ლავროვმა რადიკალების ბაზა უწოდა მარიუპოლში დაბომბილ სამშობიარო სახლს

მაშველებს ორსული ქალი გაჰყავთ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის დაბომბვის შემდეგ. 2022 წლის 9 მარტი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაბომბილ სამშობიარო სახლს უკრაინული ბატალიონი „აზოვი“ იყენებდა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან დღეს, 10 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ სამი დღის წინ მიაწოდეს „ფაქტები“ მარიუპოლის სამშობიარო სახლის შესახებ.

„ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია მიტაცებულია ბატალიონ აზოვის და სხვა რადიკალების მიერ. იქიდან გამოყარეს ყველა მელოგინე, ყველა მედდა და მთლიანად მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალური ბატალიონის, აზოვის ბაზა", - განაცხადა ლავროვმა.

რუსმა სამხედროებმა 9 მარტს დაბომბეს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და 17 დაიჭრა.

უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებმაც ანტალიაში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხეს მარიუპოლის საავადმყოფოს შენობის დაბომბვის შესახებ, ლავროვმა ისიც უთხრა, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ამ თემაზე დასავლური მედიის მიერ მომზადებულ, "ძალიან ემოციურ" რეპორტაჟებში ისევ უყურადღებოდ იყო დატოვებული მეორე, "ობიექტური შთაბეჭდილების შემქმნელი" მხარე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.