კობახიძე: შეგახსენებთ, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქცია არავის დაუწესებია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ საქართველო სანქციებს არ დაუწესებს რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. მან ამ სანქციებზე საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა:

"გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას...

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც არ გაუკეთებია", - თქვა კობახიძემ.

ამავე ბრიფინგზე მან "ნაციონალურ მოძრაობას" "ომის პარტია" უწოდა და თქვა, რომ პარტიას ამ საკითხზე ლობისტები ჰყავს ჩართული, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას სანქციებთან შეერთებისკენ მოუწოდებენ:

"კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე".

უკვე ოცდაერთი დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, კიევში 15 მარტს ჩავიდნენ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები.

ასევე ნახეთ ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინაში ჩასვლა უსაფრთხოების საკითხია... 2008-ში აქ ცეცხლი შეწყვეტილი იყო, როცა ჩამოვიდნენ