„სრულიად ველური იდეა“ - მოსკოველი მეცნიერები "ბიოლოგიური იარაღის“ შესახებ

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები რუსეთის პროსახელისუფლებო მედიას მიმართავენ, შეწყვიტონ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება ლაბორატორიების შესახებ, რომლებშიც თითქოსდა რუსეთის საწინააღმდეგო ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებენ.

წერილში ნათქვამია:

რია ნოვოსტისა“ და სხვა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული განადგურებული შტამების სიაში არცერთი არაა განსაკუთრებულად საშიში. სიაში მხოლოდ მიკრობიოლოგიური და მით უმეტეს ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიებისთვის ჩვეულებრივი შტამებია.

გენერალ კონაშენკოვის განცხადება, წარმოდგენილ მასალაში დოკუმენტირებული „ჭირის, ჯილეხის, ტულარემიის, ქოლერის“ შტამების არსებობის შესახებ, წმინდა წყლის გამონაგონია.

უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე მომუშავე ლაბორატორიებშიც კი, ასეთი შტამების არსებობა არ მიუთითებს უკრაინის მიერ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე".

წერილზე ხელმომწერები „სრულიად ველურ იდეას“ უწოდებენ, მათი განცხადებით რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, „რომ არსებობს სლავური დნმ-ი, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა გამოიყენონ სპეციალური ბიოლოგიური იარაღი“.

„ეს სრული ბოდვაა ყველასთვის, ვინც ბიოლოგიის სასკოლო კურსს მაინც იცნობს“, - ნათქვამია მიმართვაში.

„ასეთი განცხადებები გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების თეორიებთან და „არიული უმაღლესი რასის“ კულტთან დაბრუნებაა. მოვითხოვთ, შეწყდეს ცრუ, აბსოლუტურად უსაფუძვლო და სიძულვილის გამომწვევი განცხადებები უკრაინის ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების სავარაუდო მტკიცებულებებთან დაკავშირებით“, - წერენ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები.

ასევე ნახეთ ისევ "ბიოლოგიური იარაღი" უკრაინაში და "დენაციფიკაციის" ამაო მოლოდინი რუსეთში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ბიოლაბორატორიები აშშ-ის მიერ გამოიყენებოდეს ისეთი ბიომასალების შესაქმნელად, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დასაავადებლად.

ასევე ნახეთ რუსეთი: უკრაინაში დასავლეთი ქმნიდა ბიოაგენტებს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში რუსული პროპაგანდის ქრესტომათიას უწოდებენ მოსკოვის განცხადებებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქოს უკრაინის მხრიდან მასობრივი განადგურების აკრძალული იარაღის გამოყენების თემის წამოწევა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ამზადებს პროვოკაციებს ქიმიური თავდასხმის გასამართლებლად.

ასევე ნახეთ ზელენსკის თქმით, რუსეთი ამზადებს პროვოკაციებს ქიმიური იარაღით თავდასხმის გასამართლებლად

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.