რუსეთში ბანკებს აეკრძალათ მოქალაქეებისთვის ვალუტის მიყიდვა ნაღდ ფულად

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის შესახებ ახალი წესები შემოიღო სანქციების პირობებში, რომლებიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო. ბანკებს აეკრძალებათ მოქალაქეებისთვის ნაღდ ფულად უცხოური ვალუტის მიყიდვა, სავალუტო ანგარიშებიდან კი არ დაიშვება 10 ათას დოლარზე მეტის გატანა. ამაზე უფრო მეტის გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუბლებში, მოცემული დღის კურსის მიხედვით.

წესები, რომლებიც, რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, დროებითია, ნახევარ წელს იმოქმედებს - 9 მარტიდან 9 სექტემბრამდე.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლიენტების თანხები შენარჩუნებულ იქნება სავალუტო ანგარიშებზე, მაგრამ მათზე წვდომა შეიზღუდება 10 ათასი დოლარით. ასევე თუკი ანაბარი სხვა ვალუტაშია ნომინირებული, კლიენტს მაინც დოლარებში მისცემენ ფულს. „ბანკები დროებითი წესების მოქმედების პერიოდში მოქალაქეებს არ მიჰყიდიან ვალუტას ნაღდ ფულად“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ნაღდი ვალუტის რუბლებზე გადაცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოცულობით.

სამშაბათს აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, კერძოდ, აიკრძალა ნავთობის იმპორტი. ამავე დღეს რამდენიმე მსხვილმა კორპორაციამ გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში მუშაობას.