აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩინეთი მზად არის რუსეთს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს

ჩინელი სამხედროები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოკავშირეებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთი მზად არის სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს უკრაინაში "სპეცოპერაციის" ჩატარებაში.

ამის შესახებ Financial Times -ი ამერიკელი დიპლომატების მითითებით იუწყება. გაზეთმა რუსეთის შესაბამისი მოთხოვნის შესახებ კვირას, 13 მარტს დაწერა. მოკავშირეებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში არ არის მითითებული, ჩინეთი რუსეთის დახმარებას მომავალში აპირებს, თუ უკვე უზრუნველყო მოკავშირე ამ სამხედრო მხარდაჭერით.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამ საკითხის განხილვას 14 მარტს რომში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ იანგ ჯიჩისთან შეხვედრაზე გეგმავს. სალივანმა აღნიშნა, რომ ის გააფრთხილებს ჩინელებს, არ შეეცადონ რუსეთის "შველას", მათ შორის დახმარებას, რომ გაუმკლავდეს დასავლეთის სანქციებს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთი ძირითადად უსიტყვოდ ამტკიცებს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, უარს ამბობს სანქციებთან მიერთებაზე, ადანაშაულებს დასავლეთსა და შეერთებულ შტატებს იმ დახმარებაში, რომელსაც ჩვენ ვუწევთ უკრაინას და აცხადებს, რომ მათ სურთ ნახონ მშვიდობიანი შედეგი, მაგრამ არსებითად არაფერს აკეთებენ ამის მისაღწევად", - თქვა სალივანმა და დასძინა, რომ ჩინეთს ასევე ემუქრება სანქციების დაწესება, თუ მხარს დაუჭერს მოკავშირე რუსეთს.

შეერთებულ შტატებში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ მათ არ იციან დახმარების თხოვნის შესახებ. ანალოგიური რეაქცია მოჰყვა ამ ცნობას რუსეთის მხრიდან.