ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემთხვევაში მზადაა პუტინს ისრაელში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ისრაელში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა იმოქმედებს.

ზელენსკის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს შეატყობინა თავისი მზაობის შესახებ იერუსალიმში შეხვდეს პუტინს. ბენეტი მოსკოვში იყო ჩასული პუტინთან შესახვედრად, და მუდმივად ელაპარაკება ზელენსკის, ისევე, როგორც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს, თავისი ძალისხმევის ფარგლებში ომის დასრულების მიზნით.

ამ დრომდე პუტინმა უგულებელყო ზელენსკის რამდენიმე შეთავაზება მოლაპარაკების შესახებ.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ თქვა, რუსეთის ძალები კიევის დაპყრობას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, თუ ყველას დაგვხოცავენო. "თუ ეს არის მათი მიზანი, დაე, მოვიდნენ" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა: "ისინი თუ მასშტაბურად დაგვმობმავენ, წაშლიან მთელი რეგიონის ისტორიულ მეხსიერებას, კიევის რუსეთის ისტორიას და ევროპის ისტორიას, შეძლებენ კიევში შემოსვლას, მაგრამ ამ მიწაზე მარტოებს მოუწევთ ცხოვრება, ნამდვილად ჩვენს გარეშე. ... მილიონობით რუსიც რომ ჩამოიყვანონ, ისინი უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებენ".

ზელენსკიმ კვლავ დაგმო ნატოს უარი ჩაკეტოს ცა უკრაინის თავზე, მისი მხრიდან ბევრი მოწოდების მიუხედავად. მან ასევე თქვა, რომ უკრაინა ეძებს გზებს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოსაპოვებლად, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.