ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს უკრაინელთა გენოციდი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა ქალაქ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შესახებ. „დღეს არის დღე, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს. განსაზღვრავს, ვინ ვის მხარეს იქნება. რუსეთის ბომბები დაეცა საავადმყოფოსა და სამშობიაროს მარიუპოლში“, - აცხადებს ის.

ზელენსკი მიუთითებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედება წარმოადგენს უკრაინელთა გენოციდს.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ათეულობით ქალაქში, რომლებიც რუსეთის ფედერაციისთვის არასდროს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, დანგრეულია საავადმყოფოები, სკოლები, ეკლესიები, სახლები, დახოცეს ადამიანები, მათ შორის ბავშვები. „საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს სამშობიაროში - ეს საბოლოო მტკიცებულებაა. მტკიცებულებაა იმისა, რომ მიმდინარეობს უკრაინელთა გენოციდი“, - დაამატა მან.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.