"ნოვაია გაზეტა": ოვსიანნიკოვას საქმეზე სასამართლო სხდომა დაიწყო - ვრცელდება ფოტო

ოსტანკინოს რაიონულ სასამართლოში დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას სასამართლო სხდომა.

ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მარინა ოვსიანნიკოვას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიების შეუთანხმებელ ორგანიზებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში იცავს ბელარუსი ადვოკატი ანტონ გაშინსკი.

საინფორმაციო პორტალი „მედიაზონა“ Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მარინა ოვსიანნიკოვა ადვოკატთან ერთად არის აღბეჭდილი. მინაწერის თანახმად, ფოტო სასამართლოშია გადაღებული: „ოვსიანნიკოვა სასამართლოში“.

14 მარტს, ღამით, როცა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"

„ვრემიას“ პირდაპირ ეთერში პლაკატით შესვლამდე, მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა აწევს მხოლოდ ერთ ადამიანს, ვლადიმირ პუტინს:

„მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი – რუსი. ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ჩემი ყელსაბამიც სიმბოლოა იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმათამკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ხალხები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები პირველ არხზე ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული. ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რადგან ნებას ვიძლეოდი, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილი ელაპარაკათ; მრცხვენია, რადგან ნებას ვრთავდი, რუსი ადამიანების ზომბირება მოეხდინათ. ჩვენ ჩუმად ვიყავით 2014-შიც, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უბრალოდ ჩუმად შევყურებდით ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ გვაქცია ზურგი და ჩვენი შთამომავლების ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ძმათამკვლელი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენ, გონიერ რუს ადამიანებს, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ მთელი ეს სიგიჟე. გადით მიტინგებზე, არაფერი მოხდება, ყველას ვერ დაგვიჭერენ”.

ჟურნალისტთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მისი ადვოკატები.