საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, მოხსნას ალყა ქალაქ მარიუპოლს, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შემდეგ BBC ავრცელებს. მარიუპოლში მოსახლეობა რამდენიმე დღეა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 12 დღეში, მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს 1582 ადამიანი ემსხვერპლა.
მარიუპოლის ცენტრში, 9 მარტს დაიბომბა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, 12 მარტს გაიმართა და ის 75 წუთს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ ვრცელდება მწირი ცნობები: ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შთაბეჭდილება, რომ პუტინი ომის დამთავრებას არ აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირი უახლოეს დღეებში სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს. სანქციების მიზანი პუტინის ხელისუფლებასთან ჩამოშორება და საერთასორისო თანამეგობრობისგან მისი განრიდება იქნება - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული მედია ასევე ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მან შეხვედრაზე გააჟღერა: პუტინი მაკრონსა და შოლცს არწმუნებდა, რომ უკრაინა აფერხებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს და აშინებს მათ თავდასხმებით, ასევე კიევი იყენებს საცხოვრებელ სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს სამხედრო დანიშნულებით, იარაღის განსათავსებლად.
ასევე ნახეთ კიევთან ინტენსიური შეტაკებებია, ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში დამატებით ძალებს გზავნისპუტინი, მაკრონი და შოლცი ერთმანეთს 10 მარტსაც ესაუბრნენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მაკრონი პუტინს ცხრაჯერ ესაუბრა.
ვლადიმერ პუტინთან საუბრამდე, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ესაუბრნენ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენსკის.
ამ საუბრის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პარტნიორებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ზელენსკიმ პარტნიორებს ასევე სთხოვა დახმარება მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებაში.