გენერალი მამუკა ყურაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური იყო. ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში შემოჭრილი რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისიც ჩაერთო. მან კარგად იცოდა, რა ხდებოდა ცხინვალის რეგიონში, როგორ ამზადებდნენ რუსეთიდან ჩასული ინსტრუქტორები, ჯავის სამხედრო ბაზაზე (კონფლიქტის ზონის გარეთ) ე.წ. მოხალისეთა ჯგუფებს და როგორ ემზადებოდნენ ომისთვის. ყურაშვილს დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ქართული მოსახლეობის მძევლად აყვანის და სამხედრო ტყვეებში მათი გაცვლის ამბებიც კარგად ახსოვს. გენერალი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისის გამომძიებლებმა 2019 წელს დაკითხეს.
2022 წლის 10 მარტის საღამოს, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვალთმაქცობა და დემაგოგია ყოველთვის მთავრდება. ეს უკრაინის მოვლენებმა დააჩქარა და ამ დანაშაულზე უკვე აღარავინ აპირებს თვალის დახუჭვას. გამოკვეთილად არის უკვე რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ამ სიაში. ეს სია გაგრძელდება და გამოიკვეთებიან როგორც სამხედრო პირები, ისე სამოქალაქო პირებიც, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უწყობდნენ. ეს ყველაფერი იმართებოდა კრემლიდან. მოსკოვი იყო დაინტერესებული მხარე და 2008 წლის აგვისტოს ომმა ამას ბეჭედი დაუსვა“, - უთხრა მამუკა ყურაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები მოითხოვა სასამართლოსგან.
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი.
- დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
სად არიან დღეს დასაპატიმრებელი პირები?
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, მინძაევმა რეგიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა და ახლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა.
ცხინვალში არიან ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. სანაკოევი დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია. დღეს პრეზიდენტობის კანდიდატიცაა. იქამდე იყო ცხინვალის რეჟიმის სახალხო დამცველი და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, გამოძიებისას მოპოვებულ და შესწავლილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საფუძვლიანად ჩათვალა სანაკოევისთვის, გუჩმაზოვისა და მინძაევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, „სამხრეთ ოსეთში, საქართველოში 2008 წლის 8 და 27 აგვისტოს ჩადენილი შემდეგი სამხედრო დანაშაულებისთვის: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანური ღირსების შელახვა, მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა“.
ასევე ნახეთ დასაპატიმრებელთა სიაში მოხვედრილი სანაკოევი გამოეხმაურა ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებასპროკურორი აცხადებს, რომ მის მიერ დოკუმენტირებული დაპატიმრების ორდერები შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას.
მეოთხე ადამიანი, კიდევ ერთი სავარაუდო ომის დამნაშავე, რომელიც გამოძიებამ გამოავლინა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორი და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილე ვიაჩესლავ ბორისოვია - პროკურორის განცხადების მიხედვით, მან, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი დასახელებული დანაშაულების ჩადენას.
ბორისოვი ცოცხალი აღარ არის.
რადიო თავისუფლების არქივიდან
რადიო თავისუფლების არქივში ინახება აგვისტოს ომისდროინდელი დღიური, რომელშიც აღწერილია ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობის მძევლად აყვანა, მათი გადაყვანა ცხინვალის იზოლატორში და შემდეგ სამხედრო ტყვეებზე გაცვლა. ეს ყველაფერი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში ხდებოდა და რადიო თავისუფლება ამის თვითმხილველი იყო. პროცესს რუსეთის მხრიდან გენერალი ბორისოვი, ცხინვალიდან ე.წ. ომბუდსმენი დავით სანაკოევი, საქართველოს ხელისუფლებიდან კი - კახა ლომაია და გივი თარგამაძე ესწრებოდნენ. მძევლობიდან გათავისუფლებულმა ქართველებმა მაშინ რადიო თავისუფლებას უამბეს, როგორ არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ ცხინვალში.
ამ ადამიანებმა მოგვიანებით ჩვენებები ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლებს მისცეს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება ასე სრულდება: „როგორც კი წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს ჩემ მიერ წარდგენილ დაპატიმრების ორდერებს, მჭიდროდ ვითანამშრომლებ რეესტრის ოფისთან ამ სამი პირის დასაკავებლად. მომავალში იმედი მაქვს ყველა სახელმწიფოსი, განსაკუთრებით - რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების, რომ უზრუნველყოფენ ამ პირების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენას“.
Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს პროკურორის ეს გადაწყვეტილება, რომელიც მტკიცებულებებით არის გამაგრებული, თუმცა, ჯეირანაშვილის აზრით, მათი დაკავება გაჭირდება, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაში ბრალდებულთა ჩაბარების პრეცედენტებიც არსებობს.
„დაკავების ორდერების აღსრულება არის პრობლემური საკითხი. ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია ჯარი, არ გააჩნია სპეცსამსახურები და იგი ვერ შევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალით ვერ დააკავებს ამ ადამიანებს და ვერ წაიყვანს და ვერ გაასამართლებს. როგორ ხდება პრაქტიკაში დაკავება - ერთი არის, თუ ეს ადამიანები გადაკვეთენ საზღვარს. მეორე გზა არის ის, რომ ისინი შეიძლება თავად ჩაბარდნენ და პრაქტიკაში ამის ბევრი მაგალითი არის, იმიტომ რომ ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ, რადგან იციან, რომ ისინი შეიძლება დაიჭირონ, გადასცენ. ეშინიათ იმისაც, რომ შეიძლება ვიღაცამ გაანადგუროს, რადგან მათ ზემდგომებზე ინფორმაცია გააჩნიათ. ამიტომ ისინი ხშირად თავად ბარდებიან ხოლმე“.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გადის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, მსხვერპლთა ისტორიებს ემთხვევა.
გენერალი მამუკა ყურაშვილი ვარაუდობს, რომ დასაპატიმრებელთა სია კიდევ გაიზრდება და, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მასში რუსეთის სამხედრო და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირებიც მოხვდებიან.