უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის მხარემ დაკარგა პირადი შემადგენლობის 266 სამხედრო, 18 ტანკი, 60 ერთეული სამხედრო ჯავშანმანქანა და 2 საარტილერიო სისტემა. უკრაინული მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ არაფერს წერს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, რუსეთის ავიაციამ და საჰაერო თავდაცვამ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობისას გასულ დღე-ღამეში ჩამოაგდო 3 უკრაინული ვერტმფრენი Mi-24, 8 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ხუთი Bayraktar TB-2. ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ დღე-ღამის განმავლობაში გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების 107 ობიექტი, 6 სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი და საკომუნიკაციო ცენტრი, საბრძოლო მასალის 14 საცავი და სამხედრო ტექნიკის 11 საწყობი.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 11 მარტის დილის ჩათვლით, უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთის მხარემ დაკარგა დაახლოებით:
- პერსონალი - 12 000-ზე მეტი ადამიანი;
- ტანკი - 353;
- საბრძოლო ჯავშანტექნიკა - 1165;
- საარტილერიო სისტემები - 125;
- თვითმფრინავი - 57;
- ვერტმფრენები - 83.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, განადგურეს უკრაინული მხარის:
- 98 თვითმფრინავი;
- 118 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 1041 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
- 113 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა;
- 389 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები;
- 843 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
სხვა წყაროებით როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება.
ასევე ნახეთ 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - უკრაინის ომბუდსმენირუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.