​​​​​​​ოთხი ქალის ამბავი - უკრაინის ომიდან საქართველოში​​​​​​​

უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვარზე, საიდანაც მათ სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიან. 9 მარტი

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, - ეს ის ფრაზაა, რომლითაც მწერლები წიგნების წერას იწყებენ. უკრაინიდან საქართველოში გამოხიზნული ადამიანებიც ასე იწყებენ მოყოლას: „დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მითხრეს, რომ ომი დაიწყო“.

19 წლის კარინა ლისტოპადი უკრაინიდან საქართველოში 8 მარტს ჩამოვიდა, მარტო. ვერავინ გამოყვა. ვერც ბებია და ბაბუა, მოხუცები იყვნენ, ვერც მამა, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

უკვე ძალიან საშიში იყო. თან ჩვენ ბინაში ვცხოვრობთ, იქ ბევრი შუშაა. მე და დედა რვა დღე თავშესაფარში ვისხედით. ამ ხნის განმავლობაში გარეთ ან ისროდნენ, ან თვითმფრინავები დაფრინავდნენ“,- ჰყვება კარინა.

რამდენიმე დღეში საჭმელი გაუთავდათ. რუსულ ტანკებს რომ ვერ გაევლო, კიევში შესასვლელი ხიდები ააფეთქეს, პროდუქტებით მომარაგებაც ამის შემდეგ გაჭირდა.

გრადიდანისროდნენ. რამდენიმე ზალპი და დარტყმის ტალღა - საზარელი რამეა. სახლი ირყეოდა და ფანჯრები იღუნებოდა. მაშინ გადავწყვიტეთ, გავქცეულიყავით“.

თუმცა, კარინა მარტო წამოვიდა. ლვოვამდე მანქანით მიიყვანეს, მერე კი პოლონეთის საზღვარს გაუყვა ფეხით.

პოლონეთის საზღვართან

„მანქანების ხუთკილომეტრიანი რიგი იდგა. კიდევ ხალხი: ქალები, ბავშვები, ჩვილები. მამაკაცებს უკრაინის დატოვების უფლება არა აქვთ და ამიტომ ქალებს ორი-სამი ბავშვი მარტოებს მოჰყავთ. თან ცივა, ყინავს, თავს ვერაფერს შეაფარებ. ბავშვები ტირიან. 7 საათი ვიდექი საზღვარზე, სანამ შემოწმებას გავივლიდი. ეს კიდევ გამიმართლა, სხვები დღეები დგანან, განსაკუთრებით ისინი, ვინც მანქანებით არიან, მანქანების შემოწმებას დიდი დრო მიაქვს“.

პოლონეთში ავტობუსები დახვდათ. საქართველოში გადმოსაფრენად კარინა კრაკოვში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ავტობუსში ასვლაზე ისეთი ზედახორა გაიმართა, რომ სხვა, შედარებით პატარა ქალაქში წასვლა გადაწყვიტა. იმ ქალაქიდან ვარშავაში, ვარშავიდან კრაკოვში, კრაკოვიდან ქუთაისში, ქუთაისიდან კი ბათუმში - აი, ამ გზის გამოვლა მოუწია 19 წლის გოგოს სამშვიდობოზე გამოსაღწევად.

ქუთაისში მკითხეს, საიდან ვიყავი და როცა ვუპასუხე, ბათუმის ბილეთის ფული აღარ გამოურთმევიათ“.

როგორც სათაგურში

იულია ხარკოვის გარეუბნიდან არის. როდესაც ომი დაიწყო, რუსეთში ახლობლებთან იყო სტუმრად, ბავშვებიც თან ჰყავდა, 10 და 12 წლის პატარები.

გამოვვარდი ქუჩაში, ვტიროდი, უკრაინული სიმღერები ჩავრთე, მეც ვმღეროდი. ხალხს ვეკითხებოდი, რატომ ხდება ასე? მე ხარკოვიდან ვარ, მე არ მჭირდება ახსნა. ბევრი ამბობდა, რომ ყველაფერი სწორია, ცოტა უნდა მოითმინოთ და გადაგარჩენენო, ერთმა ასაკოვანმა ქალმა მილიციაც კი გამოიძახა, უცხოეთის აგენტი ხარო. გავვოცდი, როდესაც დავინახე, როგორ ზუსტად ასახავდა ხალხის განწყობა იმას, რასაც რუსეთის მედია გადმოსცემდა“.

რუსეთში ვეღარ დარჩებოდა, ამიტომ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

რუსეთში რომ ვიყავი, ვხვდებოდი, რომ სათაგურში მოვხვდი და თუ ახლა ვერ გავაღწიე, მერე კარი დაიხურება, აქ ჩავრჩები. ფულიც აღარ მქონდა. მე შემოსავალი ხარკოვში ბინისა და მანქანის გაქირავებით მქონდა, რაც ომის გამო დაიკარგა. რუსეთში იმ ხალხისგანაც ვერ მივიღებდი დახმარებას, ვისაც ჩემზე შესტკიოდა გული, ამით მათ შევუქმნიდი საფრთხეს... როგორც კი საქართველოს საზღვარი გადმოვკვეთე, მაშინვე ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვარ“.

საქართველოში სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია, ხალხმა შეუწყო ხელი. ერთმა ოთახი დაუთმო, სხვამ საჭმელი მოუტანა. თუმცა, ამბობს, რომ ახლა ისევ სჭირდება ბინა და, შესაბამისად, დახმარებაც.

ახლა შეგუებისთვის მჭირდება ძალა, მაგრამ ჯერ გონზე ვერ მოვდივარ. ვხვდები, რომ უბინაოდ, უფულოდ, უსამსახუროდ ვარ, ორი ბავშვით ხელში. არ ვიცი, რას ვიზამ, ჯერ მხოლოდ ვლოცულობ“.

იქით, საითაც იაფია

ლიზა 26 წლისაა, ომს არც თავად მოსწრებია, არც მისი თანატოლები, ამიტომ პირველივე დღეს პანიკაში ჩავარდა. საზღვარზე ორი დღე იდგა, უკვე პოლონეთში გადასულმა კი ბილეთი კვიპროსის (თურქეთი) მიმართულებით იყიდა.

კვიპროსში არავინ მყავდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ იქ უფრო სიიაფეა, ვიდრე ევროპაში. მერე თვითმფრინავში ქართველი ბიჭი გავიცანი და საქართველოში ჩამოვედი. აქ პოკერის კლუბში ვიპოვე სამუშაო. ახლა ერთი დღით ვცხოვრობ, მერე რა იქნება, არ ვიცი“.

ნაცნობი კაფე ახალ ამბებში

კიეველ გოგონას, საშა მიკლაშონოკს მაშინ შეეშინდა, როცა საელჩოებმა უკრაინიდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყეს.

მუდმივად ახალ ამბებს ვუსმენდი, მერე ვიფიქრე, ცოტა დავისვენებ-მეთქი და პრაღაში წავედი. იქ დასვენებულზე უკვე ვფიქრობდი კიდეც, რომ ომი აღარ დაიწყებოდა. მერე ერთი თვით საქართველოშიც წამოვედი და დილას რომ გავიღვიძე, მობილური გზავნილებით იყო გადავსებული - ომი დაწყო“.

ევაკუაცია ირპინი, კიევის რაიონი.

ახლა საშა ფაქტობრივად საქართველოშია ჩარჩენილი. დიდი იმედი აქვს, რომ ომი მალე დამთავრდება და უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს, მანამდე უბრალოდ ახალ ამბებს უყურებს, შორიდან ადევნებს თვალს, რა ხდება იმ ადგილებში, რომელიც მისთვის უსაშველოდ ნაცნობია:

ფოტოებზე ვნახე, სახლები როგორაა დაბომბილი, მაგალითად, სახლი ლაბანოვსკაიაზე. ეს სახლი მშვენივრად ვიცი, იქ კბილის სამკურნალოდ დავდიოდი, კიდევ იქ კაფე იყო და ბებიას დაბადების დღე გადავუხადეთ... და აი, ახლა რაკეტა მოხვდა“.