„ომი ინფექციური დაავადებების საუკეთესო მეგობარია“ - სად გაქრა COVID19?

პანდემია არ დასრულებულა. უბრალოდ, დღეს ის ადამიანების დიდი ნაწილის აღქმებსა და მედიის პირველ გვერდებზე, უკრაინის ომმა ჩაანაცვლა. რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

ომი და COVID19

ზუსტად ორი კვირაა უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ებრძვის. ორი კვირაა, უკრაინის მოსახლეობის ერთი ნაწილი რუსეთის არმიის ნასროლ ჭურვებს სარდაფებსა და მეტროს სადგურებში ემალება, ნაწილი თავშესაფრის პოვნას მეზობელ ქვეყნებში ცდილობს და მატარებლებისა და ავტობუსების გრძელ რიგებში, დღეების განმავლობაში უწევთ დგომა.

უკრაინა-რუმინეთის საზღვარი, 7 მარტი

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო, ვეღარ ახერხებს ყოველდღიური და დეტალური მონაცემის გამოქვეყნებას ქვეყანაში კოვიდ-სტატისტიკის შესახებ. ერთადერთი მონაცემი, რაც ახლა COVID19-ის სტატისტიკის საერთაშორისო პორტალზე, worldometers-ზე ქვეყნდება, ეს არის ინფიცირებისა და გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი. პორტალის მონაცემებით, 8 მარტს უკრაინაში COVID19-ის 4332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 60 ადამიანი.

ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში კოვიდის 25 785 შემთხვევა დადასტურდა. იმ დღეს კოვიდით 276 ადამიანი გარდაიცვალა. 24 თებერვლის მონაცემებითვე, ბოლო 24 საათში, უკრაინაში ჩატარდა 113 396 ტესტი. ეს მონაცემები უკრაინის სამთავრობო საიტზე 24 თებერვლის შემდეგ აღარ განახლებულა. ამავე საიტის მონაცემებით, ომის დაწყებამდე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო მოსახლეობის მხოლოდ 35%.

უკრაინაში COVID19-ის გავრცელების პიკი იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დადასტურებული რიცხვი იკლებს, თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, ეს დიდწილად ტესტირების დაბალი მაჩვენებლის გამოძახილი უნდა იყოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანო ღებრეისუსი შიშობს, რომ უკრაინაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა და ომის დაწყების დღიდან, კოვიდ-ტესტირების ასევე დაბალი რიცხვების ფონზე, უკრაინის მოსახლეობა შესაძლოა „COVID19-ის მძიმედ მიმდინარე დაავადების გამოწვევის წინაშე დადგეს“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მსგავსად, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ეპიდემიოლოგი, ვაფა ელ-სადრი თვლის, რომ ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზების დაბალი მაჩვენებელი და ამასთანავე, საომარ სიტუაციაში აღმოჩენილი საზოგადოება, რა დროსაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომების მიღება, კოვიდის ახალი ტალღისთვის ნოყიერ ნიადაგად შეიძლება იქცეს. „სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა“, - ამბობს ის.

„ომი ინფექციური დაავადებების საუკეთესო მეგობარია“, - ასე ახასიათებს ომისა და პანდემიის ტანდემს მაიკლ ოსტერჰოლმი, მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი და აგრძელებს: „ომი ამცირებს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას და ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას ბომბსაფრებში, მატარებლებში. ეს შეიძლება იყოს „იდეალური“ მომენტი ახალი შტორმის წარმოსაქმნელად“.

ლვოვი. უკრაინის მოქალაქეები პოლონეთისკენ მიმავალ ავტობუსებში სხდებიან, 2 მარტი

თუკი უკრაინის საზღვრებიდან ან ბომბშესაფრებიდან გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთეულებს თუ უკეთიათ პირბადე. ცხადია, საომარ სიტუაციაში მყოფი ადამიანები, ვერც დისტანციის დაცვას ახერხებენ, ისეთ პირობებში უწევთ მგზავრობა ან თავშესაფრებში ყოფნა. არადა, ომის დაწყებისას ქვეყანა კოვიდის გავრცელების პიკში იმყოფებოდა და არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაავადებამ, რომელიც გავრცელების განსაკუთრებულად სწრაფი უნარით ხასიათდება, კვლავ იფეთქოს.

უკრაინის მოქალაქეები პოლონეთის საზღვარზე, 6 მარტი

„კორონავირუსის პერსპექტივა მათთვის, ვინც ახლა ომს გაურბის, საკმაოდ მრუმეა“, - უებნება New York Time-ს ერიკ ტონერი, ჰოპკინსის უნივერსიტეტში ბლუმბერგის სკოლის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი:

„ეს ადამიანები ძალიან მოწყვლადები არიან. მათ უწევთ მჭიდროდ დგომა, მგზავრობენ გადავსებული ავტობუსებითა და მატარებლებით, ღამეებს ათენებენ ლტოლვილთათვის გაშლილ ბანაკებსა და სასტუმროებში, ისინი ვერ ახერხებენ დისტანციის დაცვას და ნიღბების ტარებას, ამან ყველაფერმა კი შესაძლოა ვირუსს პროგრესის საშუალება მისცეს“.

თავშესაფრად ქცეული მეტროს სადგური, კიევი, 2 მარტი

გაეროს მომსახურების სააგენტო იტყობინება, რომ კოვიდ-აფეთქების ახალი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მეზობელი ქვეყნებიც. სააგენტოს განცხადებით, ამ რისკს ზრდის უკრაინიდან უსაფრთხო თავშესაფრის მაძიებელთა გადინება მეზობელ ქვეყნებში, იქნება ეს პოლონეთი თუ ევროპის სხვა ქვეყნები.

სააგენტოს თანახმადვე, ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე, კოვიდის აფეთქება, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა უკრაინის ჯანდაცვის სისტემისთვის. ექიმებს მოუწევთ არა მხოლოდ დაჭრილთა, არამედ კოვიდ-პაციენტთა მკურნალობაც. საომარ სიტუაციაში კოვიდის გავრცელების პრევენციისათვის ესოდენ აუცილებელი პირობის, იზოლაციის დაცვა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება.

მეცნიერები და ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტი რეგიონს ჰუმანიტარული კრიზისით ემუქრება და ეს კრიზისი იქნება არა მხოლოდ ტყვიებისა და ბომბების, არამედ COVID19-ის ახალი აფეთქების შედეგიც.

უკრაინელი ლტოლვილების ბანაკი, მოლდოვა, 7 მარტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების კვლევის თანახმად, 90-იან წლებში აღმოჩენილი ინფექციური დაავადებების 65% კონფლიქტის ზონაში ან ლტოლვილთა პოპულაციაში გაჩნდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი, ლეს რობერტსი, რომელსაც კონფლიქტის ზონებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, TIME-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებულად მოწყვლადნი არიან COVID19-ის მსგავსი, სწრაფად გავრცელებადი ვირუსების წინაშე:

"როდესაც სტრესს განიცდი, შენი იმუნური სისტემა კიდევ უფრო მეტად ქვეითდება. საომარ სიტუაციებსა თუ ლტოლვილთა ბანაკებში, არ გაქვს სრულფასოვნად კვების საშუალება, რაც ხელს გიშლის დაავადებასთან ბრძოლაში. კონფლიქტის ზონაში მოხვედრისას, გიწევს ადგილიდან ადგილზე გადასვლა, ჯგუფ-ჯგუფად სიარული, ბომბსაფრებში თავის შეფარება, სადაც, რა თქმა უნდა, სივრცე არ ნიავდება. მე არ მგონია, რომ ხალხი ბოლომდე აცნობიერებდეს, როგორი ნოყიერი ნიადაგია ომი დაავადებებისთვის".

ბოლო დღეებში გაზრდილი მსოფლიო კოვიდ-სტატისტიკის რამდენიმე მაგალითი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი მძიმე პაციენტების მნიშვნელოვან შემცირებაზე ალაპარაკდა, ბოლო დღეებში, COVID19-ის სტატისტიკის საერთაშორისო პორტალზე, worldometers-ზე დატანილი მონაცემები იგივე დიდი ბრიტანეთის შესახებ, სხვა რეალობას აჩვენებს.

ლონდონი

პირველი მარტიდან მოყოლებული, დიდ ბრიტანეთში ნელ-ნელა იმატებს როგორც ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი, ისე ყოველდღიურად გარდაცვლილთა მონაცემი. თუკი პირველ მარტს ქვეყანაში კოვიდით 15 პაციენტი გარდაიცვალა, 8 მარტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 212-ია. ინფიცირებულთა რიცხვი კი დღეში 61 ათასს სცდება. ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ დაფიქსირებულა. ქვეყანამ კოვიდის გავრცელების პიკი იანვარში გადაიარა.

ჰონგ-კონგი, 5 მარტი. კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებს სატრანსპორტო მაცივრებში ათავსებენ.

კოვიდით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლებზე იტყობინება ჰონგ-კონგი. სწრაფად გავრცელებადი კოვიდის ბოლო შტამი, „ომიკრონი“, ჯანდაცვის სისტემისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა საავადმყოფოების მორგების გადატვირთვა გამოიწვია, რის გამოც მედპერსონალი იძულებულია, რომ გარდაცვლილები სატრანსპორტო მაცივრებში (კონტეინერებში) მოათავსონ.

ბერლინი, ვაქცინაციის რიგი

ბოლო სამი თვის განმავლობაში, გარდაცვალების ყველაზე მაღალი რიცხვი, 583 შემთხვევა დაფიქსირდა 8 მარტს გერმანიაში. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იქ ყოველდღიური ინფიცირების რიცხვიც.

მადრიდი

გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა ესპანეთშიც და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 8 მარტს, გარდაცვალების ყველაზე მაღალი, 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რიცხვი წინა დღეებთან შედარებით რიგ შემთხვევაში გასამმაგებულია.

ნიუ იორკი

მიუხედავად ინფიცირების შემცირებული რიცხვებისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო ოთხ დღესთან შედარებით, 8 მარტს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოში მიმქრალი COVID19?

საქართველომ COVID19-ის პიკი რომ გადალახა, ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. თუმცა, ისიც დაამატა, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჯერ არ დასრულებულა და ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის რეკომენდაციების დაცვა კვლავ აუცილებელია:

ამირან გამყრელიძე

„პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოსცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს. მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას. ეს გახლავთ, პირველ რიგში, პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია“.

დღეს პანდემია საქართველოში აღარც მედიისა და აღარც საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ დგას. ამის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაა.

იმის გამო, რომ COVID19, როგორც მედია სივრციდან და სოციალური ქსელიდან, ისე ხელისუფლების დღის წესრიგიდანაც გაქრა, შეიქმნა მცდარი განცდა, რომ ქვეყანაში პანდემია დასრულდა.

თბილისი

მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, მართლაც შემცირებულია საქართველოში, მაგალითად, კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რიცხვი და 9 მარტის მონაცემებით, მათი რაოდენობა მხოლოდ 2149-ს შეადგენს, ვირუსის ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი მაინც მაღალია და ის 11-15%-ში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, კვლავ აქტიურად ცირკულირებს ვირუსი, თუმცა, გამოვლენის მთავარმა ბერკეტმა, ტესტირების რაოდენობამ იკლო და შესაბამისად, ინფიცირების რეალური რიცხვის დადგენაც აღარ არის შესაძლებელი. ბოლო 24 საათში, საქართველოში 7733 ჩატარებული ტესტიდან, კორონავირუსი დაუდასტურდა 865 პაციენტს.

მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისა, კვლავ მაღალია ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდით გარდაცვალების რიცხვი და ის მარტის თვეში 26-დან 43-მდე მერყეობს. მარტის თვეში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 26 შემთხვევა, 9 მარტს დაფიქსირდა.

შესაბამისად, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ COVID19-ის ბოლო შტამი „ომიკრონი“, რომელიც თითქმის ერთი თვეა სრულად დომინანტური გახდა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, მხოლოდ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და არ იწვევს ინფიცირებულთა გარდაცვალებას, მცდარი აღმოჩნდა. ამ მხრივ, ყველაზე მოწყვლადნი რისკ-ჯგუფში მყოფი და აუცრელი ადამიანები არიან. მათი რიცხვი კი, სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ მაღალია.

კოვიდ-ვაქცინაციის სტატისტიკის თანახმად, რომელსაც საერთაშორისო სტატისტიკის პორტალი ourworldindata პერიოდულად აქვეყნებს, 7 მარტის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 39,66%. ამასთანავე ძალიან დაბალია ე.წ. ბუსტერ, მესამე დოზით აცრილთა მაჩვენებელი. არადა, „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, ეპიდემიოლოგთა მოსაზრებით, ბუსტერ-დოზა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს როგორც ინფიცირების, ისე მძიმედ მიმდინარე ავადობისგან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 8 მარტს, საქართველოს მასშტაბით, კოვიდ-ვაქცინა მხოლოდ 190-მა ადამიანმა გაიკეთა.