რადიო თავისუფლება უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ნათესავების ძებნას განაგრძობს. რუსეთს დღემდე არ გამოუქვეყნებია, თავისი „სპეცოპერაციის“ რამდენი მონაწილე ჩავარდა ტყვედ. მათი ბედის შესახებ ინფორმაციას ტყვეების ახლობლები ძირითადად არა თავდაცვის სამინისტროსგან, არამედ ინტერნეტიდან იგებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა ოთხშაბთს დილით გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში უკვე 12 000 ადამიანს მიაღწია, დაჭრილების და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების ჩათვლით.
ეს რიცხვი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე სამხედრო კონფლიქტებისას, შესაძლებელია გაზვიადებული იყოს. კიდევ უფრო ცოტაა ინფორმაცია რუს ტყვეებზე, რომელთა ახალი ვიდეოები ყოველ საათს იდება სოციალურ ქსელებში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო 2000 ტყვეზე წერს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შექმნა საიტი „ოკუპანტი“, რომელზეც ოპერატიულად ქვეყნდება ინფორმაცია ტყვეების შესახებ. ამ უწყების სიაში 400-მდე გვარია - აქ მარტო ისინი ხვდებიან, ვისი ვინაობაც დადგენილია.
ბინის ფულის დასაგროვებლად
- გვარი, სახელი, მამის სახელი? - უხეშად კითხულობს კაცი.
- გრიგორიანი გეორგი პეტროვიჩი, - პასუხობს ახალგაზდა ბიჭი, - 2000 წელს დაბადებული, პოზიცია: მემიზნე ოპერატორი. მშობლები დონის როსტოვში ცხოვრობენ.
- რა გინდათ, მშობლებს უთხრათ?
- არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგადაა.
ვიდეო ამ სიტყვებზე წყდება. თებერვლის ბოლოდან ასეთი ვიდეოები მასობრივად ქვეყნდება ტელეგრამ-არხებზე, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მათზე ძირითადად ის ბიჭებია აღბეჭდილი, რომლებმაც სამხედრო სამსახურზე კონტრაქტს სულ ახლახან მოაწერეს ხელი. ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ - არც მოუწერიათ. თავდაცვის სამინისტრო და ის მედიაორგანიზაციები, ვინც კრემლის პროპაგანდას ავრცელებენ, ასეთ ვიდეოებს „ფეიკებს“ უწოდებენ, ამბობენ, რომ მათ რუსული ჯარის დემორალიზაციის მიზნით ქმნიან.
რადიო თავისუფლებამ გეორგის მეგობრები იპოვა და მის მამასაც ესაუბრა.
- ძალიან კეთილი ბიჭია, - ამბობს მისი საუკეთესო მეგობარი დანილი, - პირველი კლასიდან ვიცნობ, ჯარშიც ერთად წავედით. ორიოდე თვის შემდეგ გადაწყვიტა კონტრაქტი დაედო. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, რომ მათ სპეცოპერაციაზე უშვებდნენ. ყველა ამბობდა, წვრთნებზეო. გზიდან დაგვირეკა ერთი-ორჯერ, გვითხრა, უკვე უკრაინის საზღვართან ვდგავართ, ტელეფონები ყველას ჩამოართვესო. შემდეგ კავშირი აღარ გვქონია და მერე კი გავიგეთ, რომ ტყვედ ჩავარდა.
- ჯარში მსახურების რა გამოცდილება ჰქონდა?
- წელიწად-ნახევარი, საერთოდ არ იყო მზად, მხოლოდ ბალახს თიბავდნენ და წვრთნებზე დადიოდნენ.
- რატომ გადაწყვიტა, კონტრაქტზე ხელი მოეწერა?
- გოგოსთან ერთად ცხოვრობდა და უნდოდა ბინის ფული შეეგროვებინა. იმედი გვაქვს, სახლში დაბრუნდება და ყველაფერი ისევ ნორმალურად იქნება. ყველა ველით, მეგობრებიც, ნათესავებიც, ყველა, ვინც იცნობს.
- გოგოც?
- კი, უკვე საცოლეა, დიდი ხანია არაა, რაც ხელი სთხოვა.
გეორგის მშობლები ასევე ცდილობდნენ შვილთან დაკავშირებას. მამამ სამხედრო პროკურატურაში გაგზავნა მოთხოვნა, ასევე „ჯარისკაცების დედების კომიტეტში“, რომ გაეგო, რა დაემართა და ტყვეებს თუ გაცვლიან. პასუხი დღემდე არ მიუღია.
- კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ მას შემდეგ შემეძლება რამის თქმა, რაც ჩემს შვილს დავინახავ. არავინ არაფერს გვეუბნება. ხომ ნახეთ ვიდეო, ესე იგი ყველაფერი იცით. ჩემი შვილი ყოველთვის მშვიდი და კეთილი იყო, გულისხმიერი, არავის გაანაწყენებდა, მეტი რა ვთქვა.
„კონტაქტებში“ გეორგის კედელზე ბევრი ფოტოა, ძირითადად თავის გოგოსთან ვალერიასთან ერთად გადაღებული, სამხედრო სამსახურში გადაღებული ფოტო არ დევს.
- 28-ში ღამით გავიგე, - ჰყვება ვალერია, - დაღლილი, მეტიც, განწირული ადამიანის ხმა ჰქონდა. ღამის ორ საათზე გამომიგზავნეს ეს ვიდეო. გავნერვიულდი. ვიცოდი, რომ მამას დაურეკა. თავიდანვე ძალიან შემეშინდა, როცა თქვა, კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელიო.
კიდევ ერთ მსგავს ვიდეოზე, ბიჭი კედელთან ზის, კედელზე უკრაინის დროშაა დამაგრებული. გვარი არასწორად აქვთ მითითებული - არტიომ „გლავაცკიხი“, „გლავატსკიხის“ ნაცვლად. უდმურტეთის რესპუბლიკა, დაბა ბელეზინო. დაბადებულია 1999 წელს. სოციალურ ქსელში ჯართან დაკავშირებით ბევრი რამ აქვს დაწერილი. როგორც ჩანს, მანამდე ზეინკლად მუშაობდა. შევეცადეთ არტიომის დედას დავკავშირებოდით, მაგრამ არ გვიპასუხა.
- მშობლებმა იციან, - გვითხრა მათმა ნაცნობმა, - ნომრები არ მაქვს.
„არ ვიცი, დედა გაუძლებს თუ არა“
შემდეგი ვიდეო დმიტრი ნაუმენკოსია: 2001 წელს დაბადებული, ვოლგოგრადის ოლქიდან, 33-ე მოტომსროლელი პოლკი. ვიდეოზე ახალგაზრდა, ყურპარტყუნა ბიჭი ჩანს, პირად მონაცემებს მონოტონურად კითხულობს და ბოლოს ასევე მონოტონურად ამატებს: „დედა, წამიყვანე აქედან“.
ჩვენ მის ძმას, დენისს დაველაპარაკეთ. ოჯახში სამნი არიან, დმიტრი უმცროსია.
- მარტო ის თქვა, წვრთნებზე მივდივარო. ალტერნატიურ სამსახურზე მოაწერა ხელი, რომ წელი არ დაეკარგა და ომში აღმოჩნდა. სამი ძმები ვართ, დედა ნერვიული აფეთქების ზღვარზეა, წამლებს სვამს, ნემსებს იკეთებს. არ ვიცი, გაუძლებს თუ არა ამ ყველაფერს. ძალიან ვდარდობ ძმაზე. იმედი მაქვს, დაბრუნდება სახლში.
რუსეთის სიღრმეში ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის დამალვა გაცილებით რთულია, ვიდრე დიდ ქალაქში. მეგობრები და ახლობლები მაშინვე ერთმანეთს უზიარებენ მომხდარს, ყველა ერთ სკოლაში დადის, ერთ ქუჩაზე, ერთად ისვენებენ და მომავალ ცხოვრებასაც ერთად გეგმავენ. დმიტრის ნაცნობები შეეცადნენ, იმ 15 სამხედროს შესახებაც მოეძიებიათ ინფორმაცია, რომლებიც მათი მშობლიური ქალაქიდან არიან. ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.
ახლა სამხედროების მშობლებმა არ იციან, ვის მიმართონ და საერთოდ თუ არის მათი შვილების სახლში დაბრუნების იმედი. ისინი პროკურატურასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კომისიას სამხედრო ტყვეების საკითხებზე. იქ კომენტარზე უარი თქვეს, ისევე როგორც - თავდაცვის სამინისტროში.
„ზარების რაოდენობის გამო პარალიზებულები ვართ“
- ყოველ წუთას რეკავენ, - ამბობს ალექსანდრ ლატინინი, „ჯარისკაცების დედების კომიტეტის“ იურისტი, - გუშინ 2000 ზარს ვუპასუხეთ. ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, მათი შვილი ცოცხალია თუ არა, და თუ კი, სად არის, უკრაინაში თუ საზღვართან. ყველას ვურჩევთ, თუ ნამდვილად იციან, რომ ტყვედაა, სამხედრო პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს მიმართონ. ამას წინათ თავდაცვის სამინისტრომ ცხელი ხაზი გახსნა იმ დედებისთვის, ვისაც უნდა შეიტყოს, სად იმყოფება მისი შვილი.
ზარების რაოდენობის გამო პარალიზებულები ვართ. ნათესავების გარდა, მეგობრები და სამხედროების გოგოებიც გვირეკავენ. იზრდება „ფეიკების“ რაოდენობაც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებზე ზეწოლის მიზნით ამზადებენ. მაგალითად, ვიღაცას უკრაინული ნომრიდან დაურეკავენ და მონაცემებს კარნახობენ. შემდეგ ატყობინებენ, რომ ტყვედაა ან ალყაში. არ წამოეგოთ ამ პროვოკაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამშობლო არცერთ ტყვეს არ მიატოვებს. ყველა შინ დაბრუნდება.
ვიდეოების უმეტესობა გამოქვეყნებულია საიტზე „ეძებე შენები“. ვიქტორ ანდრუსოვი, პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ამბობს, რომ ტყვეების უმეტესობას კარგად ექცევიან, თუმცა ზოგ ჯარისკაცს მოსახლეობა ატყვევებს და ექსცესებიც არ არის გამორიცხული.
- ვცდილობთ კონვენციების თანახმად ვიმოქმედოთ. მაგრამ ბევრი, ვინც ახლა იბრძვის, ტერიტორიული ოლქების დანაყოფებია, ეს არის ხალხი, ვინც უბრალოდ იარაღი აიღო და საკუთარ სახლს იცავს. ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავაკონტროლოთ, ისინი რას იზამენ.