღა მარტის დასაწყისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში, შემთხვევების რაოდენობა იმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ამ ეტაპზე ემხრობიან მთავრობების გადაწყვეტილებებს შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აუცილებელია გარკვეული წესებისა და ზომების დაცვა. ასე ფიქრობს იტალიაში, პადუას უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი ანტონელა ვიოლაც:

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რომ კოვიდი აღარ არსებობს და უნდა გავაგრძელოთ შემთხვევების აღიცხვა, მონიტორინგი. ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს“.

საქართველო და COVID19

17 მარტს საქართველოში, კორონავირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4,11% შეადგინა, რეპროდუქციული ინდექსი კი 0.62-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკი შესაძლოა, გადავლილად ჩაითვალოს.

თუმცა, მეორე მხრივ, დაბალი ვაქცინაციისა და შეზღუდვების, ფაქტობრივად, გაუქმების ფონზე, როდემდე მოახერხებს ქვეყანა ამ მდგომარეობის შენარჩუნებას, რთული სათქმელია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში, ყველაზე მეტად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი, ბოლო კვირაა კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება.

როგორც ჩანს, პანდემია ნაკლებად პრიორიტეტული საკითხი გახდა საქართველოს მთავრობისთვისაც, რადგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ედგა სათავეში, რომელიც ორი წლის განმავლობაში, ყოველ კვირაში იკრიბებოდა და სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სფეროს პირველი პირები ბრიფინგს მართავდნენ, 22 თებერვლის შემდეგ აღარ შეკრებილა. ყოველ შემთხვევაში, 22 თებერვლის შემდეგ, არ გამართულა არცერთი ბრიფინგი პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ბოლო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა იმ შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების შესახებ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.

რატომ აღარ იმართება საკოორდინაციო საბჭოს წევრების ყოველკვირეული ბრიფინგები? კვლავ იკრიბება თუ არა საბჭო ყოველკვირეულად? აღდგება თუ არა და რა შემთხვევაში აღდგება საკოორდინაციო საბჭოს ყოველკვირეული ბრიფინგები? ამ კითხვებზე პასუხი რადიო თავისუფლებამ 17 მარტს ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან და ვერც მთავრობის ადმინისტრაციისგან ვერ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას კომენტარის თანახმად კი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდა, დღეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, საუბარი დაიწყოს პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე გადასვლაზე:

"რაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ სჭირდება ამ მიმდინარეობას. ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტად ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის იქნება და არა პანდემიური ხასიათის".

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 29 029 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც პაციენტების 96,1% ოჯახის ექიმთან მკურნალობს. 1070 მკურნალობას სტაციონარში გადის. მათგან 5,1% ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.

მცირედით იკლო ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ და ბოლო დღეებში ეს მაჩვენებელი 20-ს ჩამოსცდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.

კვლავ დაბალია ვაქცინაციის რიცხვი. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 39,82%.