ლავროვი: ზელენსკი სიტუაციას ადრინდელზე უფრო რეალისტურად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტუაციის უფრო რეალისტურად შეფასება დაიწყო.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ არცთუ დიდი ხნის წინ, ზოგიერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს გაცილებით რეალისტური შეფასებაა იმის, რაც ხდება, რადგან მანამდე საკმაოდ კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა“, - თქვა ლავროვმა ტელეარხ РБК-სთან ინტერვიუში.

ასევე ნახეთ ზელენსკი: წლებია გვესმოდა ნატოს ღია კარის შესახებ, ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში არის კონკრეტული ფორმულირებები, რომლებიც შეთანხმებასთან ახლოსაა. ლავროვის განცხადებითვე, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება უკრაინის და სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიებთან კავშირში.

15 მარტს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უფრო რეალისტური პოზიციები ისმის, მაგრამ ჯერ კიდევ დრო სჭირდება იმას, რომ გადაწყვეტილებები სწორედ უკრაინის ინტერესების შესაბამისი იყოს.

საომარი მოქმედებების პარალელურად უკრაინასა და რუსეთს შორის 28 თებერვლიდან დაწყებული მოლაპარაკება დღეს, 16 მარტს უნდა გაგრძელდეს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.