უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 17 დღეში 1 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ საკუთარ დანაკარგებზე გააკეთა ოფიციალური განცხადება.
კიევში დღეს, 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა მეტი აქტიურობისკენ ომის დამთავრებისთვის.
უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული სამხედრო პირების შესახებ ინფორმაციას მხარეები სხვადასხვა სიხშირით ავრცელებენ. რუსეთი ამ დრომდე მხოლოდ 500 დაღუპულ ჯარისკაცს აღიარებს, მაშინ, როდესაც უკრაინა ამტკიცებს, რომ 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკვდა 24 თებერვლიდან 12 მარტამდე.
ასევე ნახეთ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენრუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 79 ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი.
ასევე ნახეთ ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემთხვევაში მზადაა პუტინს ისრაელში შეხვდეს