„კადიროვცი“ და „სხვა ჩეჩნები“ პუტინის ომში

უკრაინის ომში კიდევ ერთი კონფლიქტი მიმდინარეობს. თუ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსული აგრესიის სახედ იქცა, ჩეჩენთა ნაწილი უკრაინის თავდაცვაში მოხალისეებად იბრძვის კრემლის წინააღმდეგ.

პუტინის მოკავშირე რამზან კადიროვი ომის დაწყებიდან თითქმის ყოველდღე, სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვიდეოებს ჩეჩენ სამხედროებზე. ის ემუქრება უკრაინელ ჯარისკაცებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩეჩენ მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს.

პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ჩეჩნები კი უკრაინაში ომს აღიქვამენ, როგორც შურისძიების შესაძლებლობას „რუსეთის იმპერიის“ წინააღმდეგ, ჩეჩნეთის გამანადგურებელი ომების გამო.

„კადიროვცი“ - ელიტარული დანაყოფი თუ პროპაგანდის იარაღი

25 თებერვალს, კადიროვმა გროზნოს ცენტრში დემონსტრაციულად შეკრიბა რუსეთის უსაფრთხოების ძალების ათასობით ჩეჩენი წევრი და პუტინის ნებისმიერი დავალების მიღებაზე მზაობა გამოაცხადა.

ჩეჩენი სამხედროები, გროზნო, ჩეჩნეთი. 25 თებერვალი, 2022.

თუმცა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩეჩნები ავრცელებდნენ თითქოსდა უკრაინის საზღვრისკენ მათი გადაადგილების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს.

24-25 თებერვალს, მათ დაიწყეს უკრაინის საზღვრის კვეთა ჩრდილოეთიდან - ბელარუსიდან, სადაც სამხედრო აგრესიის დაწყების წინა დღით დაიკავეს პოზიციები. ამას ადასტურებს მათივე ვიდეოები, რომლებშიც ჩანს სასაზღვრო პუნქტ „პრიპიატის“ აბრა.

თავადვე გამოაქვეყნეს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, უკრაინის სამხედრო ბაზა „გოსტომელში“ გადაღებული ვიდეოები.

ჩეჩნები, ასევე, შენიშნეს კიევის ჩრდილოეთით, საიდანაც ჩერნობილის ბირთვული ზონის გავლით უკრაინის დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.

უცნობია, ზუსტად რამდენი კაცი გაგზავნა კადიროვმა უკრაინაში, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი რიცხვი შესაძლოა რამდენიმე ათასი იყოს.

პირველ მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, გოსტომელში „ლიკვიდირებულია“ ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელსაც მისივე თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციის ამოცანა ჰქონდა.

ფართოდ გავრცელებულ ჩეჩნურენოვან აუდიოჩანაწერში, კაცი ჰყვება ათობით მსხვერპლის შესახებ, რომელიც მისმა ქვედანაყოფმა მიიღო უკრაინული „ბაირაკტარის“ თვითმფრინავის დარტყმის შემდეგ.

„მაგომედ, არ ვიცი, პირველი და მეორე ასეული განადგურდა, გადარჩა მხოლოდ რვა ადამიანი. მეორე ბატალიონი მთლიანად დააწვინეს. არტილერიის გარდა არაფერი დაგვრჩა, ვერაფრით ვიგერიებთ. ჩვენც დედა გვიტირეს“, - ამბობს კაცი ჩანაწერში. კონკრეტულად სად მოხდა ეს და რომელი რუსული სამხედრო ნაწილის დანაკარგზეა საუბარი, დადგენილი არ არის.

26 თებერვალს კადიროვი ამტკიცებდა, რომ უკრაინაში არც ერთ ჩეჩენს თავიდან თმაც კი არ ჩამოვარდნია. მაგრამ აუდიოჩანაწერის გავრცელების ფონზე, 1 მარტს მან აღიარა პირველი დანაკარგები - ორი მოკლული და 6 დაჭრილი.

საერთო ჯამში, „კავკაზ რეალიის“ დათვლით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიის სულ მცირე 97 მცხოვრები დაიღუპა.

ჩეჩნეთის მედია აჩვენებს, როგორც უხდის მილიონ რუბლს გარდაცვლილი სამხედროების მშობლებს ხელისუფლება კამერების წინ, პირდაპირ დაკრძალვის დროს.

კადიროვი იქცა გამონაკლისად რუს ჩინოვნიკებს შორის, რომელიც საჯაროდ სთხოვს პრეზიდენტ პუტინს კიევზე შტურმის უფლება მისცეს, „ზედმეტი ცერემონიების გარეშე, ნაცისტების და ტერორისტების გასანადგურებლად და ქალაქების გასათავისუფლებლად“.

რამზან კადიროვი მიმართავს გროზნოს ცენტრში შეკრებილ ჩეჩენ სამხედროებს. 25 თებერვალი, 2022.

„ეს არის მოძალადე ადამიანი, ეს არის მისი ფსიქოტიპი. ამიტომ, კრემლის პროპაგანდისტები მოელიან, რომ ის ორგანული და ეფექტური იქნება ამ როლში. ბოლო წლებში რუსულ საზოგადოებას შეგნებულად აჩვენებენ კადიროვის იმიჯს, როგორც მკაცრი მმართველისა, რომელიც აიძულებს ოპონენტებს ბოდიშის მოხდას და სჯის მათ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ სავა.

ისლამ ბელოკიევი, იუტუბ არხის, „ისლამის აზრების“ („Мысли Ислама“) ავტორი ამბობს, რომ რუსეთის გვარდიის მებრძოლებს - რომელთაც ეძახიან „კადიროვცი“ - ჩამოეწერებათ ყველაფერი. მისივე აზრით, ერთი მხრივ ეს ჯგუფი ამაღლებს რუსების სულისკვეთებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩეჩნებზე მიმართულია ყურადღების კოლოსალური ნაწილი.

„რუსეთის შიგნითაც, ლიბერალური მედიაც კი გამოყოფს ჩეჩნებს, როგორც დამოუკიდებელ დამრტყმელ ჯგუფებს. რისთვის სჭირდება ეს კრემლს? მსოფლიო საზოგადოების ჩეჩნების წინააღმდეგ განსაწყობად. ჩეჩენმა ხალხმა ხომ წამოიწყო აჯანყება დამოუკიდებლობისთვის და თუ მსოფლიო შეიძულებს მათ, ჩათვლის მათ ბოევიკებად და მკვლელებად, მათ არავინ დაეხმარება. ეს არის კარგად გააზრებული სტრატეგია ნეგატიური იმიჯის შესაქმნელად“, - დარწმუნებულია ბელოკიევი.

ჩეჩნური მოდელი უკრაინისთვის

ჩეჩნეთის რესპუბლიკა თავისი მმართველით განასახიერებს იმას, რისი გაკეთებაც სურს პუტინს უკრაინაში.

პავლო კლიმკინმა, უკრაინის ყოფილმა საგარეო მინისტრმა The Guardian-ს უთხრა, რომ არაერთხელ მოუსმენია თავისი რუსი კოლეგისგან, სერგეი ლავროვისგან, რომ კიევმა ჩეჩნეთი მოდელად უნდა მიიღოს.

რუსეთის იმპერიისა და შემდგომში საბჭოთა კავშირის მუდმივად მეამბოხე ნაწილი, გროზნო მოსკოვს 1991 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1994-1996 წლების ომი ფედერალურ ჯარებზე ჩეჩნების გამარჯვებით დასრულდა.

1999 წელს, ვლადიმირ პუტინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვეში, მოსკოვსა და ორ სხვა ქალაქში აფეთქებებმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პუტინმა ტერორისტულ აქტებში ჩეჩენი სეპარატისტები დაადანაშაულა და გროზნოს დაბომბვის ბრძანება გასცა. დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელმაც მიწასთან გაასწორა დედაქალაქი გროზნო. ჩეჩნეთში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ერთი ამდენმა დატოვა სამშობლო.

განადგურებული გროზნო. 17 თებერვალი, 2000.

ალექსანდრ ლიტვინენკო, 2006 წელს ლონდონში მოკლული „ეფესბეს“ ყოფილი აგენტი ამტკიცებდა, რომ „ეფესბემ“, პუტინის თანხმობით, თავად ააფეთქა რუსეთის ქალაქებში მრავალბინიანი სახლები, რათა პუტინს პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში დახმარებოდა. ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლეს.

მოსკოვმა ჩეჩნეთს სათავეში რამზან კადიროვი ჩაუყენა, მისცა დიდი ოდენობით ფული რესპუბლიკის აღსადგენად და დაუსჯელად მართვის უფლება.

ჩეჩნები უკრაინის თავდაცვაში

„კადიროვცი“ არ არიან ჩეჩენთა ერთადერთი ჯგუფი უკრაინაში. 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინული ყირიმის ანექსიის და დონბასში სეპარატისტული კონფლიქტის გაჩაღების შემდეგ, გამოჩნდნენ ჩეჩენთა ბატალიონები, რომელთაც კონფლიქტში ჩართვა და ამ გზით რუსეთზე შურისძიება გადაწყვიტეს.

ჩამოყალიბდა ჩეჩნების ორი ბატალიონი: ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტისა და შეიხ მანსურის, მე-18 საუკუნის ჩეჩენი მეთაურის, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა.

შეიხ მანსურის ბატალიონი დონბასში. 10 ივლისი, 2015.

კიევის დიასპორის წარმომადგენელმა, რუსლან სიდაევმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, რომ კიევის დაცვაში 200-300 ჩრდილოეთ კავკასიელი მონაწილეობს.

ერთ-ერთი ჩეჩენი მებრძოლი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჩეჩნები ახლა მხოლოდ უკრაინას კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროს დასაცავად იბრძვიან - თუ ისინი [რუსები] აქ გაიმარჯვებენ, არ გაჩერდებიან და წავლენ უფრო შორს, მაგალითად, ბალტიისპირეთში.

მისივე თქმით, ჩეჩენთა ბატალიონის რიგებში ბევრი ჯერ კიდევ [ჩეჩნეთის] პირველი ომიდან მოყოლებული მონაწილეობს წინააღმდეგობაში და ახლა ისინი კიევის დასაცავად იბრძვიან.

ჯოხარ დუდაევის ბატალიონის მეთაურმა, ადამ ოსმაევმა - რომელმაც განათლება ბრიტანეთში მიიღო - ვიდეომიმართვაში „უკრაინის ოკუპანტებს“ მიმართა.

„მინდა მივმართო „კადიროვცებს“, ჩეჩნურად მოლაპარაკე არსებებს. არც ისინი უნდა მოკვდნენ. თუ სინდისი არ აქვთ, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც უნდა ჰქონდეთ… მოვუწოდებ მათ გადავიდნენ უკრაინის მხარეს. აქ მეთაურებს, გენერლებს შორისაც კი არიან ჩეჩენი ეროვნების ადამიანები. თქვენზე იზრუნებენ… წარმოუდგენელია, რომ ჩეჩნები, რომელთაც რამდენიმე გენოციდი განიცადეს რუსეთისგან, დღეს რუსეთის მხარეს იყვნენ“, - ამბობს ოსმაევი.

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის მეთაურმა მუსლიმ ჩებერლოევსკიმ ჩეჩნებსა და ინგუშებს მოუწოდა შეუერთდნენ უკრაინელი ხალხის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. მისი მიმართვა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილმა ანზორმა გამოაქვეყნა.

„ახლა უკრაინაში წყდება მთელი პროგრესული და თავისუფალი კაცობრიობის ბედი და ყოველ თავისუფლებისმოყვარე ადამიანს არ აქვს უფლება გვერდით დარჩეს“.

მისი თქმით, ეს ფორმირება მთლიანად ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ყველა მოხალისეს, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა და ეროვნებისა, გარანტირებული აქვს უკრაინაში კანონიერად ყოფნის უფლება.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლვოვში ჩეჩენ მოხალისეთა კიდევ ერთი რაზმი იქმნება, რომელიც მზად არის რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

მებრძოლი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ საერთო ჯამში, უკრაინის ომი ჰგავს ჩეჩნეთის ომს - სისასტიკით, ბარბაროსობით, რადგან ისინი [რუსები] ბომბავენ ყველაფერს - ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს. იყენებენ იმავე ტაქტიკას, რაც ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში გამოიყენეს.