ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინაში ჩასვლა უსაფრთხოების საკითხია... 2008-ში აქ ცეცხლი შეწყვეტილი იყო, როცა ჩამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ვიზიტს ახლა, როცა საომარი მოქმედებებია, უსაფრთხოების ზომების დაცვა სჭირდება. დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარალელი გაავლო 2008 წლის ომთან საქართველოში, როცა ქვეყანაში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ.

"ასეთ ადგილზე ვიზიტს სჭირდება გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვა. ალბათ, ეს საკითხი იქნება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ზოგადად, სოლიდარობა უკრაინის მიმართ გამოცხადებული გვაქვს... კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეგ ცალკე განხილვის საკითხია...

პირველ რიგში, მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როდესაც 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორების გახსნა ლოკალურად ხდება. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედებების ზონაა", - თქვა დეპუტატმა.

გუშინ, 15 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეოცე დღეს, კიევში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, ქვეყნის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად საქართველოში უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერ-მინისტრი 12 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქზე შეტევასაც გეგმავდნენ, 13 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ცნობა, თითქოს რუსეთის სამხედრო ნაწილები თბილისისკენ დაიძრნენ.

უკვე ოცდაერთი დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.