სლოვაკეთი წინასწარ თანხმობას აცხადებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემის გაგზავნაზე

სლოვაკეთმა წინასწარი თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი, საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნაზე რუსეთის საჰაერო დარტყმების მოსაგერიებლად - იუწყება ტელეკომპანია CNN-ი სამ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა დასძენს, რომ აშშ და ნატო ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეავსონ სლოვაკეთის საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და ამგვარი ტრანსფერი ჯერ არ არის გარანტირებული.

ორი წყაროს ცნობით, სლოვაკეთს - S-300-ის მფლობელი ნატოს წევრი სამი ქვეყნიდან ერთ-ერთ სახელმწიფოს - სურს მიიღოს გარანტია, რომ მისი სისტემები დაუყოვნებლივ ჩანაცვლდება.

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც S-300-ს გასცემს, სავარაუდოდ, მიიღებს აშშ-ის წარმოების, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას საკუთარი შესაძლებლობების შესავსებად - ამბობს კიდევ ორი წყარო, რომლებიც მიმდინარე მოლაპარაკებებს იცნობენ. გერმანიამ და ჰოლანდიამ უკვე საჯაროდ გამოაცხადეს, რომ სლოვაკეთს Patriot-ის სისტემას გაუგზავნიან. მაგრამ ახალი, კომპლექსური საჰაერო თავდაცვითი სისტემის ინტეგრირება ქვეყნის არსებულ სამხედრო არქიტექტურაში ისევე, როგორც ძალების გაწვრთნა, დროს წაიღებს, ეუბნება წყარო CNN-ს.

უკრაინელებისთვის მეტი S-300-ის გადაცემისკენ ძალისხმევის ფონია კონგრესის მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლა იმისთვის, რომ უკრაინას დახმარება გაეწიოს საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვებაში. ორივე პარტიის კანონმდებლები, რომლებმაც 16 მარტს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვის მეშვეობით მოუსმინეს, ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს იმ მიზნით, რომ უკრაინამ მიიღოს სასურველი შეიარაღება, განსაკუთრებით მას მერე, რაც გასულ კვირაში ადმინისტრაცია შეეწინააღმდეგა უკრაინისთვის პოლონეთის MiG-29-ის თვითმფრინავების გადაცემას.