პირველივე დღიდან იგი საცხოვრებლად კიევის ერთ-ერთი ბაღის სარდაფში, სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში გადაბარგდა. მისი ოჯახის წევრები კი ქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტნენ და ერთმანეთთან დასაკავშირებლად მხოლოდ ტელეფონი დარჩათ. რადიო თავისუფლება სვიტლანას პირველად 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს ესაუბრა.
"სიკვდილის კი არ მეშინია, უბრალოდ ძალიან უჩვეულო განცდაა, როცა გრძნობ, რომ ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში ხარ", - ჰყვებოდა იგი თავის პირველ განცდებზე.
მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა, სვიტლანამ თავშესაფარი დატოვა, მაგრამ ისევ უკრაინაში რჩება.
სვიტლანა, გამარჯობა, დღეს უკვე 15 მარტია, დიდი დრო გავიდა ჩვენი პირველი საუბრიდან. თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, როგორ ხართ? ახლა სად ხართ? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოს ვისაუბრეთ?
უკვე მე-10 დღეა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში პატარა შვილიშვილსა და ქალიშვილთან ერთად მეგობრის სახლში ვცხოვრობ. კიევის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ გადაწყვეტილება 2 წლის შვილიშვილის უსაფრთხოების გამო, ქალიშვილის თხოვნით მივიღე. ომის დაწყების შემდეგ წუხელ პირველი ღამე იყო, როცა ნორმალურად ძილი შევძელი.
როგორი მდგომარეობაა ახლა ლვოვში?
ხალხით არის სავსე. ძალიან ბევრი დევნილია ფოსტაში, სუპერმარკეტებში. თავს უსაფრთხოდ აქაც არ ვგრძნობ, უკრაინაში უსაფრთხო ადგილი არსად დარჩა. მაგალითად, გუშინ, დასავლეთ უკრაინაში იავროვის პოლიგონი დაბომბეს, ლვოვშიც დაარტყეს ცენტრს, ზუსტად არ მახსოვს სახელი. ხალხი დაიღუპა. ადგილობრივები ლვოვში თითქოს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობენ თავს, მაგრამ ვინც კიევიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და სხვა დაბომბილი ქალაქებიდან ვართ ჩამოსულები, მშვიდად ვერ ვართ. ყოველთვის, როცა საჰაერო განგაშის ხმა გვესმის, დერეფნებში ვიმალებით, ან რამე სხვა თავშესაფარს ვეძებთ.
აქ მოხვედრაც რთულია, რადგან ბინები და სასტუმროები უკვე თითქმის ყველა დაკავებულია. დევნილებისთვის რამდენიმე ცენტრია გახსნილი, რომლებიც ასევე სავსეა. ხალხი აქ რამდენიმე დღე ჩერდება, მერე კი საზღვარგარეთ მიდიან.
საგანმანათლებლო დაწესებულებები ან ტრანსპორტი თუ მუშაობს?
სკოლები არ ვიცი და ტრანსპორტი მუშაობს. მაღაზიებში ფაფების, შაქრის, მარილის პატარა დეფიციტია. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ პროდუქტებს ლვოვში ჩამოსული ხალხი ყიდულობს და მაღაზიები განახლებას ვერ ასწრებენ.
რა განსხვავებას ხედავთ კიევის თავშესაფარში ყოფნასა და ლვოვში დარჩენას შორის?
განსხვავებას ვხედავ, მაგრამ დიდს არა, რადგან მათ ლვოვის დაბომბვაც შეუძლიათ, თუ მოინდომეს. კიევში უფრო სტრესული იყო. დღეს მათ დაარტყეს სახლს, რომლის ახლოსაც დედაჩემი თავშესაფარში იმყოფებოდა. დედამ კიევი უკვე დატოვა. ძალიან ეშინოდა, თან ძალიან ხანდაზმულია.
რა გეხმარებათ ასეთ რთულ დროს?
წუხელ კიევის თავშესაფარში ყოფნის დროს გადაღებული 5-წუთიანი ვიდეო დავამონტაჟე, რამაც ომი რამდენიმე საათით დამავიწყა. ვცდილობ, ბევრი ახალი ამბავი არ წავიკითხო და სულ რაღაცას ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან. ხალხი ახლა პანიკაში აღარ არის, თითქოს შევეჩვიეთ. მეც უფრო მშვიდად ვარ, როცა საჰაერო განგაში მესმის. მივიღე ეს მოცემულობად.
თქვენი აზრით, სად არის ახლა ყველაზე რთული ვითარება უკრაინაში?
ყველაზე დიდი ტრაგედია მარიუპოლში ხდება. გუშინ ორგანიზებული „მწვანე დერეფნით“ ქალაქის დატოვება ადგილობრივების ნაწილმა, 160-მა მანქანამ, მოახერხა. მაგრამ არ ვიცი, მათ შორის ჩემი ნათესავები და მეგობრები იყვნენ თუ არა.
გუშინ მარიუპოლზე ვერტმფრენიდან სროლის კადრებს რომ ვუყურებდი, ვნახე, როგორ იწვოდა ჩემი სახლი. მე მარიუპოლიდან ვარ. იქ ნათესავები და მეგობრები მყავს. უკვე 2 კვირაა ბიძაშვილისგან და ბიცოლასგან არაფერი მესმის. ჩემი ბიძაშვილი საავადმყოფოში მუშაობს. ერთი კვირის წინ, როცა მათ კლინიკას ბომბი დაეცა, მოწერა მოახერხა, რომ ცოცხალია. ამის შემდეგ მათგან არაფერი გამიგია.
მართლა ძალიან საშინელი სიტუაციაა მარიუპოლში, ეს იმხელა ტრაგედიაა. ისინი ბომბებით გვკლავენ, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, როცა ხალხი ქალაქიდან გაქცევას ცდილობს.
როგორია ზოგადი განწყობა თქვენ ირგვლივ, ქვეყანაში?
ერთ-ერთ სამხედროს ვესაუბრე გუშინწინ და ისინიც დაღლილები, სტრესის ქვეშ არიან. ჯარისკაცები მეგობრებს კარგავენ. გმირობა მარტივი საქმე არ არის. ისინი გვთხოვენ, მათთვის ვილოცოთ. ჩემთვის ეს ნამდვილი ტერორიზმია, ეს ნამდვილი ტერორია. ისინი არ იბრძვიან, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ უკრაინაში. მსოფლიომ ტერორისტული სახელმწიფო - რუსეთი უნდა შეაჩეროს.
თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.
პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად ქვეყნის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ გამოაცხადა.
რუსული ჯარის მიერ უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებიც იბომბება.