კიევის ოლქის ჰუმანიტარულ დერეფანში რუსებმა 7 ადამიანი მოკლეს, მათგან 1 ბავშვია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტს კიევის ოლქის ერთ-ერთ ჰუმანიტარულ დერეფანში რუსმა სამხედროებმა 7 ადამიანი მოკლეს, მათგან 1 ბავშვი იყო.

"11 მარტს სოფელ პერემოჰიდან (კიევის ოლქი) ჰოსტროლუჩიას მიმართულებით "მწვანე დერეფნით" ევაკუაციის მცდელობისას ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფი დახვრიტეს, რომლებიც მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისგან შედგებოდა. ამ სასტიკი აქტის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ბავშვია. დაჭრილების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სროლის შემდეგ, ოკუპანტებმა აიძულეს კოლონის გადარჩენილი ნაწილი, უკან დაბრუნებულიყვნენ სოფელ პერემოჰაში და არ მისცეს ქალაქში შესვლის საშუალება" – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შაბათ საღამოს გავრცელდა. ამავე განცხადების მიხედვით, თავდასხმის მსხვერპლ ქალებისა და ბავშვების ჯგუფთან დაკავშირება და მათთვის ჰუმანიტარული თუ სამედიცინო დახმარების გაწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა უკრაინის ომის დროს, როცა რუსეთი არღვევს ჰუმანიტარული დერეფნის წესებს და ევაკუაციისას ცხრილავს მშვიდობიან მოქალაქეებს. რიგ ქალაქებში, მაგალითად მარიუპოლში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე დღეა წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი საერთოდ უარს ამბობს რუსეთი მწვანე დერეფნის მოწყობასა და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე.

ასევე ნახეთ მაკრონმა პუტინს მოუწოდა, მოხსნას ალყა მარიუპოლს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 79 ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი.

ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთის შეჭრის შემდეგ 1300-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა