საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მის გამართლებას ნიშნავს. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.
"ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.
და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!" - აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მორიგ გამარჯვებად აფასებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ. ესენი არიან:
ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრო: 2008 წლის ომზე საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა- მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი);
- ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი);
- დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გადის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, მსხვერპლთა ისტორიებს ემთხვევა.