ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო დამნაშავეთა გასამართლებისთვის ტრიბუნალის ადგილი უნდა იყოს უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ან ხარკოვი.
რინკევიჩსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ტრიბუნალი უნდა ჩატარდეს არა ნიურნბერგში ან ჰააგაში, არამედ მარიუპოლში ან ხარკოვში და დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
დონეცკის ოლქში, აზოვის ზღვასთან მდებარე მარიუპოლი და ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ხარკოვი უკრაინის ის ქალაქებია, რომლებსაც რუსული არმია განსაკუთრებით უსწორდება.
ასევე ნახეთ მარიუპოლის თეატრის შენობასთან იყო გაფრთხილება, რომ იქ ბავშვები არიანრუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.
უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი.