პარლამენტის სესიაზე უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით

პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები და მიწვეული სტუმრები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო დაღუპულთა ხსოვნას.

"რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და ერთიანობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხი მიმართ ურყევია. ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა. 2,5 მილიონ ადამიანზე მეტს უკვე მოუწია საკუთარი სახლ-კარის და სამშობლოს დატოვება. თუმცა ყველაზე სულისშემძვრელი ის ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიებია, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართვისას.

მისი თქმით, პარლამენტის დარბაზში არ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც გაწვეულია, თუმცა დარბაზში იმყოფება ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

„მე მინდა გადავცე მას ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრებმა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

მოგვიანებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის წინ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სასესიო დარბაზში აჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნიც.

პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი.

მოხსენებას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მიწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პარლამენტშია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირებიც.