ომის 20 დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 მარტს

ვითარება უკრაინაში: მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა

მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე 160-მა ავტობუსმა გუშინ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი დატოვა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მრავალი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, ჰუმანიტარული დერეფანი ქალაქში გაიხსნა.

მოსახლეობა თითქმის ორი კვირა ქალაქში წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. Reuters-ის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე მარიუპოლში 2500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გუშინ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ონლაინ გაიმართა. დელეგაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ბოლო დღეებია აქტუალურია კითხვა, თუ სად შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს პირადად ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. მედია წერს, რომ შესაძლოა შეხვედრა იერუსალიმში შედგეს.

გუშინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერს ნაფტალი ბენეტს, სადაც საუბარი შეეხებოდა სწორედ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს. მანამდე თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ტვიტერზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების შემთხვევაში მისთვის სასურველი ადგილი სწორედ იერუსალიმი იქნებოდა.

თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების „ფოკუსში“.

ზურაბიშვილის დაწერილი „მჭლე სამიანი“ და პასუხი პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება აღმოჩნდა პრეზიდენტის გუშინდელი მოხსენებიდან, რამაც მყისიერად დაიმსახურა მმართველი პარტიის კრიტიკა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტმა სიმართლე თქვა, მას კონსტიტუცია დაურღვევია.

ზურაბიშვილმა ორშაბათს გააკრიტიკა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. „დღეს ვხედავთ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე. დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!“, - თქვა პრეზიდენტმა. მის ამ რეპლიკას დარბაზშივე გამოეხმაურა ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტმა ყველას ერთად „მჭლე სამიანი" დაუწერა.

ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის 14 მარტის მოხსენება დადებითად შეაფასა. „შინაარსიანი და მნიშვნელოვანი“ - ასე გამოეხმაურა მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც.

გადაავლე თვალი პრეზიდენტის განცხადებებსა და მისი გამოსვლის შეფასებებს:

ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის მიმართ სანქციების მე-4 პაკეტი

ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც უკრაინაში წამოწყებული ომის მორიგი პასუხია. ჯერ უცნობია, რა შედის ახალ პაკეტში, თუმცა საფრანგეთის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ბლოკი გადახედავს რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობის სტატუსს. ეს კი, თავის მხრივ, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, სადამსჯელო ტარიფები დააწესოს რუსულ პროდუქციაზე და რუსეთი ჩრდ. კორეისა და ირანის გვერდით დააყენოს.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლეიენმა დააანონსა, რომ ევროკავშირი მუშაობს საერთაშორსო ორგანიზაციებიდან რუსეთის გასარიცხად, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლებსი ახალი ამბების სექციაში.

პუტინმა სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი და მასში აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის, განათლების და სამედიცინო მომსახურების უფლებებით, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ მუდმივად.

წაიკითხე მეტი.

ბორელის თქმით, ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების პროცესი

ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი, აცხადებს, რომ ბლოკმა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ, რათა განმტკიცდეს ბალკანეთის უსაფრთხოება და თავდაცვა რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის ფონზე, რაც მთელ რეგიონს ემუქრება არასტაბილურობის შექმნით.

14 მარტს სკოპიეში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა, რომ გასულ თვეში რუსეთის არაპროვოცირებული ინტერვენცია უკრაინაში ევროკავშირის „გაფართოების პროცესის აქტივიზაციის“ მომენტად იქცა.

ბორელმა დასძინა, რომ ბლოკი გააგრძელებს მოლაპარაკებებს ბულგარეთთან ორ მეზობელს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც საფრთხეს უქმნის სკოპიეს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.

წაიკითხე მეტი.

„ვიტალის ფოტოთი ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებენ“, - როდის დაინტერესდება შსს მომხდარით?

4 მარტს, ღამის ოთხ საათზე, როგორც ბევრს სჯერა, ეთნიკურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის დედის, მარინა ალანაკიანის ტელეფონზე მოულოდნელად ერთდროულად რამდენიმე შეტყობინებება შევიდა - გაუკვირდა, რადგან, წესით, ამ დროს ყველა მის ახლობელს ეძინა და ფეისბუკი გახსნა - იქ კი ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი პოსტები დახვდა.

მარინამ თავისი პოსტების ქვეშ, მათ შორის, ვიტალის დაბადების დღის მისალოცი პოსტის ქვეშ, უცხო პირების კომენტარები აღმოაჩინა, ოღონდ ამ კომენტარებმა მარინა ალანაკიანის ყურადღება ჯერ იმიტომ მიიქცია, რომ მისი ავტორები პროფილის სურათად ვიტალის ფოტოებს იყენებდნენ - ვინმე ადოლფ ბაქრაძე, ადოლფ ხიმშიაშვილი და სხვა, სავარაუდოდ, ყალბი პროფილების მფლობელები და მეორე, ისინი ფაშისტურ და ქსენოფობიურ ტექსტებს პოსტავდნენ, მათ შორის, ებრაელების მიმართ, მათი განადგურების მოწოდებებით, ჰიტლერის მოხსენიებით და ა.შ.

ვიტალის ოჯახისთვის, რომელიც დღემდე სააპელაციო სასამართლოში იბრძვის იმისთვის, რომ დადგინდეს მათი შვილის სწორედ ეთნიკური ნიშნით მკვლელობის მოტივი, ეს მორიგი შემოტევა მძიმე დარტყმა იყო - მარინა ალანაკიანმა მაშინვე პოლიციას მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა.

წაიკითხე მეტი.

დარტყმული დიქტატორი თუ უგუნური პენსიონერი?

ვლადიმირ პუტინის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღალი მსჯელობა დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და გააჩაღა ომი დონბასში, გაჩნდა პუბლიკაციების მთელი ტალღა, რომლითაც სპეციალისტებმა სცადეს კრემლის უგუნური, ირაციონალური საგარეო პოლიტიკა აეხსნათ ვლადიმირ პუტინის არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობით. გამოითქვა ვარაუდები, რომ პუტინმა „დაკარგა კავშირი რეალობასთან“, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო „გაუწონასწორებული ფსიქოპათი“ და ა.შ. ახლაც, როცა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, ბევრმა გაიხსენა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის უცენზურო სიტყვები: „ვლადიმირ პუტინი დარტყმულია!“

„ბორის ნემცოვმა 7 წლის წინ დაუსვა დიაგნოზი პუტინს. და როგორ გგონიათ, 7 წლის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა? პირიქით, მხოლოდ გაუარესდა“, - განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს XIII ჩემპიონმა და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა.

ამერიკელმა ფსიქიატრმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ფელონმა, რომელიც შეისწავლის დიქტატორებსა და ცნობილ დამნაშავეებს, ნიუ-იორკში 2018 წელს გამართულ კონფერენციაზე (PutinCon) გააკეთა მოხსენება სათაურით „პუტინის ტვინში“.

„რა თქმა უნდა, ყველა დიქტატორს არ აქვს სექსუალური პრობლემები და ყველა მათგანი არ არის სადისტი, მაგრამ უმეტესობას აქვს ეს თვისებები, განსაკუთრებით ნარცისული: გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი მნიშვნელობის შესახებ და თავდაჯერება საკუთარი რჩეულობის მიმართ. ამავე თვისებებს ვხედავთ ფსიქოპათებსა და პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანებში, მაგრამ აუცილებელია განვასხვაოთ ერთმანეთისგან გარკვეული თვისებები და ფსიქიკური აშლილობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფსიქოპათიის ნიშნები, მაგრამ არ იყოს ფსიქოპათი“, - უთხრა ჯეიმს ფელონმა რადიო თავისუფლებას კონფერენციის შემდეგ.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.