უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.
ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ:
„ასევე ვთხოვე ჩემს პარტნიორებს, რათა დამეხმარონ მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებაში. ამასთანავე განვიხილეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პერსპექტივები. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ აგრესორი“, - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, 11 მარტს, რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს.
მერის გათავისუფლების მოთხოვნით, 12 მარტს მელიტოპოლის ცენტრში საპროტესტო აქციაც გაიმართა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 79 ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი.