რუსეთში სწრაფად იზრდება ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი

აქცია სანქტ-პეტერბურგში. 2022 წლის თებერვალი.

13 მარტს რუსეთის 35 ქალაქში მიმდინარე აქციებზე (18:15 საათის მდგომარეობით) 658-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს აპროტესტებდნენ.

"ОВД-Инфо"-ს ვებსაიტზე მონაცემები ყოველწუთიერად იცვლება და სულ უფრო ვრცელი ხდება დაკავებულთა გვარების სიაც. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქვეყნებენ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და მხოლოდ იმ პირთა გვარებს, რომელთაგანაც ნებართვა აქვთ მიღებული.

13 მარტს აქციის მონაწილეები დააკავეს ურალსა და ციმბირშიც. დაკავებულთა რიცხვი მოსკოვში უკვე 300-ს აღწევს, სანქტ-პეტერბურგში - 145-ს, ხოლო ეკატერინბურგში - 64-ს.

"ОВД-Инфо"-ს ინფორმაციით, ამავე მიზეზით გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მასშტაბით თითქმის 15 ათასი ადამიანი დააკავეს.

10 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

„ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, რომ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიას გზები გადაკეტილი აქვთ მოსკოვში, მათ შორის, გარშემორტყმული იყო „მანეჟის“ მოედანი. ადამიანებს უმოწმებენ საბუთებს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენ იმყოფებით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან შეუთანხმებელი სავარაუდო აქციის გამართვის ადგილას და ხართ მისი პოტენციური მონაწილეები. დაჟინებული თხოვნაა, რომ დატოვოთ მოედანი“, - აცხადებდნენ პოლიციელები მეგაფონებში, აქციის დაწყების წინ.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, პოლიციელთაგან ზოგს ჩაფხუტებზე მიწებებული აქვს სტიკერი "Z", რუსეთის დროშის სამ ფერში, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის სიმბოლოდ იქცა.

პოლიციელები აფრთხილებდნენ ჟურნალისტებს, რომ ისინი 20 მეტრზე ახლოს არ მისულიყვნენ ავტობუსებთან, რომლებშიც დაკავებულები აჰყავდათ.

სანქტ-პეტერბურგში დაიჭირეს „ნოვაია გაზეტას“ ფოტოგრაფი და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი. მათ ეცვათ სპეციალური ჟილეტები წარწერით -„პრესა“. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, ადამიანს, რომელიც ტელეფონით ვიდეოს იღებდა, 6 პოლიციელი აკავებდა.