„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას, შესავალ სიტყვაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით ნაკლებია.
მისი თქმით, მოიმატა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევებმა მესამე ქვეყნებიდან.
„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, - განაცხადა შს მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ასევე ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, სახელმწიფო საზღვარი 100%-ით დაცული არცერთ ქვეყანას არ აქვს.
„მათ შორის, არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ასევე ნახეთ ვიზიტის მიზანი, საქმიანობა… როგორ ამოწმებს რუსეთის მოქალაქეებს სუს-იოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის 20-25 ათასამდე მოქალაქე ჩამოვიდა.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის კონკრეტულ სტატისტიკას, მინისტრს ამ მონაცემების შესახებ შეკითხვა რამდენიმე დეპუტატმა დაუსვა. „მინისტრის საათის“ ფორმატის გათვალისწინებით, ვახტანგ გომელაური კითხვებს ერთიანად უპასუხებს.
შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო.
"რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია - იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.