„ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს“ - რუსული პროპაგანდის ძველი და ახალი გაკვეთილები

თუკი 2008 წელს, რუსული პროპაგანდა გორში დაბომბილი მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოებს უწოდებდა დადგმულსა და გამოგონილს, ამჯერად მისი სამიზნე უკრაინა და უკრაინელი ფოტოგრაფები გახდნენ.

თუმცა, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული „ტვიტები“ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ, სადაც ვითომდა არც ბავშვები იყვნენ და არც მშობიარეები, ხოლო ფოტოზე აღბეჭდილი დაშავებული ორსული ე.წ. სილამაზის ბლოგერი იყო, რომელიც პროპაგანდისტი ფოტოგრაფისთვის პოზირებდა, Tweeter-მა მალევე წაშალა. Tweeter-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოსტები „Tweeter-ის წესების დარღვევის გამო“ წაიშალა.

მარიუპოლში, სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა. მათ შორის, ბავშვი.

მარიუპოლიდან გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები, მათზე აღბეჭდილი ადამიანები არამხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ თითქმის ყველა დიდ და გავლენიან საერთაშორისო გამოცემებში მოხვდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხუთშაბათს, CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

დმიტრო კულება

"სამწუხაროდ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რუსეთის ხელისუფლება და მათ შორის, მინისტრი ლავროვი, თავიანთ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ. თვალებში მიყურებდა, როდესაც მითხრა, რომ ორსული ქალების ფოტოები, რომლებიც მარიუპოლის სამშობიაროს ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ტყუილია“.

რა “დატვიტა” დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ?

10 მარტს, შუადღის ორის ნახევარზე, რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში, ათწუთიანი ინტერვალებით, „ტვიტერზე“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

13:31 წუთზე გამოქვეყნებულ პირველ პოსტში, საელჩო წერს: „საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი მარიუპოლის დაბომბვაზე: სამშობიარო სახლი არ ფუნქციონირებდა. ის გამოიყენება შეიარაღებული ძალებისა და რადიკალების მიერ, რომელიც ატარებს ნეო-ნაცისტების, „აზოვის ბატალიონის“ სახელს. მეტიც, ამის შესახებ რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭო სამი დღის წინ გააფრთხილა“.

11 წუთში, საელჩოს გვერდზე მომდევნო პოსტიც გამოქვეყნდა. ტექსტს თან ახლავს ორი ფოტო. პირველ ფოტოზე აღბეჭდილია დაშავებული ორსული ქალი, რომელსაც სახე დასისხლიანებული აქვს. ისევ ეს ქალია აღბეჭდილი მეორე ფოტოზეც, თუმცა, ფოტო აღებულია მისი „ინსტრაგრამის“ გვერდიდან, სადაც ის გამომწერებს კოსმეტიკურ საშუალებებს აჩვენებს. საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოების მინაწერში კი ვკითხულობთ:

„არა, ის მართლაც ორსულია. უკრაინელი სილამაზის ბლოგერი, მარიანა პოდგურსკაია. რეალურად, ის ასრულებს ორსული ქალის როლს ფოტოებზე. და როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ფოტო რეალურად გადაღებულია ცნობილი პროპაგანდისტი ფოტოგრაფის, ევგენი მალოლეტკას და არა მაშველებისა და თვითმხილველების მიერ“.

არც ამას სჯერდება და რუსეთის საელჩო იქვე წერს: „მას ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს. კარგად გამოსდის თავისი სილამაზის ბლოგებიც. ამასთანავე, ის ვერ იქნებოდა სამშობიარო სახლში დაბომბვის დროს, რადგან, სამშობიარო სახლი დიდი ხნის წინ აიღო „აზოვის ბატალიონმა“, რომელმაც უბრძანა სამშობიაროს თანამშრომლებს, დაეცალათ ტერიტორია“.

ამ განცხადებების შემდეგ მალევე, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალური გვერდის დაბლოკვისკენ მოუწოდეს Tweeter-ის ადმინისტრაციას მომხმარებლებმა. მათ შორის იყო, დამოუკიდებელი საგამოძიებო პლატფორმის, Bellingcat-ის მკვლევარი არიკ ტოლერი:

„ღიად ყალბი ინფორმაციის გავრცელება ცუდია, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება, საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ საელჩოს ანგარიში მთლიანად დაიბლოკოს. თითქოს ის არ არის საკმარისი, რომ ორსული ქალი და მისი ჯერ არ დაბადებული შვილი კინაღამ დაიღუპნენ“...

არიკ ტოლერის განცხადებას გამოეხმაურა კონსპირაციის მკვლევარი, მაიკლ როთშილდი: „დროა ტვიტერმა გააუქმოს ყველა ეს პროპაგანდისტული ანგარიში“.

26 წლის მარიანა პოდგურსკაია, [Daily Mail-ის ცნობით მისი გვარი ვიშეგირსკაიაა] ნამდვილად სილამაზის ბლოგერია. მისი „ინსტაგრამის“ გვერდი (@gixie_beauty) ძალიან პოპულარულია და ამ მომენტისათვის, 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს სილამაზისა და მოდის შესახებ. „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებდა ის ორსულობის ფოტოებსაც და ფოტოებს ქმართან, იურისთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიანა სამშობიაროს დაბომბვიდან მეორე დღეს, 10 მარტს, გვიან ღამით, იმშობიარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ოლგა ტოკარიუკი, უკრაინელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, დეზინფორმაციის მკვლევარი:

„მივიღე განახლებული ინფორმაცია მარიანას ნათესავისგან - მარიუპოლის დაბომბილ სამშობიაროში გადაღებული ორსული გოგოს ნათესავისგან. მათ მოახერხეს გოგოსთან ტელეფონით დაკავშირება. წუხელ, 10 საათზე, მარიანამ გოგო გააჩინა! ისინი კარგად არიან, მაგრამ მარიუპოლში ძალიან ცივა და არ წყდება დაბომბვა“.

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა მარიანამ ფოტო სახელწოდებით „მარიუპოლში არსებული თავშესაფრების მისამართები“ და ფოტოს მიაწერა: „ღმერთმა ქნას, არასდროს დაგჭირდეთ, მაგრამ მაინც გქონდეთ მხედველობაში“.

ბოლო ფოტო მინაწერით „ბიჭი თუ გოგო?“ მარიანამ „ინსტაგრამზე“ 28 თებერვალს ატვირთა.

საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სცენარი

პროპაგანდისტული ხერხები, რომელსაც ახლა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში იყენებს, კარგად არის ცნობილი დავით მძინარიშვილისთვის. 2008 წელს ის „როიტერსის“ ფოტოგრაფი იყო და ომის დღეებში და მას შემდეგაც, მისი და მისი კოლეგების ფოტოებმა დაბომბილი გორიდან, საერთაშორისო მედიის პირველი გვერდები მოიარეს.

დავითი და სხვა ფოტოგრაფები, რომლებიც 2008 წლის ომს აშუქებდნენ, ჯერ გავლენიანმა რუსმა ბლოგერებმა, მერე კი რუსულმა მედიამ პროპაგანდისტებად, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მათ ფოტოებზე აღბეჭდეს კი თეატრის მსახიობებად მონათლეს.

Your browser doesn’t support HTML5

დავით მძინარიშვილი რუსული პროპაგანდის შესახებ

სწორედ დავითმა გადაიო ერთ-ერთი ასეთი ფოტო,რომელიც აგვისტოს ომის სიმბოლოდაც კი შეიძლება ჩაითვალოს - როგორ დასტირის დაბომბილ გორში ზაზა რაზმაზე ძმას, ზვიადს. მაშინ რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფებმა, სიტუაციის დასამძიმებლად და რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, გორის თეატრის მსახიობები დაიქირავეს და ომის დანაშაულების კადრები დადგეს. ავრცელებდნენ მეორე ვერსიასაც, ვითომ ფოტო საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შემდეგ გადაიღეს:

“გუშინ რომ ვნახე რუსეთის მიერ გავრცელებული ტვიტები, პირდაპირ გამახსენდა 2008 წლის 9 აგვისტოს ამბები, როცა მე და ჩემი კოლეგა ფოტოგრაფები, მათ შორის, ერთი უკრაინელი, ვიყავით გორში ცნობილი დაბომბვის შემდეგ და გადავიღეთ რამდენიმე კადრი დაბომბილი კორპუსების ეზოში, დახოცილი, დაჭრილი ადამიანები. კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, ფაქტობრივად, მეორე დღიდანვე აგორდა”.

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ 2008 წელს სოციალურ ქსელებს ჯერ კიდევ არ ჰყავდა ფართო მომხმარებელი, თუმცა, მაშინ მცდარ ინფორმაციას პოპულარული რუსი ბლოგერები ავრცელებდნენ:

„პირდაპირ მიუთითებდნენ სახელებითა და გვარებით ფოტოგრაფებზე, მათ შორის, ჩემზე და ამბობდნენ, რომ ჩვენ ეს სცენები დავდგით. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული ვერსია ის იყო, რომ გორის თეატრის მსახიობებიც კი იქირავეს იმისთვის, რომ ეს ყალბი სცენები განესახიერებინათო. ეს ინფორმაცია აიტაცეს რუსულმა ტელევიზიებმა და ისინიც ანალოგიურ ისტორიებს ყვებოდნენ, თუ როგორ დადგეს ქართველმა და უკრაინელმა ფოტოგრაფებმა გორის დაბომბვის სისხლიანი სცენა. თითქოს თავიდან ზერელედ მოვეკიდეთ, მაგრამ მერე, როდესაც ბევრ ადამიანამდე მივიდა ეს ყალბი ინფორმაცია, გაჩნდა შეურაცხყოფისა და ბრაზის განცდა. მაშინ „როიტერსის“ სააგენტომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. საბოლოოდ რუსეთი იძულებული გახდა ეღიარებინა 2008 წლის 9 აგვისტოს გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტი“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს 2008 წლისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტი არხი აქვს ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად, დავით მძინარიშვილი ფიქრობს, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება ბევრად უფრო სკეპტიკურია ამ წყაროების მიმართ:

„უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და მათი ნდობის ხარისხი, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დასული. გარდა ამისა, თავად სოციალური ქსელები, იქნება ეს „ფეისბუკი“ თუ „ტვიტერი“, მაქსიმალურად ბლოკავენ ასეთ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებასთან მათი წვდომა ახლა გაცილებით უფრო ფართოა, დღეს უფრო მეტად აღარ სჯერა ადამიანებს რუსული პროპაგანდის და შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ ისინი ვეღარ მოახერხებენ ყალბი ინფორმაციით ხალხის დაჯერებას რუსეთს გარეთ. რუსეთს შიგნით ნამდვილად რთულადაა საქმე“.

„პროპაგანდისტი“ მალოლეტკა: „დღეები მარიუპოლში სულ უფრო და უფრო მძიმდება“

ფოტოები, რომლებმაც ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო ააღელვა, უკრაინელ ფოტოგრაფის, „ასოშიეითიდ პრესის“ თანამშრომელის, ევგენი მალოლეტკას გადაღებულია.

„დღეები მარიუპოლში სულ უფრო და უფრო მძიმდება. არც შუქია, არც გაზი, არც წყალი და არც კავშირი. საცხოვრებელი სახლების ქაოტური დაბომბვა. მკვდრები ქუჩებში და თავშესაფარში ხალხი, რომლებიც საჭმლისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილები“ - ეს პოსტი ევგენი მალოლეტკამ „ინსტაგრამზე“ სამი დღის წინ გამოაქვეყნა.

ფოტოჟურნალისტის კარიერა ევგენი მალოლეტკამ 2009 წელს, უკრაინულ საინფორმაციო სააგენტოში, UNIAN-ში დაიწყო. აქტიურად აშუქებდა მაიდნის მოვლენებს 2014 წელს. შემდეგ კი სხვადასხვა საერთაშორისო მედიას აწვდიდა ფოტოებს ანექსირებული ყირიმიდან და აღმოსავლეთი უკრაინიდან.

მალოლეტკამ ბოლო ფოტოები „ინსტაგრამზე“ ორი დღის წინ, მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ ატვირთა: „საჰაერო შეტევა მარიუპოლის ცენტრში; საჰაერო დარტყმა სამშობიარო სახლზე; მასობრივი სამარხი სავსე გვამებით. მათი უმეტესობა დაბომბვისას დაიღუპა“, - ასეთი აღწერა დაურთო მან ფოტო-ალბომს.

11 მარტს, საღამოს, საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ევგენი მალოლეტკას გადაღებული ახალი ფოტოები - მარიანა ახალშობილთან, ვერონიკასთან ერთად.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.