ზელენსკის თქმით, რუსეთი ამზადებს პროვოკაციებს ქიმიური იარაღით თავდასხმის გასამართლებლად

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე.

„რა არის ეს ბრალდებები ქიმიური თავდასხმების მომზადების შესახებ? თქვენ გადაწყვიტეთ უკრაინის "დექიმიიზაცია"? ამიაკით? ფოსფორით? კიდევ რა მოგვიმზადეთ? სად შეუტევთ ქიმიური იარაღით? მარიუპოლის სამშობიაროს? ხარკოვის ეკლესიებს? ბავშვთა საავადმყოფოებს? - მიმართა ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლებას და დაამატა, - მე ვარ ადეკვატური ადამიანი. ადეკვატური ქვეყნის, ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი. და ორი შვილის მამა. და არანაირი ქიმიური ან რაიმე სხვა მასობრივი განადგურების იარაღი ჩემს მიწაზე არ შემუშავებულა. ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ეს იცით თქვენ. და თუკი თქვენ ჩვენ წინააღმდეგ მსგავს რამეს გააკეთებთ, თქვენ მიიღებთ უსასტიკეს სანქცირებულ პასუხს“.

პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი პროპაგანდის მეშვეობით გამუდმებით ადანაშაულებს თავისი თავდასხმის მსხვერპლთ.

„ყველას კარგად ახსოვს, როგორ წაართვეს მოლდოვას დნესტრისპირეთი, როგორ მოგლიჯეს საქართველოს აფხაზეთი, უკრაინას - დონბასი და ყირიმი. თვითონ მოდიან ჩვენს მიწაზე, იტაცებენ ჩვენს მიწას", - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქოს უკრაინის მხრიდან მასობრივი განადგურების აკრძალული იარაღის გამოყენების თემის წამოწევა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ამზადებს პროვოკაციებს ქიმიური თავდასხმის გასამართლებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში რუსული პროპაგანდის ქრესტომათიას უწოდებენ მოსკოვის განცხადებებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნიდა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, მსგავსი აბსურდული და ღიმილისმომგვრელი განცხადებებით და კლასიკური პროპაგანდით რუსეთი შესაძლოა, თავად ამზადებს საფუძველს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის.

ასევე ნახეთ რუსეთი: უკრაინაში დასავლეთი ქმნიდა ბიოაგენტებს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ