ამერიკული კერძო კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები. კომპანიის თანახმად, ფოტოები გადაღებულია 14 მარტს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 16 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძლიერი საავიაციო ბომბი ესროლეს თეატრის შენობას, რომელსაც თავს აფარებდა ასეულობით ბავშვი და ქალი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის შენობის აფეთქებაში დაადანაშაულა უკრაინული ბატალიონი „აზოვი“.
საომარი მოქმედებების გამო, დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ამასთან, უკრაინული მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ პოლკ „აზოვს“ საბრძოლო ავიაცია არ გააჩნია.
დაზუსტებული ცნობები მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ არსებობს, რადგან ქალაქი მარიუპოლი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა და თეატრის დაბომბილ შენობასთან მიახლოება გართულებულია.