მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, - ასე პასუხობს მოქალაქეების უმრავლესობა, როდესაც ეკითხებიან, რას ფიქრობენ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე”.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებულ შედეგებში გამოკითხულთა 68% მხარს უჭერდა პუტინის გადაწყვეტილებას. 3 მარტს საზოგადოებრივი აზრის ფონდის (ФОМ)-ის შედეგებმა კი აჩვენა, რომ უკრაინაში შეჭრა სწორად 65%-ს მიაჩნია. ორივე ორგანიზაცია სახელმწიფოს მფლობელობაშია.
28 თებერვალს - 1 მარტს მოსახლეობა დამოუკიდებელმა სოციოლოგებმაც გამოკითხეს. მათთან საუბრისას, მხოლოდ 27%-მა გააპროტესტა ომი, 51%-მა კი მხარი დაუჭირა. 4 მარტს გამოქვეყნებული შედეგებიდან ვიგებთ, რომ მხარდამჭერთა შორის თითქმის 73% ენდობა რუსულ ტელევიზიას.
სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ასევე უფრო მტკიცე ხდება ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაც. სახელისუფლებო ორგანოების (ВЦИОМ და ФОМ) მონაცემებით, მისი ნდობის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა.
თუმცა სოციოლოგების ნაწილს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს შედეგები ზუსტად ასახავს მოსახლეობის დამოკიდებულებას. მათი თქმით, ახლა თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობს ხალხი.
ხომ არ „ალამაზებენ” სახელმწიფო უწყებები გამოკითხვების შედეგებს? ეს კითხვა რუსეთში წლებია აწუხებთ. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ, როგორც წესი, საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელ და სახელმწიფო კვლევებს შორის მხოლოდ მცირე განსხვავებაა ხოლმე კრემლის პოზიციის სასარგებლოდ. საერთო ტენდენციები კი მსგავსია.
“ყირიმის ეფექტი”
დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციას, „ლევადა ცენტრს” საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ბოლოს მოქალაქეები 15-21 თებერვალს გამოკითხეს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე. 52%-მა თქვა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. პრეზიდენტს კი მხარი გამოკითხულთა 71%-მა დაუჭირა.
პუტინის რეიტინგი „ლევადა ცენტრმა” პირველად 1999 წლის აგვისტოში გაზომა. მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, და მის საქმიანობას რეკორდულად ცოტა, გამოკითხულთა 31% იწონებდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა ჩეჩნეთში ომი ხელმეორედ დაიწყო, ნოემბერში კი პუტინს უკვე მოსახლეობის 80% უჭერდა მხარს. პუტინი სახელმწიფოს მეთაური 1999 წლის 31 დეკემბერს გახდა, და იქიდან მოყოლებული, მისი „მოწონების რეიტინგი” 59%-ზე დაბლა არ ჩამოსულა. ეს 2020 წლის აპრილში მოხდა.
იმ დროისთვის მას უკვე კარგად ჰქონდა დაცდილი საკუთარი რეიტინგის აწევის საიმედო გზა.
2008-დან 2013 წლამდე, სახელმწიფოს მეთაურის რეიტინგი სტაბილურად ეცემოდა. 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 37%-მა თქვა, რომ არ მოსწონს პუტინის საქმიანობა. მის მხარდამჭერთა რაოდენობა კი ყველაზე დაბალი აღმოჩნდა 1999 წლის შემდეგ - 61%.
2014 წლის მარტში უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმში უკანონო რეფერენდუმი ჩატარდა და ის რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. აპრილში მხოლოდ 17%-ს აღარ მოსწონდა პუტინი, 82% კი მხარს უჭერდა. ამაზე მეტი მომწონებელი მას მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ ჰყავდა.
2014 წელს პრეზიდენტის „აღმავლობას” რუსმა სოციოლოგებმა „ყირიმის ეფექტი” უწოდეს. თუმცა „ლევადა ცენტრის” დირექტორი, ლევ გუდკოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პუტინის რეიტინგი ყოველთვის იზრდებოდა საომარი მოქმედებების დროს. პარალელურად კი მატულობდა სიძულვილი დასავლეთისა და იმის მიმართ, ვისაც პუტინი ეომებოდა.
ომის დაწყებამდე, უკრაინასთან ურთიერთობის გამწვავებაში „გამოკითხულთა 60%-მა დაადანაშაულა აშშ და ნატოს ქვეყნები, 14%-მა - უკრაინა, და მხოლოდ 3%-მა - რუსეთი. ეს პროპაგანდის ეფექტიანობის საუკეთესო ილუსტრაციაა და ასევე იმ რეალობის ხელოვნურად შექმნის, რომელშიც ვცხოვრობთ”, - თქვა ლევ გუდკოვმა.
კი, მაგრამ არა
ამასთანავე, სოციოლოგების ნაწილი ამბობს, რომ ომის დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები განსაკუთრებით არასანდოა.
მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, კითხვას როგორ სვამენ, ტელეფონით ელაპარაკებიან თუ პირადად. სატელეფონო გამოკითხვები უფრო აფრთხობთ ადამიანებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კითხვის სხვადასხვა ფორმულირება განსაკუთრებით ზემოქმედებს პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ და ჩამოუყალიბებელ ადამიანებზე.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში დღეს ისედაც შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება - დაბლოკილია კრიტიკული მედია და კრემლი არ ტოვებს სივრცეს მოვლენების განსხვავებულად ინტერპრეტირებისთვის. თანაც, საზოგადოებაში უკვე არსებობს კოლექტიური მეხსიერება სახელმწიფოს მხრიდან სისტემური ძალადობის შესახებ.
ანუ როდესაც რესპონდენტებს კრემლის ენაზე ელაპარაკებიან და ეკითხებიან, „სპეცოპერაცია” და არა „ომიო”, მათი ნაწილი უკვე ხვდება მინიშნებას და ცდილობს, „სწორად” უპასუხოს.
„როდესაც რაღაცა არ გაინტერესებს, შოკური მოვლენის მერე, მზად ხარ მიიღო ნებისმიერი მოსახერხებელი ინტერპრეტაცია, რომელსაც შემოგთავაზებენ. ჩვენთან სწორედ ეს მოხდა - ბევრი ადამიანი უბრალოდ ეჭიდება იმ ფორმულირებებს, რომელსაც სახელმწიფო პროპაგანდა სთავაზობთ. ეს შედარებით კომფორტული არჩევანია: პრობლემები არავის სჭირდება, განსაკუთრებით საომარ დროს”, - უთხრა „მედუზას” სოციოლოგმა გრიგორი იუდინმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კვლევებშიც კი თვალშისაცემია, რომ 30 წლამდე ადამიანები, მეტწილად მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან, გაცილებით უფრო ხშირად ეწინააღმდეგებიან ომს. აი, პენსიონერებს შორის კი „სპეცოპერაციას” 10-დან 9 კაცი იწონებს.
კვლევითმა ორგანიზაცია tazeros-მა გააანალიზა 2 მილიონზე მეტი პოსტი, რომელიც რუსმა მომხმარებლებმა 24 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით გამოქვეყნეს ფეისბუკსა და ტვიტერზე.
როგორც აღმოჩნდა, პოსტების ნახევარზე ოდნავ მეტი (52%) აქაც ომს უჭერდა მხარს, და მხოლოდ 30%-ია წინააღმდეგი. თუმცა, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების თითქმის მესამედი საკუთარ პოსტებში გამოხატავს თანაგრძნობას უკრაინელების მიმართ.